18 აპრილს თბილისი "ინგლისური სამართლის ფორუმს" უმასპინძლებს, რომელზეც, პანელური დისკუსიის ფორმატში, საერთაშორისო სამართლის გამორჩეული პროფესიონალები და გამოცდილი პრაქტიკოსები საკუთარ გამოცდილებაზე, განსაკუთრებით კი საერთაშორისო დავებისა და კომერციული გარიგებების შემთხვევაში ინგლისური სამართლის იმპლემენტაციის შესაძლებლობებზე, ისაუბრებენ.
ღონისძიებაზე განსახილველ საკითხებში საარბიტრაჟო დავები, სანქციების რეჟიმი, არბიტრალური ინსტიტუციები და სხვა მნიშვნელოვანი თემებია გაერთიანებული, რომლებზეც ევროპის წამყვანი ადვოკატები და მოსამართლეები ისაუბრებენ.
საკითხზე, რას უნდა ველოდოთ "ინგლისური სამართლის ფორუმისგან" და რა იქნება მთავარი აქცენტები, რომლის გარშემოც აღნიშნული ღონისძიება იტრიალებს, BMG ანტონი მეცერს, ინგლისისა და უელსის უმაღლესი სასამართლოს მოსამართლეს, ასევე მაღალი რანგის ადვოკატს "მეფის მრჩევლის ტიტულით" (KC) ადამიანის უფლებებსა და ზოგადი სამართლებრივი საკითხების გადაწყვეტის საკითხებში, ესაუბრა.
ენტონი, პირველ რიგში, ინგლისური სამართლის ფორუმზე ვისაუბროთ, რომელიც თბილისში ჩატარდება - რა იქნება ამ ღონისძიების მთავარი ფოკუსი?
ძალიან მიხარია, რომ ინგლისური სამართლის ფორუმის მონაწილე ვარ. ღონისძიების მიზანია, იურიდიული სფეროს წამყვანი პროფესიონალები ერთ სივრცეში გააერთიანოს, რომლებიც ინგლისური სამართლის პრაქტიკების კომპლექსურობასა და მის საერთაშორისო სამართალში იმპლემენტაციის საკითხებზე ისაუბრებენ. ვგეგმავთ, რომ სიღრმისეულად განვიხილოთ ინსაიდერული ცოდნა და ვაწარმოოთ დისკუსია საერთაშორისო სამართლის წარმომადგენლებს შორის, რომლებიც ამ დარგის მომავალს ქმნიან. ვიმედოვნებთ და ვგეგმავთ, რომ ფორუმი საინტერესო იქნება ნებისმიერი მონაწილისათვის.
საინტერესოა, რა დიზაინს მიყვება ფორუმი იმისათვის, რომ საერთაშორისო სამართლის სისტემაში არსებული მთავარი პრობლემები წინა ფონზე წამოიწიოს?
ინგლისური სამართლის ფორუმი ძალიან ფრთხილად ორკესტრირებული ღონისძიებაა, რათა საერთაშორისო სამართლის გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე ვისაუბროთ. ვფიქრობ, გამორჩეული სპიკერები გვყავს, რომლებიც თავიანთ ცოდნას არაერთი მიმართულებით გაგვიზიარებენ, იქნება ეს არბიტრაჟი, აქტივების მართვა, იურისდიქციული გამოწვევები თუ ტექნოლოგიური განვითარების როლი სასამართლო პრაქტიკაში. სესიების დახმარებით კი, ფუნდამენტურ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას ნებისმიერი დამსწრე გაიზიარებს.
თქვენ, როგორც მოსამართლე, როგორ ფიქრობთ, რამდენად დაეხმარება აღნიშნული ფორუმი კანონის უზენაესობისა და სასამართლო დამოუკიდებლობის შესახებ მიმდინარე დისკუსიებს?
მე გახლავართ როგორც ინგლისისა და უელსის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, ასევე მაღალი რანგის ადვოკატი ემიგრაციისა და თავშესაფრის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიმართულებით. შესაბამისად, ექსპერტული ცოდნა ამ მთავარი კითხვების გარშემო, ნამდვილად მაქვს და სამართლის ფორუმი კანონის უზენაესობისა და სასამართლო დამოუკიდებლობის საკითხებს აუცილებლად შეეხება. ფორუმი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ბრწყინვალე პროფესიონალებს აერთიანებს, რომლებიც აუცილებლად გაგვიზიარებენ საუკეთესო პრაქტიკებს სასამართლოს მთავარი ღირებულებების განსამტკიცებლად. ფორუმზე გამართული დისკუსიები კი აუცილებლად გამოკვეთს კანონის უზენაესობისა და სასამართლო დამოუკიდებლობის მნიშვნელობას. ორივე მათგანი ფუნდამენტური ღირებულებაა სასამართლო სისტემისთვის და ვიმედოვნებთ, რომ დამსწრე საზოგადოება ღირებულ ცოდნას მიიღებს იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გამჭვირვალე სასამართლო პროცესები.
ენტონი, თქვენი უნიკალური გამოცდილების გათვალისწინებით, როგორ ფიქრობთ, რა საკითხზე შესთავაზებთ ფორუმს თქვენს უნიკალურ ხედვასა და პერსპექტივას?
ვფიქრობ, ინგლისსა და უელსში ძალიან გაგვიმართლა, რადგან გვაქვს უფლება, მოსამართლედ ნახევარ განაკვეთზე დავსაქმდეთ, და საადვოკატო პრაქტიკაც გავაგრძელოთ, რასაც მეც ვაკეთებ. ვფიქრობ ეს უნიკალურ პერსპექტივას მაძლევს იმ საკითხების გარშემო, რომლებსაც ფორუმზე განვიხილავთ. როგორც ადვოკატს, კომპლექსურ სასამართლო საქმეებში ჩემი კლიენტების დაცვის მნიშვნელოვანი გამოცდილება დამიგროვდა, მათ შორის, ხშირად საერთაშორისო დავების მიმართულებითაც. ეს გამოცდილება კი საშუალებას მაძლევს, უკეთ აღვიქვა ის გამოწვევები და შესაძლებლობები, რომლებსაც საერთაშორისო საქმეებზე მომუშავე ადვოკატები აწყდებიან, განსაკუთრებით ტრანსსასაზღვრო დავისა და ტრანზაქციების მიმართულებით. ამავე დროს, როგორც მოსამართლეს, კანონის იმპლემენტაციისა და ინტერპრეტაციის პასუხისმგებლობა მეკისრება, რათა, ერთი მხრივ დავრწმუნდე, რომ სასამართლო გადაწყვეტილება ნამდვილად სამართლიანია და, მეორე მხრივ, კანონის უზენაესობას შევუწყო ხელი. შესაბამისად, ორივე პერსპექტივა - ადვოკატისა და მოსამართლის - მაძლევს საშუალებას, სასამართლო მხარეებს შორის არსებული ნაპრალები ამოვავსო და იმედი მაქვს, ორივე მხარეს გავუზიარებ რელევანტურ ცოდნას, აკადემიური სიზუსტით. მჯერა, რომ ფორუმზე ამ პერსპექტივის გაზიარება მხოლოდ გაამდიდრებს დისკუსიას და არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე განსხვავებულ ხედვას შესთავაზებს მონაწილე მხარეებს.