სასტუმროების მმართველი კომპანია Inn Group-ი უძრავი ქონების ბიზნესში შედის. ჯგუფში შემავალმა კომპანია Inn Development-მა პირველი ენერგოეფექტური საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დიდ დიღომში უკვე დაიწყო. პროექტის დეტალებზე კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ერეკლე კოკაიამ BM.GE-სთან ისაუბრა.
„მშენებლობის სფეროში ჩვენი ძალები აქამდეც გამოვცადეთ, როდესაც „ინნ ჯგუფმა“ ვაშლიჯვარში ორი საცხოვრებელი კორპუსი ააშენა და მასზე მოთხოვნა საკმაოდ დიდი იყო. ამასთან ერთად, სასტუმროების მშენებლობაში ჩვენი გამოცდილების გათვალისწინებით, მომხმარებელი გვენდობა და იცის, რომ ხარისხიანად ვაშენებთ, რასაც ბაკურიანი ინნ-ის აპარტამენტებზე მაღალი მოთხოვნაც მოწმობს. ყველაფერმა ამან ჩვენი ბიზნესის გაფართოებისა და უძრავი ქონების ბიზნესში შესვლისკენ გვიბიძგა“, - ამბობს ერეკლე კოკაია.
14 000 კვადრატულ მეტრზე გაშლილი „დიდი დიღომი ინნ“-ის პროექტის საინვესტიციო ღირებულება 60 მლნ ლარია და ის საცხოვრებელ ბინებთან ერთად კომერციულ ფართებსაც მოიცავს.
„პროექტი ორ საცხოვრებელ ბლოკს და კომერციულ შენობა-ნაგებობებს აერთიანებს. გასაყიდი ფართი ჯამურად 45 000 კვ.მ.-ია, აქედან 3 000 კვ.მ. კომერციულია, სადაც მაღაზიები, სალონი, აფთიაქი და ოფისები განთავსდება. ბინის ფართები 47 კვ.მ. დაიწყება. ასევე 200 კვ.მ-ზე გამწვანებული რეკრეაციული სივრცე ფეხბურთის და კალათბურთის სტადიონებით მოეწყობა. პროექტით მიწისქვეშა ორსართულიანი პარკინგის მოწყობაცაა გათვალისწინებული. კომპლექსი 500 ბინას მოიცავს.
პროექტ „დიდი დიღომი ინნ“-ის ჯამური ინვესტიცია 60 მლნ ლარია და ის 100%-ით „საქართველოს ბანკის“ მიერ იქნება დაფინანსებული.
მაქსიმალურად ვეცდებით ხარისხიანი, კომფორტული და რაც მთავარია, ბიუჯეტური საცხოვრებელი კომპლექსი შევქმნათ, რათა საქართველოს მოქალაქეების საშუალო ფენას ბინის შეძენის შესაძლებლობა მივცეთ. პროექტის მშენებლობა უკვე დაწყებულია და მისი დასრულება 2 წელიწადში იგეგმება“, - უთხრა BM.GE-ს „ინნ ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა.