განათლების და მეცნიერების სამინისტრო ბიზნესს პროფესიულ განათლებაში ინვესტირების მოწოდებით მიმართავს. განცხადება მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა დღეს გამართულ პრეზენტაციაზე გააკეთა. მინისტრის თქმით, პროფესიული განათლების განვითარების და ბიზნესის დაინტერესების მიმართულებით, დღეიდან, განათლების სამინისტროს კარი ბიზნესისთვის ღიაა და ნებისმიერ მსურველს მიიღებენ.
ჯერჯერობით უცნობია რა მოდელით ითანამშრომლებს სახელმწიფო ბიზნესთან იმისთვის, რომ ქვეყანაში პროფესიული სასწავლებლების განვითარება მოხდეს და არსებული საკადრო დეფიციტი აღმოიფხვრას.
საკონსულტაციო და რეკრუტინგული კომპანია Insource-ის მმართველი პარტნიორი მედეა ტაბატაძე ამბობს, რომ თანამშრომლობის დეტალებზე მას ჯერ კონკრეტული ინფორმაცია არ აქვს, თუმცა როგორც ის ამბობს, ამ კუთხით შესაბამისი ნაბიჯები სახელმწიფოს ჯერ კიდევ შარშან უნდა გადაედგა, როდესაც კადრების დეფიციტის პრობლემა გამწვავდა. მისი თქმით, კერძო და საჯარო სექტორს შორის თანამშრომლობა უნდა იყოს შედეგზე ორიენტირებული და სამუშაოს მაძიებელს გარდა სწავლისა წინასწარ უნდა აძლევდეს ინფორმაციას იმის შესახებ თუ სად და რა პირობით დასაქმდება.
ტაბატაძის თქმით, თუ ხელშესახები შედეგი სწავლას არ მოჰყვება, გადამზადებული კადრები უკეთესი სამუშაო პირობების ძებნას ისევ სხვა ქვეყანაში დაიწყებენ.
“შარშან რომ დაწყებულიყო მსგავსი თანამშრომლობა ან თუნდაც დაწყებულიყო ამ პროექტის იდეაზე მუშაობა და დასრულებულიყო გასულ წელსვე უკეთესი იქნებოდა. ჩემი პესიმისტური დამოკიდებულებაა რომ დაგვიანებულია, იმიტომ რომ ამას მომზადება დასჭირდება.
რაც შეეხება თანამშრომლობას სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის, კარგია როდესაც ასეთი თანამშრომლობა იქნება უფრო მეტად კონკრეტულ შედეგებზე მიმართული. ალბათ გაკეთდა კიდევაც მოკვლევა თუ რა არის თუნდაც პროფესიები, რაზეც არის მწვავე დეფიციტი და რა თქმა უნდა, რა უნდა იყოს ამ პროგრამაში მონაწილე ადამიანების ინტერესი, მოტივაცია და შედეგი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.
თუ ჩვენ თანამშრომლობას დავიწყებთ ბიზნესთან მაშინ უნდა გვქონდეს გარკვეული მეთოდები რომ ამ ხალხს სურვილი გაუჩნდეს ისწავლოს. მე რომ სწავლის სურვილი გამიჩნდეს, უნდა ვიცოდე ვინ არის ის ვინც მასწავლის და ამ სწავლის შემდეგ რა იქნება ჩემი საქმე, ანაზღაურება და სამუშაო პირობები.
ამ პრობლემაზე თუ დაიწყო სახელმწიფომ და ბიზნესმა მუშაობა საკმაოდ კრიტიკულია რომ არ იქცეს იუნტერესო პროექტად. მე თუ ვისწავლი რაღაცას და არაფერი იქნება ამ სასწავლო პროგრამის შედეგი და ვისაუბრებ, რომ არც თუ ისე საინტერესო სამუშაო მაქვს, ამ ნასწავლი უნარებით დავპორტირდები სხვა ქვეყანაში სამუშაოდ. ეს გამოწვევა ნამდვილად იქნება. ნამდვილად იქნება გამოწვევა ადამიანებს ასწავლონ და სწრაფად დაასაქმონ,”- ამბობს საკონსულტაციო და რეკრუტინგული კომპანია Insource-ის მმართველი პარტნიორი მედეა ტაბატაძე.