მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ინვესტორები წიაღის სექტორში ახალი იურისდიქციის მოლოდინში არიან“ - ინტერვიუ

6494338fd49a4
თელარა გელანტია
23.06.23 09:33
530
საქართველოს წიაღის სექტორი რეფორმის მეორე ფაზის მოლოდინშია, რომლის დაწყება 2020 წელს დაანონსდა და წიაღის სფეროში ახალი კანონმდებლობის შემუშავებას გულისხმობს. ჯერჯერობით, უცნობია რა ეტაპზეა წიაღის ახალ კოდექსზე მუშაობა, მაგრამ როგორც ვიცით, წიაღის რეფორმა ინვესტორთა საბჭოს 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმის პრიორიტეტებშიც მოხვდა. „სამთო მოპოვებითი სექტორის განვითარებას შეუძლია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და ბიუჯეტში უფრო დიდი წვლილის შეტანა. საქართველოს სამთო სექტორში ინვესტიციების გასაძლიერებლად, საჭიროა, შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის მოდერნიზება. რეფორმამ უნდა გააუმჯობესოს სექტორში პოლიტიკა და დაინერგოს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა საქართველოში“, - წერია ინვესტორთა საბჭოს გეგმაში.

როგორია საქართველოს სამთო მრეწველობის პოტენციალი; რას ვთავაზობთ ინვესტორებს და რა არის გასაუმჯობესებელი; როგორ გამოიყურება საქართველო საერთაშორისო სამთო რუკაზე და რა ეტაპზეა წიაღის რეფორმის მეორე ტალღა - ამ თემებზე „კოლიერს ჯორჯია მაინინგ ენდ მინერალსის“ მმართველმა პარტნიორმა და წიაღის ეროვნული სააგენტოს ყოფილმა უფროსმა მაია ზავრაშვილმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

- რა წონა აქვს სამთომოპოვებით სექტორს საქართველოს ეკონომიკაში დღეს?

- საქართველოში გვაქვს მდიდარი სანედლეულო ბაზა და ეკონომიკაში წიაღის სექტორის წონა და ღირებულება განისაზღვრება იმ კონტრიბუციით, რომელიც ამ დარგს აქვს და შეგვიძლია, ეს წვლილი კონკრეტულ რიცხვებში გამოვსახოთ - ეს არის, დაახლოებით, 1.5 მილიარდი დოლარის საექსპორტო პროდუქცია; საშუალოდ, $100 მილიონის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია წელიწადში. მართალია, ამ მხრივ, ბოლო ორი წელი კლებადი ტენდენცია დაფიქსირდა, მაგრამ იმედი მაქვს, ეს დროებითია. ასევე, სექტორში დასაქმებულთა რიცხვი მაღალია საშუალოდ, 50 000-მდე ადამიანს ასაქმებს ეს დარგი.

- როგორია საქართველოს სამთო მრეწველობის პოტენციალი?

- წიაღის სასაქონლო პროდუქტების ნაწილში საექსპორტო პოტენციალი საკმაოდ მრავალფეროვანია - გვაქვს ლითონები, ოქრო, სპილენძი, ფეროშენადნობები, მტკნარი და მინერალური წყლები. ბოლო პერიოდში დაემატა გარკვეული სახეობის თიხები და ბუნებრივი ქვები. აღსანიშნია, რომ საქართველოში მოსაპირკეთებელი ბუნებრივი ქვების ექსპორტი არ გვქონია და ეს არის სრულად ახალი პროდუქტები, რომელსაც ქართული „ზოდი ჯგუფი“ ქმნის. კომპანია ამუშავებს ქართულ ბუნებრივ ქვებს და უკვე მოახერხა ექვს ქვეყანაში ექსპორტი - დაწყებული ევროპული ბაზრით, დამთავრებული ჩინეთით, რაც საკმაოდ დიდი მიღწევაა ამ კომპანიისთვის. ხარისხობრივად ჩვენი ნედლეული მაღალი სტანდარტისაა და შეუძლია ის მოთხოვნები დააკმაყოფილოს, რაც ევროკავშირის ბაზარზეა. ამასთან, აუცილებელია საექსპორტო პროდუქტების რაოდენობრივი და სახეობრივი ზრდა ანუ გაიზარდოს მოპოვება-გადამუშავების მასშტაბი და შეიქმნას მრავალფეროვანი პროდუქტები. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ რესურსული კუთხით პოტენციალი მაღალია პოლიმეტალებში - გვაქვს კომერციული მარაგი. ამ ყველაფერს კი სჭირდება კარგი ორგანიზება, საინვესტიციო შეფუთვა და კონკრეტული ჯგუფებისთვის მიწოდება.

- თქვენ ახსენეთ, რომ ბოლო ორი წელია წიაღის სექტორში FDI-ს კლების ტენდენციაა. როგორ ფიქრობთ, რატომ შემცირდა და რა მოიზიდავს მეტ ინვესტიციას ამ დარგში?

- კლებას უფრო პანდემიურ ფონს ვუკავშირებ და როგორც ჩანს, სწრაფად ვერ მოვახდინეთ ადაპტირება, თუმცა რომ ვთქვა, სხვა ქვეყნებში შემცირებულია და ახალი პროექტები არ გაიხსნა-მეთქი, ასე არ არის. საჭიროა, ჩვენც დინამიურად ავყვეთ ამ პროცესებს. საქართველოში წიაღის სექტორი არის ერთ-ერთი დარგი, სადაც უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კარგი შესაძლებლობაა, რადგან ეს სექტორი ქმნის საექსპორტო დოვლათს, შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის ბაზრის ზომიდან გამომდინარე, ერთადერთი ინტერესი, რაც სოლიდურ, რეპუტაციულ ინვესტორს შეიძლება ჰქონდეს, ეს არის საექსპორტო დოვლათის შექმნა და თუ სადმე შეიძლება შეიქმნას ეს ღირებულება, არის სწორედ წიაღის სექტორი, ამიტომ ბევრი მუშაობა გვმართებს, რათა ჩვენი პოტენციალი, რესურსული ბაზა სწორ ჯგუფებს მივაწოდოთ და ავუხსნათ, რა უპირატესობა გვაქვს, როგორც რესურსული, ისე იურისდიქციული კუთხით, რადგან მხოლოდ რესურსი არაა საკმარისი. დღეს იურისდიქციების ომია მსოფლიოში და საქართველო ამ კონკურენტულ იურისდიქციებში უნდა ჩაეწეროს.

- როგორც ვიცით, წიაღის რეფორმის მეორე ფაზა სწორედ ახალი კანონმდებლობის შემუშავებას გულისხმობს. როგორი უნდა იყოს ახალი კოდექსი, რათა სექტორში მეტი ინვესტორის მოზიდვა შევძლოთ?

- დიახ, სახელმწიფომ დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, რომლის პირველი ფაზა წარმატებით დაიხურა. ჩვენ უკვე გვაქვს სტრატეგიის დოკუმენტი თავისი გეგმით, რომელიც პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც სექტორშია. რეფორმის მეორე ნაწილია პოლიტიკის დოკუმენტში გაწერილი გზავნილების კონვერტირება სამართლებრივ ნორმებში, რათა სტრატეგიით დამტკიცებული ხედვა ქმედითი და და აღსრულებადი გახდეს.

- თქვენი ინფორმაციით, რა ტემპით მიდის რეფორმის მეორე ფაზა?

- კარგი იქნება, წიაღის რეფორმის მეორე ფაზის ინტენსიურობა დაჩქარდეს. ამას ძალიან ბევრი ინვესტორი ელოდება. ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია როგორც ადგილობრივ, ის უცხოელ ინვესტორებთან. ისინი განიხილავენ ამ იურისდიქციას, როგორც პოტენციურად საინტერესოს, მაგრამ მათ სჭირდებათ უფრო მეტი რწმუნება იმის, რომ მათი ინვესტიციები იქნება დაცული გრძელვადიან პერსპექტივაში და მათ ექნებათ განჭვრეტადობის შეგრძნება; ეცოდინებათ, რა მარეგულირებელ გარემოში შემოვლენ, რა ვადებულებები ექნებათ და როგორი იქნება მათ საგადასახდო ტვირთი. ეს ინფორმაცია მათ საკანონმდებლო აქტებიდან უნდა მიიღონ და არა კონკრეტული ჩინოვნიკებისგან. ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია ამ რეფორმის კვალიფიციური დასრულება.

- წიაღის კოდექსის შემუშავების პროცესებში ჩართული ხართ?

- ამ ეტაპზე არ ვარ ჩართული, მაგრამ იმ პროცესებში, რომელიც რეფორმის მეორე ფაზას უკავშირდებოდა, გარკვეული მონაწილეობა მივიღე. გაწეულია სამუშაოები. ხედვები შეჯერებული იყო, დანარჩენი უკვე იურიდიული და ადმინისტრაციული ნაწილია, რაზეც არ მაქვს ინფორმაცია, თუმცა გარკვეული პროგრესი ამ მიმართულებით ნამდვილად იყო.

- უფრო კონრეტულად აგვიხსენით, რა უნდა ჩაიწეროს წიაღის ახალ კანონში მეტი ინვესტიციის მოსაზიდად - როგორია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა?

- პირველ რიგში, უნდა ჩამოვყალიბდეთ, რისი წახალისება გვსურს, რადგან ეს არის ძალიან მრავალფეროვანი სექტორი. გვაქვს სამშენებლო მასალების მიმართულებით ინდუსტრია, გვყავს მეტალების მაძიებლები, მომპოვებლები და ა.შ. ამიტომ გარკვეული პრიორიტეტები უნდა განისაზღვროს, თუ რისი წახალისება სურს ქვეყანას. ზოგადად, წიაღის სექტორი საკმაოდ კაპიტალტევადია, შესაბამისად, ინვესტორი რომ მოიზიდო, მას წინასწარი გადახდის ტვირთი უნდა შეუმცირო, გარკვეული შეღავათები მისცე, გაიზიარო ინვესტორის რისკი, რადგან პირველი ეტაპი არის ძალიან სარისკო - არ იცი, რა ამოვა მიწიდან, რა შედეგები გექნება. აქედან გამომდინარე, კანონი ძალიან მოქნილი უნდა იყოს. დღეს გვაქვს ბუნებრივი რესურსების ლიცენზიის მოპოვების სააუქციონო სისტემა, არსებობს წინასწარი გადახდების სისტემა, რაც მეტ-ნაკლებად სამართლიანია და არც ისე მაღალია, მაგრამ სასურველია, შემცირდეს მაგალითად, რესურსების შესწავლის სტადიაზე, როცა ბიზნესი არ აგენერირებს მოგებას და არის მთლიანად ინვესტიციების მობილიზების პროცესში, რათა პირველადი სამუშაოები ჩაატაროს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, საბაზრო პრინციპებზე დაფუძნებული მოსაკრებლების, როიალტის შემოღება, რაც ნებისმიერ, თანამედორვე იურისდიქციაში არსებობს; სამწუხაროდ, საქართველოში, ისევ პროგნოზებზე დაფუძნებული მიდგომა გვაქვს და ბიზნესისთვის გაუგებარია, რანაირად შეიძლება, ოცწლიანი პერპსექტივა წინასწარ დაგეგმო. უნდა იყოს საბაზრო მიდგომა ანუ რა ღირებულების დოვლათსაც მოიპოვებ დღეს, იმის მიხედვით დაიბეგრო. გარდა ამისა, ასევე მნიშვნელოვანია იმაზე აქცენტირება, გვჭირდება თუ არა ხარისხიანი ინვესტიციები და, რა თქმა უნდა, გვჭირდება. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ინვესტორების პრეკვალიფიკაცია; ამ კუთხით, აუქციონი არაა საუკეთესო გზა და ვფიქრობ, როცა მსხვილ, მასშტაბურ პროექტთან გვექნება საქმე, სხვა პრინციპით უნდა ვიმოქმედოთ.

- როგორ გამოიყურება საქართველო სამთო რუკაზე დღეს?

- პერსპექტიული, მაგრამ დასახვეწი - შეიძლება, ასე დავახასიათოთ საქართველოს ადგილი სამთო რუკაზე. პერსპექტივა აშკარად დიდია, მაგრამ დასახვეწი გვაქვს ბევრი რამ; პროცესი მიდის და მნიშვნელოვანია დაჩქარდეს.

- რეფორმის მეორე ფაზის დასრულებას გულისხმობთ?

- დიახ, ძირითადი სამუშაოები ახალი კანონმდებლობის მისაღებად არის გასატარებელი.

- ანუ მთავარი სამუშაო ახლა მთავრობის და კანონმდებლების მხარეს არის?

- დიახ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები