ინოვაციების რეესტრში რეგისტრაციის წესის და ინოვაციების რეესტრის წარმოების ინსტრუქცია დამტკიცდა. ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თავმჯდომარის შესაბამისი ბრძანება 24 სექტემბერს გამოიცა.
„ინოვაციების შესახებ“ კანონის საფუძველზე ინოვაციების რეესტრის წარმოებასა და მის განთავსებას GITA უზრუნველყოფს.
სააგენტო, სუბიექტისთვის ინოვაციური სტარტაპის სტატუსის, ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის და კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მინიჭების თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულების მიღებიდან 1 სამუშაო დღის ვადაში არეგისტრირებს სუბიექტს ინოვაციების რეესტრში.
ბრძანებას ერთვის დეტალური ინფორმაცია, თუ რა დოკუმენტაცია და მონაცემებია საჭირო რეგისტრაციისთვის. მაგალითისთვის, ინოვაციების რეესტრში რეგისტრირდება ინოვაციური სტარტაპის შესახებ შემდეგი მონაცემები: კომპანიის დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი; საქმიანობის სფერო/ინდუსტრია; საქმიანობის ტერიტორიული არეალი; საქმიანობის ზოგადი აღწერა; სტარტაპის პროდუქტის/მომსახურების/სერვისის ინოვაციურობა; პრობლემა, რომლის მოგვარებასაც ემსახურება ინოვაციური სტარტაპის პროდუქტი/მომსახურება/პროცესი; ინოვაციური სტარტაპის პროდუქტის/მომსახურების/პროცესის აღწერა და მომხმარებლების ანალიზი; ინოვაციური სტარტაპის პროდუქტის/მომსახურების/პროცესის სამიზნე ბაზარი; ინოვაციური სტარტაპის ბიზნესმოდელი; სტარტაპის განვითარების ეტაპი; მის მიერ მოპოვებული ინვესტიციის დიაპაზონი დაფინანსების წყაროების მიხედვით; სტარტაპის მიერ მიღებული შემოსავლების დიაპაზონი; ინოვაციურ სტარტაპში დასაქმებულ პირთა რაოდენობის დიაპაზონი და განაწილება სქესისა და ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით; სტატუსის მინიჭების და ამოქმედების თარიღი, ასევე მოქმედების ვადა და ა.შ.
ცნობისთვის, 24 სექტემბრიდან ამოქმედდა ცვლილება საქართველოს საგადასახადო კოდექსში, რომლითაც განისაზღვრა „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონით გათვალისწინებული ინოვაციური სტარტაპის, ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის, კვლევებისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მქონე პირების საგადასახადო შეღავათების სამართლებრივი საფუძველი.




























