მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ენერგოკრიზისის გამო, სამხრეთ აფრიკაში მზის ელექტროსადგურების ქსელი 5%-ით გაიზრდება

ქეიფ თაუნი

სამხრეთ აფრიკის სტანდარტ ბანკი ქვეყნის მზის ენერგიის პროექტებში დამატებით ინვესტიციას ჩადებს, რითაც 2024 წლის ბოლოსთვის მზის პანელების ეროვნულ ქსელს 1500 მეგავატს შემატებს, რაც ახლანდელი მოცულობის 5%-იანი ზრდა იქნება - ამის შესახებ Reuters-ი წერს.

აფრიკის კონტინენტის ყველაზე განვითარებული ეკონომიკა ენერგეტიკული კრიზისის წინაშე დგას. ქვეყნის კომუნალური მომსახურების კომპანია “Eskom” მოსახლეობისთვის ელექტროენერგიას ყოველდღიურად 2-4 საათით თიშავს, რათა ელექტროქსელის გადატვირთვა და ჩამოშლა აირიდოს თავიდან. თუმცა ელექტროენერგია ზოგჯერ 10 საათითაც ითიშება.

ენერგოკრიზისმა სამხრეთ აფრიკის ხელისუფლება აიძულა, განახლებადი ენერგიის სექტორისათვის რეგულაციები სასწრაფოდ შეემსუბუქებინა და ელექტროსადგურებში ინვესტიციების ჩადების სტიმული გაეზარდა. გარდა ამისა, სახელმწიფო ხელს უწყობს კომპანიებსა და საოჯახო მეურნეობებს, საკუთარ ტერიტორიაზე მზის პანელები დაამონტაჟონ და სახელმწიფო ქსელს ჩაეხსნან. 

როგორც სამხრეთ აფრიკის სტანდარტ ბანკის ხელმძღვანელი, ზეიდ მულა აცხადებს, ტექნოლოგია და პროცესები უკვე გაუმჯობესებულია, მზის ახალი ელექტროსადგურების აშენებას კი, დაახლოებით, 16 თვე დასჭირდება, რასაც ადრე 3 წელს ანდომებდნენ.

Reuters-ის ანალიზის თანახმად, დამატებითი 5%-იანი გენერაცია, რომელსაც ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტები გამოიმუშავებენ, სრულად პასუხობს იმ დეფიციტსა და ელექტროენერგიის მოთხოვნა-მიწოდების წონასწორობას, რაც სამხრეთ აფრიკას სჭირდება.

სამხრეთ აფრიკის მთავრობა ელექტროსადგურების პროექტების წარმატებით შესყიდვას 7 წლის განმავლობაში ცდილობდა, რომლებშიც მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიებიც იყვნენ ჩართულები, თუმცა, ამ დრომდე, პროექტების უმრავლესობა ჩავარდა ან უვადოდ გადაიდო. სტანდარტ ბანკის მიერ დაფინანსებულმა პროექტებმა კი შესაბამისი ფინანსების მოძიება შეძლო, რისი წყალობითაც ერთ-ერთი პროექტი ეროვნულ ქსელში გასულ კვირას ჩაერთო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები