მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ინვესტორები მზის ენერგიის პროექტებზე უფრო მეტად ამახვილებენ ყურადღებას - ნინა გადელია

განახლებადი ენერგია

საქართველოში ენერგეტიკული პროექტების მხარდაჭერის სქემის ფარგლებში ეკონომიკის სამინისტროში 435 განაცხადი შევიდა, რაც განახლებადი ენერგიის მიმართ ინტერესს ადასტურებს.

სამინისტროს მონაცემებით, ყველაზე მეტი განაცხადი მზის პროექტებზე დაფიქსირდა, რაც ცხადყოფს ამ ენერგიის წყაროს მზარდ მნიშვნელობაზე. ჰიდროენერგეტიკულ პროექტებს მეორე ადგილი უკავიათ, ხოლო ქარის ენერგია მესამე პოზიციაზეა.

ზუსტი მონაცემები ასე გამოიყურება:

მზე (მესი) – 241 განაცხადი

ჰიდრო (ჰესი) – 133 განაცხადი

ქარი (ქესი) – 61 განაცხადი

განახლებადი ენერგიის მიმართ ინტერესს და არსებულ მაჩვენებელს BM.GE-სთან კომპანია „შაინ ენერჯის“ დამფუძნებელი ნინა გადელია აფასებს. როგორც ის აღნიშნავს, განსაკუთრებით მზის ენერგიის პროექტებზე დაფიქსირებული ტენდენცია - ახალ შესაძლებლობებს ქმნის.

„ამ პროცესში განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ადრე ჰესები განიხილებოდა, როგორც განახლებადი ენერგიის მთავარი წყარო საქართველოში, მაგრამ მიმდინარე განაცხადების რაოდენობა აჩვენებს, რომ ინვესტორები მზის ენერგიის პროექტებზე უფრო მეტად ამახვილებენ ყურადღებას. ეს არის მნიშვნელოვანი ტენდენცია, რომელიც ცვლის ქვეყნის ენერგოსექტორის სტრუქტურას და ახალ შესაძლებლობებს ქმნის.

მნიშვნელოვანია, რომ CFD სქემის (Contracts for Difference) ფარგლებში 15-წლიანი ხელშეკრულება ფორმდება, სადაც მზის ენერგიაზე ფიქსირებული ტარიფი 5.6 ცენტს შეადგენს, რაც მას განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ინვესტორებისთვის“ - აცხადებს „შაინ ენერჯის“ დამფუძნებელი.

ნინა გადელია bm.ge-სთან განახლებადი ენერგიის პროექტების მნიშვნელობაზე საუბრობს და როგორც ამბობს, დიდი მასშტაბის (Utility Scale) მზის სადგურების შექმნა ქვეყანას სტაბილური და დაბალანსებული ენერგომომარაგებით უზრუნველყოფს, ამასთან საქართველოს ექნება შესაძლებლობა შეამციროს იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე დამოკიდებულება.

„სრულად განახლებად ენერგიაზე გადასვლა და ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერება მოითხოვს არა მხოლოდ მცირე და საშუალო ზომის სადგურების განვითარებას, არამედ დიდი მასშტაბის (Utility Scale) მზის სადგურების შექმნას. ასეთი პროექტები საშუალებას მისცემს ქვეყანას, მიიღოს სტაბილური და დაბალანსებული ენერგომომარაგება და შეამციროს დამოკიდებულება იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე.

დიდი მასშტაბის მზის სადგურები ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგოსისტემის დივერსიფიკაციას, გააუმჯობესებს ელექტროენერგიის მიწოდების სტაბილურობას და შექმნის ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს. გარდა ამისა, ისინი ხელს შეუწყობენ საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ პარტნიორობას, რაც მომავალი თაობებისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ წინსვლას შექმნის.

დღეს, როდესაც კლიმატის ცვლილება და ენერგეტიკული უსაფრთხოება გლობალური დღის წესრიგის ნაწილია, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ შეინარჩუნოს მზარდი ტემპი და გამოიყენოს მზის ენერგიის უზარმაზარი პოტენციალი. ამ პროცესში სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა და მეწარმეების ჩართულობა გადამწყვეტ როლს შეასრულებს“ - განმარტავს ის.

ცნობისთვის: „შაინ ენერჯი“ მზის ელექტროსადგურების საინჟინრო და სამშენებლო კომპანიაა, რომელიც საქართველოში მწვანე მიმართულების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები