მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინვესტირების მაღალი ინტერესი და ქსელის შეზღუდვა - როგორია მზის ენერგიის პოტენციალი საქართველოში?

მზის ენერგია

"თიბისი კაპიტალის" კვლევის თანახმად, საშუალოვადიან პერსპექტივაში, საქართველოში მზის სადგურებზე დაფიქსირებული ინტერესის სრულად რეალიზება ნაკლებად სავარაუდოა, რაც ქსელის შეზღუდვით აიხსნება.

სექტორული კვლევის მიხედვით, 2028 წლამდე ქსელში დასაშვებია 500 მეგავატი მზის სადგურების ინტეგრაცია, რაც 10-ჯერ ჩამორჩება დაფიქსირებულ ინტერესს.

საგულისხმოა, რომ 2025 წლის აპრილის მონაცემებით, ნეტო აღრიცხვის პროგრამაში ჯამში 222 მეგავატი სიმძლავრის სადგურებია ჩართული. ხოლო სიმძლავრის პირველ და მეორე აუქციონებში ჯამში 265 მეგავატი სიმძლავრის მზის ელექტროსადგურებზე დაფიქსირდა ინტერესი.

ამასთან, კვლევაში აღნიშნულია, რომ 2021 წლიდან მიმდინარე წლის აპრილის ჩათვლით ჯამში საქართველოში 270 მეგავატი სიმძლავრის მზის პანელებია იმპორტირებული, რაც დაფიქსირებული ინტერესის მხოლოდ 5%-ს შეადგენს.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში მზის სადგურის ერთი მეგავატი დადგმული სიმძლავრის ღირებულება დამატებით საგრძნობლად არის შემცირებული და საქართველოს მაგალითზე $445,000-ს შეადგენს. ხარჯის უფრო დეტალური სტრუქტურა კი ასე გამოიყურება:

პუბლიკაციით, საქართველოში პიკური მოთხოვნის და გენერაციის სეზონები მოსალოდნელია რომ ერთმანეთს დაემთხვეს, რაც მზის სადგურებისთვის დადებითი ტენდენციაა. მზის ირადიაციის და დიდი ქვესადგურების კომბინაციით სამცხე-ჯავახეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი და კახეთი მზის სადგურებისთვის ოპტიმალური ლოკაციებია.

რაც შეეხება გლობალურ ტენდენციებს, კვლევის თანახმად:

  • ბოლო 25 წლის განმავლობაში გლობალური გენერაციის დადგმული სიმძლავრე არაგანახლებადი წყაროებით გაორმაგდა, ხოლო განახლებადი წყაროების დადგმული სიმძლავრე ხუთჯერ არის გაზრდილი.
  • გლობალური განახლებადი ენერგიის დადგმული სიმძლავრის დეკომპოზიციამ მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა, განსაკუთრებით ბოლო ათწლეულის განმავლობაში.
  • ბოლო ათწლეულის განმავლობაში მზის ენერგიის მნიშვნელოვნად გაზრდილი სიმძლავრეები მეტწილად ტექნოლოგიის ფასის საგრძნობი შემცირებით აიხსნება. 2010 წელთან შედარებით მზის პანელების საშუალო ფასი გლობალურად 89%-ით არის შემცირებული.
  • მიუხედავად სხვა ტექნოლოგიებთან შედარებით დაბალი ეფექტურობისა, შემცირებული ხარჯები საკმარისია მზის პროექტების კომერციალიზაციისთვის.
  • მზის ენერგიის არასტაბილურობიდან გამომდინარე, დადგმული სიმძლავრის პარალელურად აუცილებელია შემნახველი მოწყობილობების განვითარება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები