ტურისტული კომპანია "აჭარა ტურის" დირექტორის ირაკლი თავართქილაძის პროგნოზით, თუ საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა მკვეთრად არ გაიზარდა, შესაძლოა, სასტუმრო ბიზნესში ინვესტირებამ მიმზიდველობა დაკარგოს.
"სასტუმროების რიცხვი იზრდება, მაგრამ პარალელურად, ტურისტების რაოდენობა კარდინალურად თუ არ გაიზარდა, მოსალოდნელია, სასტუმროების სექტორში ინვესტიციების სტაგნაცია და ფასების ვარდნაა მოსალოდნელი. სასტუმროების გაიაფება, გარკვეულწილად, კარგიც კი არის, რადგან თბილისი ევროპის ქვეყნებთან შედარებით მაღალი ფასებით გამოირჩევა, თუმცა ამ ვარდნამ არ უნდა განაპირობოს ის, რომ ინვესტორებს ამ ინდუსტრიაში ინვესტირების ხალისი დაეკარგოთ", - განაცხადა ირაკლი თავართქილაძემ BMGTV-ის გადაცემა "წერტილში" სტუმრობისას.
აღსანიშნავია, 2023 წლის პირველ ნახევარში საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობისგან შემოსავლებით პანდემიამდელი 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს გადააჭარბა - 6 თვეში მიღებული 1.8 მილიარდი დოლარის შემოსავლით, თუმცა ტურიზმის ინდუსტრიის საკმაოდ დიდი ნაწილი აცხადებს, მიმდინარე წელი მათთვის ისეთივე დატვირთული და შემოსავლიანი არ აღმოჩნდა, როგორიც 2022 წელი იყო.
რატომ არის განსხვავებული ბიზნესის აღქმა და ოფიციალური სტატისტიკა? - ვკითხეთ "აჭარა ტურის" დირექტორს, რომელიც პასუხს საერთაშორისო ტურისტების და მოგზაურების სტრუქტურაში ხედავს.
"2022 წელს უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, საქართველოში დიდი რაოდენობით რუსი, უკრაინელი და ბელარუსი ვიზიტორი შემოვიდა. მათი დიდი ნაწილი თბილისსა და ბათუმში გადანაწილდა. ამან შარშან დიდი ტურისტული ბუმი შექმნა, თუმცა ეს ადამიანები გრძელვადიანად დარჩნენ ქვეყანაში და შემდეგ ეტაპზე მოსახლეობად იქცნენ. სწორედ ამის გამო, წელს ნაკლებად დაიტვირთა სასტუმროები. ცხადია, ამას ის ფაქტიც დაემატა, რომ სასტუმროების რიცხვიც გაიზარდა, მაგრამ პარალელურად ტურისტების რიცხვი კარდინალური არ გაიზარდა. ამ კონკურენციამ კი განაპირობა ის, რომ სასტუმრო, რომელიც 80-90%-ით იყო დატვირთული 2022 წელს, 2023 წელს 50-60%-ით დაიტვირთა ანუ, ტურისტების ის რაოდენობა, რაც 2022 წელს, პირობითად, 10 სასტუმროში გადანაწილდა, წელს უკვე 15 სასტუმროში განთავსდა", - აცხადებს ირაკლი თავართქილაძე.