მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ინვესტიციების გარეშე „ბილიკი“ ვერ განვითარდება“ - გიორგი ცირამუა

63d3c973a49ee
თინათინ ნატმელაძე
27.01.23 20:00
875
„ინვესტიციების გარეშე „ბილიკი“ ვერ განვითარდება,“ - ამის შესახებ BM.GE-თან ტურისტული აპლიკაცია „ბილიკის“ თანადამფუძნებელმა გიორგი ცირამუამ განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 2022 წელს მათი ტურების რაოდენობა 100%-ით გაიზარდა, განვითარება კვლავ სჭირდებათ, რისთვისაც ინვესტიციებია საჭირო.

„2022 წელს ახალი ფუნქციონალი გავუშვით, სადაც მომხმარებელს თავად შეუძლია, ტური შექმნას, განათავსოს აპლიკაციაში და საფასური დაადოს, რის შემდეგაც ჩვენი ტურების რაოდენობა, ფაქტობრივად 100%-ით გაიზარდა. ასევე, კიდევ რამდენიმე ქვეყნის ტური დაგვემატა, მაგალითად ბოლოს იყო საფრანგეთიდან და ბელგიიდან, მანამდე კი გვქონდა ბულგარეთი, პოლონეთი, ესტონეთი და აზერბაიჯანი. საერთო ჯამში, ამ ეტაპზე 10 ქვეყნის სხვადასხვა ტურს ვაერთიანებთ.

ასევე, გასულ წელს მნიშვნელოვანი პარტნიორობა დავამყარეთ - ვთანამშრომლობთ ერთ-ერთ კომპანიასთან, რომელიც ეკოტურიზმს და მდგრადი განვითარების ტურიზმს ხელს უწყობს, ასევე, დიდი ხანია ჩვენი პარტნიორია „ტოიოტა საქართველო“, რომელიც ჩვენს პროექტებს მხარს უჭერს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბილიკის მეშვეობით „საქართველოს უნივერსიტეტში“ სტუდენტები ტურისტული ბილიკების აწყობასაც სწავლობენ , ანუ ტურიზმის სტუდენტები მას უკვე საგანმანათლებლო თვალსაზრისითაც იყენებენ.

რაც შეეხება გამოწვევებს, გეტყვით, რომ „ინვესტიციების მოზიდვა საკმაოდ რთული საკითხია, მართალია ვფართოვდებით, მაგრამ თანხებს მარტივად ვერ ვიძიებთ. იმისთვის, რომ დასახული გეგმები განვახორციელოთ დაახლოებით 400 000 დოლარის ინვესტიცია გვჭირდება, მაგრამ შესაძლებელია, რომ ეტაპობრივი ინვესტირებით, მცირე ნაბიჯები გადავდგათ. მაგალითად, პირველ ეტაპზე თუ 50 000 დოლარის ინვესტიციას მოვიპოვებთ, შეგვეძლება წინ წავიწიოთ და დანარჩენი ეტაპობრივად გავაკეთოთ. საერთო ჯამში, ინვესტიციების გარეშე „ბილიკი“ იცხოვრებს, მაგრამ ვერ შეძლებს განვითარებას,“ - განმარტავს გიორგი ცირამუა.

შეგახსენებთ, რომ „ბილიკი“ ფუნქციონირებაში 2020 წელს ჩაეშვა, პირველადი ინვესტიცია დამფუძნებლების პირადი ფინანსებითა და რამდენიმე საგრანტო კონკურსის დახმარებით მოიპოვეს, რაც დაახლოებით 50 000 დოლარის ინვესტირებას შეადგენდა. აპლიკაციის ფუნქციონირებაში ამ ეტაპზე მუდმივად მხოლოდ დამფუძნებლები არიან ჩართული, თუმცა გიორგი ცირამუას ცნობით, პერიოდულად დეველოპერების დაქირავება უწევთ

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები