მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინიციატივა კარგია, თუმცა სტუდენტების სწავლის გაგრძელება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული - გიორგი ბარკალაია

ბარკალაია გიორგი

განათლების სამინისტრო კერძო უნივერსიტეტების უმრავლესობასთან 30 000-მდე სტუდენტისთვის სტატუსის აღდგენის პირობებზე შეთანხმდა.

როგორც გაირკვა, სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ პირობებზე ყველა კერძო უნივერსიტეტი თანახმაა გარდა ორისა, ესენი არიან თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები. განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა დღეს ბრიფინგზე თქვა, რომ სახელმწიფო კერძო უნივერსიტეტებს სტუდენტების დავალიანების  საბაზრო ღირებულების 20%-ს გადაუხდის. შესაბამისად, დარჩენილი მიუღებელი შემოსავლების 80%-ის დათმობა უნივერსიტეტებს თავად მოუწევთ.

დავალიანება ჩამოეწერება ყველა სტუდენტს, რომელსაც სტატუსი შეჩერებული აქვს 2023 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით. გადაწყვეტილება თანაბრად ვრცელდება, როგორც ბაკალავრიატის, ისე სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტებზე. მინისტრის განმარტებით, ყველა უნივერსიტეტს სტატუსშეჩერებული სტუდენტების აღდგენის რაოდენობის ფარგლებში  ზღვრული კვოტები გაიზრდება.

უნივერსიტეტები, რომლებმაც უკვე მოაწერეს ხელი შესაბამის მემორანდუმს, აცხადებენ, რომ მთავრობის შეთავაზება მათთვის მისაღები აღმოჩნდა იმდენად, რამდენადაც ეს იყო მიუღებელი თანხები, თუმცა უნივერსიტეტების ნაწილი არ გამორიცხავს სტატუსშეჩერებული სტუდენტების ნაწილს მთავრობის ამ გადაწყვეტილების გარეშეც დაეფარათ დავალიანება.

„ჩვენ ჩავერთეთ ამ პროგრამაში და მხარს ვუჭერთ სტუდენტები დაუბრუნდნენ სასწავლო გარემოს. ჩვენთან სტატუსშეჩერებული სტუდენტები ძალიან ცოტანი არიან რადგან, რადგან ჩვენ ძირითადად ორიენტირებული ვართ საერთაშორისო ბაზარზე და 4 500-მდე უცხოელი სტუდენტი გვყავს. სტატუსშეჩერებული სტუდენტების წილი იმდენად ცოტაა, რომ ჩვენთვის დიდ ზეგავლენას  ფინანსურად არ ახდენს.

პროექტს მივესალმებით, რადგან სტუდენტები უბრუნდებიან სასწავლო გარემოს. ინიციატივა არის კარგი, თუმცა შეძლებენ  თუ არა სტუდენტები სწავლის გაგრძელებას ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. მხოლოდ სწავლის გადასახადი არ არის....  შესაბამისად, არ მაქვს კითხვაზე პასუხი, ყველა სტუდენტი დაბრუნდება თუ არა ან რა პროცენტი დაბრუნდება ამის თქმა რთულია...“,-აცხადებს BM.GE-სთან ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის რექტორი, გიორგი ბარკალაია.

მისი თქმით, ის თანხა, რასაც სახელმწიფო უნივერსიტეტებს სტუდენტების დავალიანებაში უხდის, ფაქტობრივად დაკარგული შემოსავალი იყო.

„თუ 100%-ს გადაგვიხდიან უკეთესია, მაგრამ რეალურად ეს ნებისმიერი კომპანიისთვის დაკარგული შემოსავალია. 20% იქნება თუ 15%, ის თანხა მიუღებელი შემოსავალია. უნივერსიტეტებისთვის ეს კარგია. ის თანხა, რომელსაც არ ელოდნენ აღუდგებათ ნაწილობრივ უნივერსიტეტებს. ნაწილს სახელმწიფო გადაიხდის,  სტუდენტი კი გააგრძელებს სწავლას და გადაიხდის საფასურს, რაც დარჩენილი აქვს კურსის განმავლობაში“,-განმარტავს ბარკალაია, თუმცა არ გამორიცხავს, სტუდენტებს თავად გადაეხადათ დავალიანება და დაბრუნებოდნენ უნივერსიტეტებს.

„შეიძლება 5 წელი გავიდეს და სტუდენტი დაუბრუნდეს უნივერსიტეტს, გამორიცხული არაფერია. მაგრამ ყოველ წელს მცირდება იმის შანსი, რომ სტუდენტი დაბრუნდეს. შანსი რა თქმა უნდა იყო, ეს სტუდენტი დაბრუნებულიყვნენ, თუმცა სტუდენტის დაბრუნების შანსი, რომელიც სამ წელიწადზე მეტია წასული უნივერსიტეტიდან და არ იხდის სწავლის საფასურს, დაბალი იყო“,-აცხადებს ბარკალაია.

რატომ იყო მიუღებელი მთავრობის მხრიდან სტატუსშეჩერებული სტუდენტების დავალიანების დაფარვის შეთავაზება, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები მედიასთან განმარტებებს აღარ აკეთებენ. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი ყოველგვარი წინაპირობის გარეშე წლებია ეწევიან და გააგრძელებენ სტუდენტების განათლებისა და კვლევის მხარდაჭერას სხვადასხვა შიდა რესურსით.

კითხვაზე, თუ რა ბედი ელით ამ უნივერსიტეტების 1000-მდე სტატუსშეჩერებულ სტუდენტს, განათლების მინისტრმა თქვა, რომ მთავრობის გადაწყვეტილება მათ არ შეეხებათ, თუმცა თუ ისინი მობილობით სხვა უნივერსიტეტებში გადავლენ, არსებული დავალიანება მათაც ჩამოეწერებათ და სწავლის გაგრძელებას შეძლებენ.

რაც შეეხება პროცედურებს, ყველა სტატუსშეჩერებულ სტუდენტს, ვისაც სურვილი აქვს, მიმდინარე სასწავლო წლის სემესტრში აღიდგინოს სტატუსი უნდა მიმართოს უნივერსიტეტს, რომელიც თავისი შინაგანაწესის შესაბამისად უზრუნველყოფს მათთვის სტატუსის გააქტიურებას და სტუდენტის სასწავლო პროცესში ჩართვას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები