DRG-ის მექანიზმი, გარდა იმისა რომ ახალია, არის ძალიან ნაჩქარევად გაკეთებული რეფორმა, რასაც ბუნებრივია, ახლავს მთელი რიგი საკითხები, რომლებიც სწრაფ ჩარევას საჭიროებას, - ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინა კობახიძემ „საქმიანი დილის“ ეთერში პრემიერთან და ჯანდაცვის მინისტრთან სამედიცინო სექტორის წარმომადგენელთა გუშინდელი შეხვედრის შეფასებისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, შეხვედრაზე DRG-ის მექანიზმი იყო განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა.
“DRG-სთან დაკავშირებით, სწრაფი ჩარევის გარეშე, ფაქტობრივად, პრობლემა გროვდება, პრობლემას პრობლემა ემატება და სამედიცინო სექტორში ჩიხი იქმნება. გუშინ ასეთი ფრაზაც გაჟღერდა, რომ ჩვენი სექტორი აღარ არის საინვესტიციოდ მიმზიდველი. უფრო მეტიც, არსებული ინვესტორები შეშინებულები უყურებენ ამ პროცესს და მთელი რიგი ცვლილებები თუ არ განხორციელდა, შეიძლება პრობლემის წინაშე აღმოვჩნდეთ. არსებობს მთელი რიგი ხედვები ჯანდაცვის სექტორში. პირველ რიგში, ჩვენ პრემიერის ხედვა გვაინტერესებდა. ძალიან მკაფიოდ გამოიკვეთა გუშინ, რომ კერძო სექტორთან ერთად ეს იქნება ხარჯთეფექტური მოდელი, რომელიც მიზანმიმართული იქნება მოსახლეობის საუკეთესო ინტერესისკენ“, - განაცხადა ნინა კობახიძემ და დასძინა, რომ გუშინდელ შეხვედრაზე დაასკვნეს, რომ სახელმწიფოს პოლიტიკის მიზანი არის სამართლიანი ფასების ლოგიკური ზრდა.
„პრობლემები, რომლებიც არის, მგონი ყველა ამაზე ვსაუბრობთ, ეს არის ანაზღაურების მექანიზმებზე, ანუ DRG არ არის კლასიკური გაგებით DRG-ის ანაზღაურების სქემა, იმიტომ რომ დაწყებისთანავე ბევრი ჩარევა განხორციელდა. როდესაც რეგულატორი ხედავდა, რომ ამა თუ იმ ნოზოლოგიის ანაზღაურებაში რაღაცა მცირედი, ან უფრო მეტი მოგება შეიძლება ბიზნესს დარჩეს, მიდიოდა ხელოვნური ჩარევა, პირველ ეტაპზე, DRG-ის ფასებს ხელოვნური ინტელექტი ითვლის. მიუხედავად ამისა, იმდენად სწრაფად და ხელოვნურად მიმდინარეობდა ჩარევები, ყოველთვიურად იმდენად სწრაფად, რომ ბიზნესს, ფიზიკურად გვიჭირდა მოვრგებოდით გაზრდილ რეგულაციებს, იგივე რეანიმაციის, ინფექციის კონტროლის, საერთაშორისო აკრედიტაციის კუთხით. ამან გამოიწვია სამედიცინო სექტორის კოლაფსი, განსაკუთრებით რეგიონებში. თუმცა, შეიძლება სახელმწიფოს პოლიტიკა იყოს რომ რაც შეიძლება ნაკლები სამედიცინო მოთამაშე დარჩეს ბაზარზე. მაგრამ გუშინ ჩვენ გავიგეთ, რომ ეს არ არის მიზანი, მიზანი არის ხარისხზე ორიენტირება, სამართლიანი ფასებს ლოგიკური ზრდა“, - აღნიშნა კობახიძემ.
მისივე თქმით, საბოლოო ჯამში, პრემიერთან და ჯანდაცვის მინისტრთან კონსტრუქციული და საქმიანი საუბარი შედგა.
„რაც [ჯანდაცვის] ახალი მინისტრი დაინიშნა, 2-3 ისეთი საკითხი გადაწყდა, რაც გვაძლევს იმის მოტივაციას, რომ აქეთკენ წავალთ“, - აღნიშნა კობახიძემ.
ცნობისთვის, სამედიცინო სექტორის წარმომადგენელთა და პრემიერის და ჯანდაცვის მინისტრის შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჰოსპიტალური სექტორის DRG მეთოდოლოგიით დაფინანსებას, რეფერენტულ ფასებს, ფარმაცევტული ინგრედიენტების საქართველოში იმპორტის ახალ სტანდარტებს და სხვა მიმდინარე საკითხებს.