მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინტერვიუ EBRD-ის მთავარ რეგიონულ ეკონომისტთან დიმიტარ ბოგოვთან

5fbccc54acab5
BM.GE
24.11.20 21:22
953
სახელმწიფოს როლის ზრდის ტენდენცია COVID-19-ის პანდემიის კრიზისის ერთ-ერთი მთავარი თანმდევი მოვლენა იყო, რომელსაც მსოფლიოში პანდემიის დაწყების შემდეგ მკვეთრად გამოხატული ნიშნები ჰქონდა. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით, EBRD-მა გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის ავტორიც აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში ბანკის მთავარი ეკონომისტი დიმიტარ ბოგოვია. მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ელენე კვანჭილაშვილმა ჩაწერა. ბოგოვი მაკედონიის ცენტრალური ბანკის ყოფილი პრეზიდენტია და ის EBRD-ს 2018 წლიდან შეუერთდა. 

ანგარიში კრიზისულ პერიოდში სახელმწიფოს როლს ეხება. დიმიტარ ბოგოვი ამბობს, რომ პანდემიის პირობებში გაჩნდა საზოგადოების მოთხოვნა, სახელმწიფომ გააფართოვოს სოციალური ბუფერების მოცულობა. თუმცა, ეს პროცესი თავისმხრივ გაზრდილ ხარჯებს მოითხოვს, მათი დაფინანსების ძირითადი წყარო კი ახალი ვალებია. შესაბამისად, ბოგოვი ხაზს უსვამს, რომ მნიშვნელოვანია მთავრობები კრიზისის ამოწურვის შემდგომ პრუდენტულ ფისკალურ პოლიტიკას დაუბრუნდნენ. თავისმხრივ, სახელმწიფოს როლზე საუბრისას დიმიტარ ბოგოვი ყურადღებას ამახვილებს რედისტრიბუციის პროცესზე და აცხადებს, რომ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რათა კრიზისის შემდგომი აღდგენის პროცესი მთლიანად საზოგადოებისთვის იყოს კეთილდღეობის მომტანი და არამხოლოდ მისი კონკრეტული ჯგუფებისთვის. 

ინტერვიუ EBRD-ის მთავარ რეგიონულ ეკონომისტთან

EBRD-ის ძალიან საინტერესო ანგარიშს გავეცანი - state strikes back - რატომ სათაურის ასეთი არჩევანი - რატომ გვიტევს სახელმწიფო? 

დიახ. მართლაც საინტერესო სათაურია. საქმე ის არის, რომ კოვიდ-19-ის პანდემიამდეც სახელმწიფოს როლი ეკონომიკაში სულ იზრდებოდა. ისტორიასაც რომ გადავხედოთ, საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ნაციონალიზაციის უფრო მეტ მაგალითს შევხდებით, ვიდრე პრივატიზაციის. ამ ტენდენციის პარალელურად, გლობალურ ეკონომიკაში სხვა მნიშვნელოვანი პროცესებიც მიმდინარეობდა. 2008 წლის გლობალური ეკონომიკური კრიზისიც კარგად გვახსოვს. მაშინდელმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ღარიბები კიდევ უფრო მეტად გაღარიბდნენ, ხოლო მას შემდეგ, რაც ეკონომიკამ აღდგენა დაიწყო, მათ ამ გაჯანსაღებით განსაკუთრებულად ვერ ისარგებლეს. ეს წნეხია უთანასწორობაზე. ამდენად ეს სათაური კარგად გამოხატავს იმ ტენდენციას, რომ სახელმწიფოს როლის ზრდის მიმართ მეტი მიმღებლობა ჩნდება და მეტიც, დღეს მოლოდინებიც კი არსებობს იმის მიმართ, რომ სახელმწიფოს როლი უნდა გაიზარდოს. 

მაგრამ ჩვენ იმასაც ვხედავთ, რომ უთანასწორობა მაინც არსებობს მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს ჩარევა თავისუფალ ბაზარზე იზრდება - მაშინ რატომ უნდა გაიზარდოს ეს როლი კიდევ უფრო მეტად - იქნებ თავისუფალი ბაზარი უკეთ ართმევს თავს ამ ამოცანას - ეს საიდან ვიცით? 

იმას ვიტყვი, რომ დიახ, მეც საბაზრო ეკონომიკის მომხრე ვარ. თუმცა, არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რაც ამ ტენდენციას იწვევს - სახელმწიფოს როლი და ზომა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა - როცა სახელმწიფომ დაიწყო უნივერსალური განათლების და ჯანდაცვის მიწოდება და ასევე სოციალური უსაფრთხოების შექმნა პენსიების, უმუშევრობის შემწეობის გაცემით და ა.შ. ბევრ შემთხვევაში სწორედ სახელმწიფო გვაწვდის სერვისს ენერგეტიკის, კომუნალური მომსახურების, ტრანსპორტის სექტორებში. ამ სერვისებს როგორც წესი სახელმწიფო საწარმოები გვაწვდიან. 

პანდემიის პირობებში გაჩნდა ამ სოციალური უსაფრთხოების ბალიშის გაფართოების ტენდენცია - ძირითადად სუბსიდიების და საგადასახადო შეღავათების თუ არდადეგების სახით. რა თქმა უნდა, ქვეყნებს, რომელთაც უფრო დიდი ფისკალური სივრცე აქვთ და უფრო ადვილად მიუწვდებათ ხელი ფინანსურ ბაზრებზე - ეს ქვეყნები უფრო გულუხვები არიან ამ შეღავათების გაცემისას. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს მხოლოდ დროებითი ზომები იყოს და კრიზისის გადავლის შემდეგ ქვეყნები ისევ პრუდენტულ ფისკალურ პოლიტიკას დაუბრუნდნენ, რადგან ვალის ნიშნულები და ფისკალური სივრცეც უკვე ზღვრებს გადადის. 

მაგრამ რამდენად ადვილი იქნება ეს შესასრულებლად? ორივეს გვესმის, რომ ეკონომიკურთან თუ სოციალურთან ერთად, ეს პოლიტიკური საკითხიც არის. რამდენად შეძლებენ მთავრობები ამომრჩეველს შეღავათები მოუხსნან? 

არ იქნება ადვილი. ამის ბევრი მიზეზი არსებობს. თუმცა აქ ეკონომიკის ციკლებიც უნდა გავითვალისწინოთ. მაგალითად, იგივე მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ ნაციონალიზაციის დიდი ტალღა წამოვიდა - ამ პერიოდში სახელმწიფო ისეთი საწარმოების მფლობელიც გახდა, სადაც კონკურენცია არსებობდა - მაგალითად, ავტომანქანების ინდუსტრია. მაგრამ შემდეგ - 70-იან, 80-იან, 90-იან წლებში ახალი ციკლი დაიწყო - დენაციონალიზაციის და პრივატიზაციის. დღეს ისევ იმ ტენდენციის მომსწრე ვართ, რომ სახელმწიფოს როლი და ზომა ეკონომიკაში ისევ მზარდია. 

რას გვასწავლის ისტორია - როგორი მენეჯერია სახელმწიფო - იგივე საქართველოს შემთხვევაში, სახელმწიფო საწარმოების უდიდესი ნაწილი არა ეკონომიკური დოვლათის შემქმნელი, არამედ პირიქით - ტვირთის შემქმნელია.. 

სახელმწიფო კარგი მენეჯერი არ არის. მაგრამ ისიც ვიცით, რომ სახელმწიფო დომინანტი მოთამაშეა ისეთ სექტორებში როგორებიცაა: ენერგეტიკა, რკინიგზა, პორტები… პანდემიის დროს ამ საწაროებმა ავტომატური სტაბილიზატორის როლი შეასრულეს იმით, რომ დასაქმებულები შეინარჩუნეს. ამდენად, ეს რისკი არსებობს - რომ სახელმწიფო მოინდომებს გაზრდილი როლის და ზომის შენარჩუნებას, რაც მან პანდემიის დროს მიიღო - და მეორე მხრივ, მოსახლეობაც, კერძო სექტორი მზად იქნება მიიღოს ეს მოცემულობა, რადგან სახელმწიფოს თვლის ამ მომენტში სიტუაციის მთავარ სტაბილიზატორად. ეს კი მნიშვნელოვნად შეაფერხებს ინოვაციური განვითარების პროცესს - არადა ეს პროცესი უნდა იყოს განვითარების მთავარი მამოძრავებელი. სრულად გეთანხმებით, რომ სახელმწიფო საწარმოებს ხშირად რესურსების არაეფექტიანი განაწილება ახასიათებთ, რაც საბოლოო ჯამში ეკონომიკური ზრდის ტემპს ანელებს.

საქართველოს მაგალითზე რომ ვთქვათ, იმისთვის, რომ ეკონომიკა გაიზარდოს ცხადია უნდა აღდგეს ტურიზმი, რადგან მასზე ეკონომიკა დიდწილადაა დამოკიდებული და კიდევ - რაც შეიძლება მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია უნდა მოვიზიდოთ - ხომ არ თვლით, რომ სახელმწიფოს როლის ზრდა ამ მიმართულებით - შერჩევითად ბიზნესების თუ სექტორების წახალისებით - შეიძლება აღქმული იყოს როგორც სახელმწიფოს კონკურენცია კერძო სექტორთან და რამდენად მოინდომებს მაშინ ინვესტორი ასეთ უთანასწორო კონკურენციაში შესვლას? 

იმედი მაქვს, რომ სახელმწიფო არ მოინდომებს ისეთ სექტორებში შესვლას როგორიც მაგალითად ტურიზმია ან რომელიმე სხვა მსგავსი სექტორი, რომლებიც მხოლოდ კერძო მოთამაშეებმა უნდა განავითარონ. აქ სახელმწიფომ პირობები უნდა შექმნას ამ ტიპის ბიზნესების გასავითარებლად - დაეხმაროს ქვეყნის ცნობადობის გაზრდაში, ახალი ბაზრების მოზიდვაში - სხვა ყველაფერი კერძო სექტორის საქმეა. 

ამ ანგარიშში ხაზი აქვს გასმული სახელმწიფო ბანკების თემას. საბედნიეროდ, ეს საქართველოსთვის ძალიან ძველი და დავიწყებული ისტორიაა - ამ ქვეყანაში სახელმწიფო ბანკები არ გვაქვს... 

და ეს კარგია. ეს ძალიან კარგია.

თუ შეგიძლიათ გვითხრათ რატომ მოხვდა ეს ნაწილი ანგარიშში - ამით შეეცადეთ EBRD-ის ის ქვეყნებიც დაგეფარათ, სადაც ასეთი ბანკები არსებობს, თუ აქაც ხედავთ სახელმწიფოს გაფართოების ზრდის რისკებს მომავალში? 

აქ ორი რამ უნდა გავითვალისწინოთ. ზოგიერთ ქვეყანაში სწორედ სახელმწიფო ბანკის მოდელია დომინანტური. მაგალითად, უკრაინას რომ შევხედოთ, საბანკო კრიზისის შემდეგ, სახელმწიფომ გამოისყიდა სისტემური ბანკები - თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ბანკები სულ ასე სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩება - ბაზარზე ხელსაყრელი პირობების დადგომისთანავე სავარაუდოდ ისევ გაიყიდება. როგორც წესი სახელმწიფო ბანკებს კერძო ბანკებზე უარესი პორტფელი აქვთ და მხოლოდ იმ ნაწილში შეიძლება მათი უპირატესობის დანახვა, რომ აფინანსებენ პატარა ისტორიის მქონე კომპანიებს, ვთქვათ, სტარტაპებს. თუმცა არ არიან ისეთივე მომგებიანები, როგორც კერძო ბანკები.

როცა 2008 წლის კრიზისს პანდემიას ადარებთ - ეს ხომ ორი ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული კრიზისია - ერთს ფინანსური საფუძველი ჰქონდა, მეორეს - ჯანმრთელობის და ალბათ კიდევ საკამათოა, ამ ეტაპზე რა უფრო უშველის მათ შორის ეკონომიკასაც - ვაქცინა თუ სტრუქტურული რეფორმები - ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მაინც ამბობთ, რომ სახელმწიფოს როლის ზრდა, როცა მან არ იცის ეკონომიკას რით უწამლოს, მაინც ნარჩუნდება? 

პანდემიის დროს ადამიანები გადამრჩენელს ეძებდნენ - ვიღაცას, ვინც მათ დაიცავდა ვირუსისგან, გაღარიბებისგან - სახელმწიფომ ეს როლი მოირგო. ამდენად ხალხიც და ბიზნესიც თანაბრად დამოკიდებული აღმოჩნდა სახელმწიფოზე. კრიზისისთვის ასეთი ტენდენცია დამახასიათებელია - მიუხედავად იმისა, თუ როგორია მისი ბუნება. თუმცა მას შემდეგ, რაც კრიზისი გადაივლის, საბაზრო სიგნალები უნდა აღდგეს - ეს კი სათქმელად უფრო ადვილია, ვიდრე შესასრულებლად. მოდი ასე ვთქვათ, უკვე ოკუპირებული ტერიტორიის დათმობა სახელმწიფოს ყოველთვის უჭირს. აქ მთავრობის ჭკუა და გამჭრიახობა გადამწყვეტი ხდება ხოლმე, რომ ეკონომიკამ არ დაკარგოს თავისი მიმზიდველობა ინოვაციურობის კუთხით, მოგების სწორი შეფასებით... 

გამჭვირვალობითაც.. 

დიახ, გამჭვირვალობით და ანგარიშვალდებულებით, ეფექტიანობით - ყველაფრით, რაც მნიშვნელოვანია მაღალი ეკონომიკური ზრდისთვის. იბიარდი აღიარებს, რომ ბაზრის ჩავარდნები ხდება - თუმცა იმასაც ვამბობთ, რომ სახელმწიფომ სწორად უნდა დაინახოს საკუთარი როლი. 

როგორ ფიქრობთ, აქვს პანდემიას იმის ძალა, რომ კაპიტალიზმის გადახედვა შეძლოს - ბოლობოლო კაპიტალიზმი დემოკრატიასავით არის - შეიძლება ბევრი ნაკლი აქვს, მაგრამ მაინც საუკეთესოა მათგან, რა არჩევანიც არსებობს - არ მეთანხმებით? 

სრულად გეთანხმებით. ძალიან კარგად თქვით. უნაკლო არ არის, მაგრამ საუკეთესო სისტემაა, რომელსაც ვიცნობთ. არ მგონია, რომ კაპიტალიზმის დრო ამოიწურა. კაპიტალიზმი დომინანტური იქნება, იმიტომ რომ ის ყველაზე ეფექტური სისტემაა ამ დრომდე. თუმცა კრიზისმა კაპიტალიზმის სუსტი მხარეებიც დაგვანახა - ძირითადად უთანასწორობის ნაწილში, სიღარიბესთან მიმართებით - ეკონომიკის ნეგატიური ციკლები განსაკუთრებით აზარალებს ღარიბ ადამიანებს, ხოლო პოზიტიური ციკლების დროს ისინი სათანადო სარგებელს ვერ ნახულობენ. ვფიქრობ, ამ ნაწილში გაუმჯობესება შეიძლება, რომ გლობალური განვითარების სარგებელი უფრო თანაბრად გადანაწილდეს ყველაზე. 

თუმცა, სანამ თანაბრად გადანაწილდება ის ჯერ უნდა შეიქმნას. დიდი მადლობა საინტერესო ანგარიშისთვის და ინტერვიუსთვის. 


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები