სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის პრორექტორი დიმიტრი გეგენავა პარლამენტის მიერ „უმაღლესი განათლების კანონში“ შეტანილ ცვლილებებს, რომელიც უმაღლესი განათლების სხვადასხვა დონეზე ელექტრონული სწავლების დანერგვას გულისხმობს, დადებითად აფასებს. „ანალიტიკაში“ სტუმრობისას მან განმარტა, რომ განათლების მიზანი ბარიერების შექმნა არ არის და სტუდენტზე ორიენტირებული სისტემა დღევანდელ რეალობაში მათთვის სწორედ ასეთი გადაწყვეტების შემუშავებით უნდა იყოს დაკავებული.
„საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები ძალიან სასარგებლო და კარგია. ამ ცვლილებებს საგანმანათლებლო სექტორი დიდი ხანია ელოდა, რადგან გვაქვს საინტერესო გამოცდილება პანდემიის პერიოდში სწავლებისგან, თუმცა ვერ ვიტყოდი რომ ეს დადებითი და კარგი იყო, რადგან ფაქტობრივად მექანიკურად საკლასო მეცადინეობები ელექტრონულ ფორმატში გადავიტანეთ. ამ შემთხვევაში როდესაც ელექტრონული სწავლება შეიძლება ნაწილობრივი იყოს ან მაგისტრატურის შემთხვევაში სრულად ელექტრონული, ეს იქნება მეთოდოლოგიურად დამუშავებული, მიზანმიმართული, ამასთან შრომის ბაზრის ანალიზზე უკეთ დაფუძნებული. არის რაღაც დისციპლინები და მიმართულებები, რომლებზეც თავისუფლად შეიძლება ისწავლო ელექტრონული ფორმით და ადამიანს ცხოვრება გაუმარტივო. ამ შემთხვევაში იგულისხმება ის მთავარი, ვისზეც განათლების სისტემა უნდა იდგეს - ეს არის სტუდენტი. რადგან აჩქარებულ დროში, ეკონომიკურ თუ სხვა სოციალურ გამოწვევებში, მათ ცხოვრება მაქსიმალურად უნდა გავუმარტივოთ. განათლების მიზანი არ არის ხელოვნური ბარიერების შექმნა. სტუდენტების დიდ ნაწილს უწევთ სწავლების პარალელურად მუშაობა, სტატუსის შეჩერება ან ძალიან მძიმე რეჟიმში სწავლა, ამის პარალელურად თუ კი ელექტრონული სწავლების ფორმა ამას გარკვეულწილად დააბალანსებს, სწავლის პროცესს უფრო გაძლებადს გახდის და ეს ძალიან კარგია“, - განაცხადა დიმიტრი გეგენავამ.
„ანალიტიკას“ წამყვანის კითხვას - ცნობილია თუ არა მათთვის კონკრეტულად რა იგულისხმება „ელექტრონული სწავლების ფორმატში“ უმაღლესი განათლების სექტორის წარმომადგენელი პასუხობს, რომ კანონმა ასახა მხოლოდ ძირითადი დებულებები და დეტალები კანონქვემდებარე აქტებში უნდა აისახოს, რომლის შემუშავებაც სხვადასხვა უწყებას დაევალა.
„კანონის დონეზე ელექტრონული სწავლების ფორმატი ვერ ამოიწურება. უმაღლესი განათლების შესახებ კანონმა და მისმა თანმხლებმა კანონებმა ელექტრონული სწავლება გაითვალისწინა, მათ შორის უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ტერმინოლოგიურადაც გაიწერა - რას გულისხმობს ელექტრონული სწავლება და დაადგინა საკანონმდებლო ჩარჩო, რომ შემდგომ კანონქვემდებარე აქტებში გაიწეროს ბევრი რამ. თუმცა ელექტრონული სწავლება გულისხმობს, რომ პროცესი სინქრონულ რეჟიმში უნდა წარიმართოს საკომუნიკაციო საშუალებებით, თუმცა სალექციო მასალა დამატებით ვიდეოების გამოყენება ახლაც ნებადართულია, მაგრამ ეს ელექტრონულ სწავლებაში არ მოიაზრება. ის, რომ კომუნიკაცია უნდა შედგეს და ის ლიცენზირებული საკომუნიკაციო საშუალებებით უნდა იყოს და რაც მთავარია სილაბუსებში უნდა გაიწეროს სათანადო სწავლების მეთოდი, შეფასების მეთოდი და ა.შ.“, - ამბობს დიმიტრი გეგენავა და აღნიშნავს, რომ სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი დიდი ხანია ამაზე ფიქრობს: „ჰუმანიტარულ და სოციალური მეცნიერებების მიმართულებით ძალიან ბევრი მოგვმართავდა, მაგალითად თეოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე ძალიან ბევრი მოგვმართავდა, რომლებიც დაინტერესებულები არიან. ეს საჭიროებს სკურპულოზურ მიდგომას და დეტალურ გაწერას. რადგან ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პროგრამებისთვის სწავლის შედეგებზე გასვლა და კომპეტენციის მიცემაა“.
რაც შეეხება ელექტრონული სწავლების ფორმატის შემუშავებაში საჯარო სექტორისა და დარგის წარმომადგენლების თანამშრომლობის შესახებ დასმულ კითხვას და იმას, რამდენად დამოუკიდებლები უნდა იყვნენ უნივერსიტეტები სასწავლო პროგრამაში ამ ფორმატის დანერგვისას, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის პრორექტორი თვლის, რომ უნივერსიტეტების დამოუკიდებლობა ძალიან მნიშვნელოვანია.
„ბევრი რამ გემოვნებასა და ხედვაზეა დამოკიდებული. ჩვენ მზად ვართ ამ პროცესში ჩასართავად და დარგის და უნივერსიტეტების ხმა ყოველთვის ისმის. განათლებაში რეგულირება ჩარჩო, ძირითადი პრინციპების დონეზე უნდა იყოს გაწერილი, დანარჩენი უნივერსიტეტზე უნდა იყოს დამოკიდებული - კურიკულუმის დიზაინი, მეთოდები, პლატფორმა როგორი იქნება, რადგან თუ ნორმატიულად მხოლოდ ერთი პლატფორმა დადგინდა, ეს უნივერსიტეტების თავისუფლებას ძალიან შეზღუდავს, რადგან შეიძლება უკეთესი არსებობდეს, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებები ყოველდღიურად ვითარდება. ამიტომ ვფიქრობ, რომ უნდა გაიწეროს მხოლოდ ჩარჩო პრინციპები, რომელიც ორიენტირებული იქნება ხარისხის და ერთიან სტანდარტზე, დანარჩენი უნივერსიტეტმა ავტონომიურად უნდა გადაწყვიტოს. ეს არ უნდა იყოს ხელოვნურად ზემოდან ქვევით, არამედ ყველა უნდა იყოს ამ პროცესში ჩართული“, - აცხადებს დიმიტრი გეგენავა.
პარლამენტმა უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა. კანონპროექტის მიხედვით, ბაკალავრიატში, მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში ნაწილობრივ გახდა დაშვებული ელექტრონული სწავლება. ასევე, შესაძლებელია მაგისტრატურაზე სწავლა განხორციელდეს სრულად ელექტრონულად, იმ შემთხვევაში, თუ პროგრამა ხელახლა გაივლის აკრედიტაციას. სწავლის სფეროების ჩამონათვალს, სადაც შესაძლებელი იქნება ელექტრონული სწავლების კომპონენტის ნაწილობრივ ან სრულად გამოყენება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი დაადგენს.
გარდა ამისა, შესაძლებელია არანაკლებ 60-კრედიტიანი სამაგისტრო პროგრამის (გარდა რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამებისა) შემუშავება, რომლის დასრულებაც სადოქტორო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების საფუძველი არ იქნება. არანაკლებ 60-კრედიტიანი სამაგისტრო პროგრამაზე მიღების წინაპირობა არ იქნება საერთო სამაგისტრო გამოცდა. არანაკლებ 60-კრედიტიანი სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარებისას სტუდენტისთვის მხოლოდ 1 წლით გადავადდება ჯარი.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაევალა ონლაინ უნივერსიტეტის კონცეფციის/მოდელის და სტანდარტის შემუშავება 2026 წლამდე.