პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ "რუსული კანონის" ინიციირებამდე შეისწავლეს სტრასბურგის პრაქტიკა და კანონი მასთან სრულ შესაბამისობაშია. ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძეს ჰკითხეს, იმ შემთხვევაში თუ არასამთავრობო ორგანიზაციები კანონს ევროსასამართლოში გაასაჩივრებენ, ხოლო ევროპული სასამართლო კანონის შეჩერების გადაწყვეტილებას მიიღებს, გაიზიარებენ თუ არა ამ გადაწყვეტილებას. ვინაიდან, ევროსასამართლოს ასეთი გადაწყვეტილება ჰქონდა რუსეთსა და უნგრეთში ანალოგიურ კანონებზე.
საპასუხოდ, პრემიერმა აღნიშნა, რომ არ ჰგონია მსგავსი გადაწყვეტილების მიღება მოხდეს. კობახიძემ თქვა, რომ კანინის შეჩერება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა საკითხის სამართლებრივად განხილვამდე და იმედი გამოთქვა, რომ "სტრასბურგის სასამართლო პოლიტიკური გავლენის ქვეშ არ მოექცევა".
„რაც შეეხება რუსულ კანონს, უნგრეთის კანონს, იქ გადაწყვეტილების მიზეზი იყო აბსოლუტურად სხვა და ჩვენ ამ პრაქტიკის გათვალისწინებით დავაინიცირეთ ჩვენი კანონპროექტი იმ ფორმით, როგორი ფორმითაც დავაინიცირეთ. რაც შეეხება შეჩერებას, ეს არის თვისებრივად პოლიტიკური გადაწყვეტილება, ვიდრე მოხდება სამართლებრივად საკითხის განხილვა. თქვენ გახსოვთ ზეწოლის საფუძველზე თავის დროზე „რუსთავი 2“-თან მიმართებით პოლიტიკური გავლენის ქვეშ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლომ, თუმცა შემდეგ, სიღრმისეული განხილვის საფუძველზე, სტრასბურგმა თავადვე დაადგინა, რომ სინამდვილეში საერთოდ არ არსებობდა ამ გადაწყვეტილების შეჩერების საფუძველი. კერძოდ, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ქართული სასამართლოს გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად სამართლიანი. ასევე შეგახსენებთ, რომ თავის დროზე ეს გარემოება ნიკა გვარამიამ გამოიყენა იმისთვის, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ 7 მილიონით გაეძარცვა. იმედია, ასეთი პოლიტიკური გავლენის ქვეშ არ მოექცევა სტრასბურგის სასამართლო და შესაბამისად, ყველაფერი წარიმართება ისე, როგორც არის ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.