“ჯეო ჰოსპიტალსის“ სამეთვალყურეო საბჭოს და BAG-ის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ნინა კობახიძე ამბობს, რომ ჯანდაცვის ახალ მინისტრთან შეხვედრაზე, სექტორის წარმომადგენლებმა ისეთი საკითხების გადაწყვეტაზე მიიღეს თანხმობა, რომელიც კლინიკების მდგომარეობის გაუმჯობესებას დაეხმარება.
როგორც ნინა კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, შეხვედრაზე სექტორის წარმომადგენლებმა DRG-სთან დაკავშირებული პრობლემები და ინიციატივები დააყენეს.
„ზოგადი მიმოხილვა იყო იმ ერთი წლის, რაც DRG-სთან მიმართებით გაკეთდა. მოგეხსენებათ, მუდმივი პრობლემა, რაც რეანიმაციული ტარიფიკაციის თემაა, სატარიფო ბადე, რომელიც სხვადასხვა სერვისების განვითარებას ხელს არ უწყობს. როგორ შეიძლება ტექნოლოგიური სამედიცინო სერვისები განვავითაროთ. დაისვა ინიციატივები სხვადასხვა დონეზე. ისეთი საკითხების გადაწყვეტაზე მივიღეთ მინისტრისგან პოლიტიკური თანხმობა, რომელიც ძალიან დაეხმარება, DRG-ის დაფინანსების ზრდა იქნება ეს თუ კლინიკების მდგომარეობის გაუმჯობესება. ახალ მინისტრთან როდესაც გაქვს შეხება, როგორ უყურებს, როგორ ფიქრობს, როდესაც თანხვედრაშია ბევრი პროცესი, პოზიტიური მოლოდინი გვაქვს. განვითარების ის გზა, რომელზეც ჩვენ ახლა ერთობლივად ვსაუბრობთ, ორივე მხარისთვის სასარგებლო და მისაღებია“, - ამბობს ნინა კობახიძე.
სამედიცინო დაწესებულებებში მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების ახალი მოდელი 2022 წლის 1-ელი ნოემბრიდან ამოქმედდა. DRG, მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში, დაფინანსების ფართოდ აპრობირებული მოდელია, რომლითაც ავტომატურად გამოითვლება ის სამართლიანი ფასი, რასაც სამინისტრო, მოქალაქეების ხარისხიანი მკურნალობისთვის გადაიხდის. დაფინანსების მოცულობას პაციენტის დიაგნოზი, ასაკი, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა და სხვა კრიტერიუმები განსაზღვრავს. DRG სისტემა გულისხმობს, რომ სამედიცინო მომსახურების მიღებისას, პაციენტი მხოლოდ იმ თანხას იხდის, რასაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში თანაგადახდის წილი ითვალისწინებს.
DRG სისტემის დანერგვამ რიგი სამედიცინო დაწესებულებების და ექიმების პროტესტი, მისი შემოღების პირველივე ეტაპზე გამოიწვია.
ჯანდაცვის ახალი მინისტრის დანიშვნის შემდეგ, სფეროს წარმომადგენლებმა ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად, რომელსაც მინისტრმა ყურადღება უნდა მიაქციოს, სწორედ DRG მოდელის გადახედვა დაასახელეს.