მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ინტერ მაიამი” 2026 წლიდან მატჩებს ახალ სტადიონზე გამართავს

ინტერ მაიამი 2026 წლიდან ახალ სტადიონზე ითამაშებს

ლიონელ მესის ამერიკაში გადაბარგების შემდეგ “ინტერ მაიამის” მიმართ ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე კლუბის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა გუნდისთვის ახალი სტადიონის აშენება, სადაც ფლორიდელები 2026 წელს უნდა გადავიდნენ.

მაიამი ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის იმდენად მიმზიდველი მდებარეობა გახდა, რომ საერთაშორისო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ საკუთარი ოფისები გახსნა და განიხილება მთავარი შტაბ ბინის ციურიხიდან სწორედ აღნიშნულ ქალაქში გადატანაც.

ახალი სტადიონი Miami Freedom Park 53 ჰექტარ მიწაზე იქნება გაშენებული და 25 ათას მაყურებელს დაიტევს. ამას გარდა 24 ჰექტარ მიწაზე გაშენდება ასაკობრივი გუნდების მოედნები, სარეკრეაციო პარკი, რესტორნები და გასართობი თუ სავაჭრო სივრცეები, სასტუმროები, მაღაზიები, საოფისე სივრცეები და ა.შ.

“წლების განმავლობაში ოცნების შემდეგ ამაღელვებელია გაცნობოთ, რომ “ინტერ მაიამი” 2026 წელს ახალ სახლში გადავა, რომელსაც Miami Freedom Park დაერქმევა. ახალი სტადიონი არის წლების განმავლობაში არსებული მძიმე შრომის კულმინაცია და მემკვიდრეობა, რომელიც სამხრეთ ფლორიდისა და მაიამის მცხოვრებლებს სამუდამოდ დარჩებათ” - განაცხადა “ინტერ მაიამის” ერთ-ერთმა მფლობელმა დევიდ ბექჰემმა.

მშენებლობა უკვე დაწყებულია და პირველი ფაზის ფარგლებში ნაწილობრივ აშენდება მთავარი სტადიონი, სარეკრეაციო პარკი, ახალი გზა და საპარკინგე სივრცე.

სავარაუდოა, რომ ახალი მოედანი მზად არ იქნება ფიფას საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რის გამოც მისი გახსნა 2026 წლის მუნდიალისთვის იგეგმება, რომელსაც აშშ, კანადა და მექსიკა უმასპინძლებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები