მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ინვესტორებისთვის ენერგორესურსებს უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე იაფ მუშახელს“ - ქეთი ბოჭორიშვილი

64106c1fe501d
თამთა ჯიჯავაძე
14.03.23 16:59
908
ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, ქეთი ბოჭორიშვილის მოსაზრებით, მხოლოდ იაფი მუშახელის შეთავაზებით, საქართველო უცხოელი ინვესტორებისთვის კონკურენტუნარიანი ქვეყანა ვერ გახდება. მან BMG-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას იმ ფაქტორებზე ისაუბრა, რითიც საქართველო კონკურენტუნარიანად უნდა იქცეს. მათ შორის ის ასახელებს გამართულ ინფრასტრუქტურას, გამარტივებულ ბიუროკრატიას, ტექნოლოგიებს და ენერგოუსაფრთხოებას.

„ინვესტორი მზადაა გადაიხადოს გადასახადები, თუ შენ ხარ კონკურენტუნარიანი და შენი უნარები და ყველაფერი შეესაბამება იმ ფასს, რაც გაქვს. ის მზადაა გადაიხადოს გადასახადები, თუ ბიზნესი არის მოგებიანი. ამიტომაც ქვეყანაში უნდა ჩამოყალიბდეს მოგებიანი ბიზნესგარემო. ეს ყველაფრის ერთობლიობაა, პირველ რიგში კი, ვგულისხმობ კარგ ინფრასტრუქტურას. ჩვენ თუ ვართ ტრანზიტული ქვეყანა, რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურა უნდა გვიწყობდეს ხელს. ინფრასტრუქტურაში ვგულისხმობ ყველაფერს - რკინიგზას, გზებს, ღრმაწყლოვან პორტს, პორტებს. ასევე, მნიშვნელოვანია მუდმივად ვიფიქროთ რეგულაციების და კანონების გამარტივებაზე, ორმაგი ბიუროკრატია რომ არ იყოს და ყველაფერი ერთი ფანჯრის პრინციპით იყოს, ყველა ეტაპზე.

საქართველოს რამდენიმე ქვეყანასთან უწევს ურთიერთობა, რომ ჩვენი მარშრუტი უფრო აქტუალური იყოს, ამიტომ მათთან ერთად ამ მიმართულებით დახვეწა და გაუმჯობესება მნიშვნელოვანია. ასევე, არსებითია ტექნოლოგიების განვითარება. დღეს ყველაფერი ტექნოლოგიებია და ამის მაქსიმალურად ათვისება მნიშვნელოვანია.

და ბოლოს, როცა ენერგოუსაფრთხო ქვეყანა ხარ, ინვესტორების ყურადღების ცენტრში ხარ. როდესაც მსოფლიო გადადის ავტომატიზებულ წარმოებაზე, იქ ენერგეტიკას უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე იაფ მუშა-ხელს, ამიტომ ინვესტორებს აინტერესებთ ენერგორესურსები“, - განაცხადა ქეთი ბოჭორიშვილმა.

ცნობისთვის, 2022 წელს 2021 წელთან შედარებით საქართველოში შემოსული უცხოური ინვესტიციების მოცულობა 61%-ით გაიზარდა და 2 მილიარდ დოლარს მიაღწია. ინვესტიციების ეს მოცულობა 2017 წლის შემდეგ მაქსიმალურია. ქვეყნების მიხედვით, ყველაზე მეტი ინვესტიცია დიდი ბრიტანეთიდან შემოვიდა, რამაც 428 მილიონი დოლარი შეადგინა. მეორე ადგილს ესპანეთი, მესამეს კი აშშ იკავებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები