მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ინტენსიურად მივიწევთ TOP 10-სკენ" - რა პოზიცია აქვს „თიბისის“ უზბეკეთის ბაზარზე?

TBC Uzbekistan

TBC უზბეკეთის სასესხო პორტფელი ამ დროისთვის მილიარდ დოლარამდეა ასული და მისი დიდი წილი სამომხმარებლო დაკრედიტებაზე მოდის - ამის შესახებ BMG-სთან ინტერვიუში “თიბისი უზბეკეთის” გენერალური დირექტორი ნიკა ქურდიანი აცხადებს.

ნიკა ქურდიანი ამბობს, რომ ციფრული ბანკი უკვე მომავალი წლისთვის უზბეკეთის ბაზარზე სხვადასხვა პარამეტრის მიხედვით, 33 კომერციულ ბანკს შორის ტოპ 10-ში დაიკავებს ადგილს.

„TBC უზბეკეთის სასესხო პორტფელი მიახლოებით უკვე მისული არის მილიარდ დოლარზე. წამყვანი პროდუქტები, ეს არის სამომხმარებლო დაკრედიტების სხვადასხვა პროდუქტი. იქნება ეს საკრედიტო ბარათი, განვადება, სამომხმარებლო სესხი და ა.შ. ამ ბიზნესში, სამომხმარებლო დაკრედიტებაში, დაახლოებით [ბაზრის] 15-დან 17%-მდე გვაქვს, რაც ჩვენ გვხდის ლიდერს ამ ბიზნესში. რაც შეეხება სადეპოზიტო პორტფელს, მიახლოებით ნახევარი მილიარდი დოლარის ოდენობის არის, რამაც ასევე ძალიან დიდ მოთამაშედ გაგვხადა.

სულ ქვეყანაში 33 საბანკო ინსტიტუტია და იქიდან უკვე ზოგიერთ პოზიციაში მე-10 ადგილზე ვართ, ზოგიერთში - მე-15-ზე და ზოგიერთში 15-სა და 10-ს შორის. ძალიან ინტენსიურად მივიწევთ ტოპ 10-ისკენ და ჩემი აზრით, მომავალ წელს ძალიან ბევრ მიმართულებაში უკვე ტოპ-10 ბანკში შევალთ. თიბისი უზბეკეთში მოღვაწეობს სრულად ციფრულად, ანუ არც ერთი ფილიალი არ გვაქვს, ე.წ. ოფლაინ წერტილი პროდუქტების დისტრიბუციის არ გვაქვს. ყველაფერი ხდება მობილური აპლიკაციების საშუალებით და როცა მობილური აპების საშუალებით ისეთ ბაზარზე, როგორიც არის უზბეკეთი, აღწევ ასეთ დიდ რიცხვებს, ეს ძალიან დიდი მიღწევაა და გუნდმა სასწაული ჩაატარა, შემიძლია ვთქვა“, - განაცხადა ნიკა ქურდიანმა.

ცნობისთვის, „თიბისი“ უზბეკეთის ბაზარზე 5 წელია ოპერირებს. TBC უზბეკეთის მომხმარებელთა რაოდენობა ამ დროისთვის 22 მილიონს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები