თიბისიმ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ბიზნესების გაციფრულების ხელშეწყობისკენ და ბაზარზე სრულიად ახალი ტიპის პოს ტერმინალი დანერგა. პროდუქტი, რომელიც აერთიანებს როგორც ნაღდი, ისე უნაღდო გადახდების ფუნქციას, მეწარმეებს სთავაზობს სალარო პროგრამასთან სრულად ინტეგრირებულ სალარო ტერმინალს.
რას წარმოადგენს ახალი ტერმინალი?
თიბისის ახალი ინტეგრირებული სალარო ტერმინალი პირველია საქართველოში, რომელიც ერთდროულად იღებს ნაღდ და უნაღდო გადახდებს და პირდაპირ უკავშირდება მერჩანტის სალარო პროგრამას. თუ აქამდე ნაღდი გადახდები შესაძლებელი იყო მხოლოდ ცალკემდგომ ტერმინალებზე, ახლა ბიზნესებს საშუალება აქვთ, ნაღდი გადახდებიც მიიღონ იმავე ინტეგრირებულ ტერმინალზე, რომელსაც უნაღდო ტრანზაქციებისთვის იყენებდნენ.
მიზანი – მეწარმეების ცხოვრების გამარტივება
ინოვაციის მთავარი მოტივაცია მომხმარებელთა მზარდი მოთხოვნა იყო. ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად სულ უფრო მეტი ბიზნესი იყენებს სალარო პროგრამებს, რამაც ინტეგრირებული და მრავალფუნქციური გადახდის სისტემების საჭიროება წარმოშვა. ახალი ტერმინალი სწორედ ამ საჭიროებას პასუხობს.
ფისკალური სტანდარტები სრულად დაცულია
მოწყობილობა სრულად შეესაბამება საქართველოს შემოსავლების სამსახურის ფისკალურ რეგულაციებს – ნაღდი გადახდების მონაცემები ავტომატურად აისახება შემოსავლების სისტემაში. შესაბამისად, მეწარმეებისთვის ტერმინალი სრულფასოვნად ანაცვლებს სალარო აპარატს.
ტექნოლოგიური პარტნიორობა და მარტივად გამოსაყენებელი სისტემა
ინოვაციური გადაწყვეტა თიბისიმ პარტნიორ კომპანიასთან – „ტრანზაქციული სისტემები Transaction Systems”-თან ერთად განახორციელა. ტერმინალის ინსტალაცია და ყოველდღიური გამოყენება მაქსიმალურად გამარტივებულია – ბიზნესები იღებენ მზა პროდუქტს, რაც ყოველდღიური ოპერაციების მართვას კიდევ უფრო ეფექტურს ხდის.
პირველი შედეგები და უკუკავშირი
ახალი ტიპის ტერმინალი უკვე 200-მდე ბიზნესმა დანერგა და მათი მხრიდან უკუკავშირი ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურია. როგორც თავად მომხმარებლები ამბობენ, გადაწყვეტილებამ გაამარტივა მათი ყოველდღიური საქმიანობა და შეამცირა ხარჯები – აღარ არის საჭირო ურთიერთობა სალარო აპარატების ცალკე მომწოდებელთან და შესაბამისი დამატებითი გადასახადების გადახდა.
მომავალი ხედვა და გაფართოების სტრატეგია
ინტეგრირებული სალარო ტერმინალის გამოყენება განსაკუთრებით მიმზიდველია იმ კომპანიებისთვის, რომლებიც უკვე სარგებლობენ სალარო პროგრამებით. შესაბამისად, თიბისის სამიზნე სეგმენტს წარმოადგენენ როგორც მსხვილი, ასევე საშუალო და მცირე მეწარმეები, ვინც დაინტერესებულია ციფრულ ტექნოლოგიებზე გადასვლით და დუბლირებული სალარო აპარატის სისტემის ერთიანი საგადახდო ტერმინალით ჩანაცვლებით. თიბისი პროდუქტის ფართო მასშტაბით გავრცელებას და მეწარმეებისთვის მის აქტიურად შეთავაზებას გეგმავს.
თიბისის ეს ინიციატივა არა მხოლოდ ტექნოლოგიური პროგრესის ნაწილია, არამედ რეალური და პრაქტიკული მხარდაჭერაა ქართული ბიზნესისთვის - ხელშეწყობა მოქნილად, მარტივად და თანამედროვე სტანდარტებით ოპერირებისთვის.




























