მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინვესტორები ბირთვული ენერგიით ინტერესდებიან – რა პოტენციალი აქვს მას?

ბირთვული

დროსთან ერთად, მსოფლიოში ბევრი რამ იცვლება. იყო დრო, როცა ენერგეტიკული სექტორის მომავლად ბირთვული ენერგია განიხილებოდა, თუმცა მას შემდეგ მომხდარმა რამდენიმე კატასტროფამ ამ ტექნოლოგიის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება შეცვალა.

მსოფლიოს მასშტაბით არსებული სკეპტიციზმის მიუხედავად, ბოლო პერიოდის განმავლობაში მსხვილი ინვესტორები განსაკუთრებით ინტერესდებიან ბირთვული ენერგიის პოტენციალით, რადგან ახალი ტიპის ელექტროსადგურებს გასაოცარი ეფექტიანობა და უსაფრთხოება გამოარჩევთ. ამჟამად 14 საინვესტიციო ჰოლდინგისგან შემდგარი კონსორციუმი მსოფლიოს მასშტაბით ათობით პროექტში გეგმავს ინვესტირებას, ხოლო ამ ინვესტორებს შორის ერთ-ერთი Microsoft-ია - პლანეტის უმსხვილესი კომპანია, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის გამოსაკვებად ფაქტობრივად ულიმიტო ენერგია სჭირდება, ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად კი საუკეთესო გზად Microsoft-ში სწორედ ბირთვული ენერგია მიაჩნიათ.

სანამ ამ საკითხს ჩავუღრმავდებოდეთ, ზოგადად, ენერგიაზე უნდა ვთქვათ ორიოდე სიტყვა. ცივილიზაციის ტექნოლოგიური განვითარების დონის საზომი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი ინდიკატორი მისი ენერგომოხმარებაა. კარდაშევის თეორია გვეუბნება, რომ კაცობრიობის განვითარებისთვის აუცილებელია ენერგომოხმარების ზრდა, ტექნოლოგიური პროგრესი კი ენერგიის წყაროების განვითარებას და მათი ეფექტიანობის ზრდას უწყობს ხელს. ამჟამად კაცობრიობა განვითარების ჯერაც საწყის ეტაპზეა, რადგან დედამიწის ენერგომოხმარების თითქმის 85% წიაღისეულ საწვავზე მოდის, განახლებადი ენერგიის წილი კი საერთო მოხმარებაში ჯერაც მიზერულია.

ბუნებრივია, დედამიწის მოსახლეობის ზრდისა და ტექნოლოგიური პროგრესის ფონზე, იმატებს ენერგომოხმარებაც, წიაღისეული საწვავი კი ამოწურვადი რესურსია, შესაბამისად, კაცობრიობას აუცილებლად დაუდგება მომენტი, როდესაც მას ან მოუწევს ენერგიის განახლებადი წყაროების მოძიება, ან ის უბრალოდ შეწყვეტს განვითარებას.

ენერგოინდუსტრიას უდავოდ სჭირდება პროგრესი, თანაც სწრაფი, ენერგიის წყაროებს შორის კი ნამდვილად არსებობს ერთი, რომელსაც ერთდროულად შეგვიძლია ვუწოდოთ ყველაზე ინოვაციურიც და არქაულიც – საკითხი ბირთვულ ენერგიას ეხება.

ბირთვული სადგური ენერგიას ატომების გახლეჩის გზით გამოიმუშავებს, გამოყოფილი სითბო წყალს ორთქლად გარდაქმნის, რომელიც, თავის მხრივ, გენერატორების ტურბინებს ამუშავებს. ერთი შეხედვით, აღნიშნული პროცესი საკმაოდ კომპლექსურია და რთული წარმოსადგენია, ის ყველაზე ეფექტიანი იყოს, თუმცა თუ საწვავის მოხმარებას და გამომუშავებულ ენერგიას შევადარებთ, შემდეგ სურათს დავინახავთ: ათასი მეგავატი ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად ტრადიციულ თბოელექტროსადგურს 3 მილიონი ტონა ქვანახშირი სჭირდება, ატომურ სადგურს კი – დაახლოებით 20-30 ტონა ურანი.

წმინდად ტექნიკური თვალსაზრისით, ბირთვული ენერგია არ არის სრულად განახლებადი, რადგან თავად ურანი ამოწურვადი რესურსია, მისი უსასრულოდ გამოყენება კი შეუძლებელია, მზის, ქარისა თუ წყლისგან განსხვავებით. მიუხედავად ამისა, მაღალი ენერგოეფექტიანობის გათვალისწინებით, დედამიწაზე არსებული ურანის მოცულობა იძლევა იმის ვარაუდის საშუალებას, რომ კაცობრიობა ენერგიის ამ წყაროს გამოყენებას ასწლეულების განმავლობაში შეძლებს, ტექნოლოგიური პროგრესი კი სადგურების ეფექტიანობის ზრდას გამოიწვევს, ანუ მეგავატი ელექტროენერგიის მისაღებად შედარებით ნაკლები ურანი იქნება საჭირო, ვიდრე ახლა.

საგულისხმოა, რომ ბირთვული ენერგიის არქაულობა სწორედ ტექნოლოგიური პროგრესით, უფრო სწორად, შეფერხებული პროგრესითაა განპირობებული. მოგეხსენებათ, ბირთვული ენერგიის მიმართ ინტერესმა პიკს მსოფლიო მასშტაბით „ატომური ეპოქის” დროს მიაღწია, კერძოდ, 1970-იან წლებში, მაშინ როდესაც მსოფლიო არა მდგრადი ენერგიის განვითარების გლობალურ ინიციატივაში, არამედ ცივ ომში იყო ჩართული. ბირთვული ელექტროსადგურების რეკორდული ტემპით მშენებლობის მიღმა საკმაოდ მარტივი მიზეზი იდგა – ის იძლეოდა როგორც ენერგიის ეფექტიანად გამომუშავების, ისე ურანის გამდიდრების და შემდეგ უკვე მისი დახმარებით ატომური იარაღის შექმნის საშუალებას.

მართალია, ამჟამად ბირთვულ სადგურებს ატომური იარაღის შესაქმნელად ნაკლებად იყენებენ, თუმცა ბირთვულ ენერგიასთან დაკავშირებით საზოგადოებაში მაინც რჩება უნდობლობისა და შიშის გრძნობა, რასაც განსაკუთრებით ამწვავებს რამდენიმე ტრაგიკული კატასტროფა, მათ შორის, ჩერნობილისა და ფუკუშიმას ინციდენტები.

ამჟამად მსოფლიოს მასშტაბით 450-მდე ბირთვული ელექტროსადგური ფუნქციონირებს, ისინი კი საერთო ჯამში გლობალური ელექტროენერგიის მოხმარების 10%-ს გამოიმუშავებენ, ანუ დაახლოებით 3 ტრილიონ კილოვატსაათ ენერგიას. საგულისხმოა, რომ 1995 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 17.5%-ს აღწევდა, ბოლო ოცი წლის განმავლობაში კი ბირთვულ ენერგიასთან დაკავშირებით დაღმასვლის ნელი ტენდენცია ფიქსირდება, რომელსაც რთულია, ლოგიკური ან რაციონალური ვუწოდოთ.

უდავოა, რომ ბირთვული ენერგია მნიშვნელოვან რისკებს შეიცავს. ცხადია, ყველანაირი რისკის ნულამდე დაყვანა შეუძლებელია, თუმცა ენერგეტიკულ საკითხებზე საუბრისას აუცილებლად უნდა იქნეს გამოყენებული რისკების ანალიზის კომპლექსური მოდელი, რომელიც არა უშუალოდ მოცემული პროექტის, არამედ ალტერნატიული წყაროების რისკებსაც გაითვალისწინებს.

მართალია, ბირთვული კატასტროფა გაცილებით უფრო „სანახაობრივია”, ვიდრე ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურის ფუნქციონირებისგან მიღებული ეკოლოგიური ზიანი, თუმცა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წიაღისეული საწვავი გარემოს უმთავრესი დამბინძურებელია. თბოსადგურის მრავალწლიანი ფუნქციონირება და მის მიერ ატმოსფეროში CO2-ის ნელი გაფრქვევა, საბოლოო ჯამში, უფრო დიდ ზიანს აყენებს ბუნებას და დედამიწას, ვიდრე ბირთვული ავარია, რომელიც ოც-ოცდაათ წელიწადში მხოლოდ ერთხელ ხდება. ნუ დაგვავიწყდება, რომ დედამიწა არა მარტო ენერგორესურსების ამოწურვის, არამედ კლიმატის ცვლილების რეალური და გარდაუვალი საფრთხის წინაშეცაა.

მსოფლიოს მასშტაბით ეროვნულ ენერგოსისტემაში ბირთვული ელექტროსადგურების წარმატებული ინტეგრირების არაერთი მაგალითი არსებობს, მათ შორისაა საფრანგეთი, სადაც ელექტროენერგიის 65%-ს ატომური სადგურები გამოიმუშავებენ; ბირთვული ენერგიის საკმაოდ მაღალი წილია შვედეთშიც, სადაც ის საერთო გამომუშავების 30%-ს შეადგენს.

ბირთვული ენერგიის მთავარი პრობლემა არა მისი უსაფრთხოება, არამედ ელექტროსადგურის, რეაქტორისა და სპეციალური სარკოფაგის მშენებლობის ხარჯებია. ბირთვული ელექტროსადგურის ასაშენებლად საშუალოდ 3-დან 10 მილიარდ დოლარამდე ინვესტიციაა საჭირო, მშენებლობის დასრულების შემდეგ კი იწყება დაკვირვებისა და შეფასების ხანგრძლივი პროცესი, რომელიც ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ათი წელიც კი შეიძლება გაგრძელდეს. მშენებლობის დაწყებიდან ექსპლუატაციაში შესვლამდე საჭირო პერიოდი და ხარჯები ის მთავარი ფაქტორებია, რის გამოც კერძო ინვესტორები ასეთი ამბიციური პროექტების განხორციელებისგან თავს იკავებენ.

მოცემული ფაქტორების გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ ბირთვული ენერგია ვერ იქნება დედამიწის ენერგიის ძირითადი წყარო, თუმცა მას აქვს დიდი პოტენციალი, რომ შეასრულოს დამხმარე როლი, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ენერგიის სტაბილური და უწყვეტი მომარაგება. თანამედროვე, მცირე ზომის, შედარებით უსაფრთხო ბირთვულ რეაქტორებს შეუძლიათ, ეროვნულ სისტემას ენერგია სწორედ მაშინ მიაწოდონ, როცა ის ყველაზე მეტად იქნება საჭირო, მაგალითად: ზამთარში, ღამით, უამინდობისა თუ კრიტიკულად გაზრდილი მოთხოვნის დროს. ბირთვული ენერგიის სიმარტივე და სტაბილურობა საზოგადოების მიერ არ უნდა იქნეს უგულებელყოფილი, რადგან ის ერთ-ერთი იმ ხელსაწყოთაგანია, რომლებიც ჰომო საპიენსს ბუნების, დედამიწისა და საკუთარი თავის გადარჩენის რეალურ საშუალებას აძლევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები