ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი, Meta სოციალურ ქსელ Instagram-ზე ფასიანი პრემიუმ ფუნქციების დატესტვას იწყებს.
როგორც ირკვევა, აპლიკაციის ძირითადი ფუნქციები უფასო დარჩება, თუმცა მომხმარებლებს, რომლებიც გამოწერას აირჩევენ, წვდომა ექნებათ ისეთ ექსკლუზიურ შესაძლებლობებზე, როგორიცაა ე.წ. სთორების დათვალიერება ანონიმურ რეჟიმში და იმის ნახვა, თუ ვინ ნახა მათი პოსტი მრავალჯერ.
ახალი ფუნქციების პაკეტი მოიცავს კვირაში ერთი “სთორის” სხვა მომხმარებლების კედლებზე განსაკუთრებით გამოკვეთას, რათა პრემიუმ სერვისის მქონე ადამიანის პოსტი უფრო მეტმა ანგარიშმა ნახოს. ამასთან პაკეტის მფლობელების “სთორები” გვერდზე 48 საათით შენარჩუნდება და მოიხსნება “ახლო მეგობრების" დამატების რაოდენობრივი შეზღუდვა. TechCrunch-ის ინფორმაციით, ტესტირება ამჟამად რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის მექსიკაში, იაპონიასა და ფილიპინებში მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, Instagram Premium-ის ღირებულება $1-დან $2 დოლარამდე იქნება, თუმცა კომპანიას საბოლოო ფასი ჯერ არ დაუდასტურებია. მიმომხილველების შეფასებით, ახალი ფუნქციები უფრო მეტად პროფესიონალი კონტენტ-მეიკერებისთვის იქნება განკუთვნილი, ვიდრე რიგითი მომხმარებლებისთვის.




























