ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის და “მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის” ახალგაზრდა გლობალური ლიდერის, ქეთი ბოჭორიშვილის განცხადებით, დღეს ამომრჩეველი არჩევანს აკეთებს იმაზე, გვინდა ევროპა თუ გვინდა ევროპული ოჯახის მიღმა ყოფნა. როგორც BMGTV-ის საარჩევნო ეთერში სტუმრობისას ბოჭორიშვილმა აღნიშნა, მისი სურვილია, რომ არჩევნები ჩატარდეს სამართლიანად და ახალარჩეულ პარლამენტსა და შემდეგ მთავრობას ჰქონდეს ლეგიტიმაცია.
„დღეს ძალიან ცალსახა არჩევანია. რეალურად, არცერთ პარტიას არ ჰქონია კონკრეტული გეგმა, ვინაიდან პირველი და ყველაზე ფუნდამენტური არჩევანი არის ის, რომ ჩვენ გვინდა ევროპა და ის, რომ გავხდეთ ევროპის სრულფასოვანი წევრი, რა შემთხვევაშიც, მთელი რიგი რეფორმებია განსახორციელებელი, რათა ჩვენ ეს ადგილი სამართლიანად დავიმკვიდროთ და ვიყოთ ყველასთვის ღირებული წევრი. ამიტომ დღეს, მე ვფიქრობ, რომ არჩევნები გადის ცალსახად იმაზე, თუ რა გვინდა, გვინდა, რომ ვიყოთ ევროპული ოჯახის წევრი თუ გვინდა, ვიყოთ მის გარეთ. ვფიქრობ, მოსახლეობაც სწორად ამ მიმართულებით აკეთებს არჩევანს.
ძალიან მინდა, რომ არჩევნები ჩატარდეს სამართლიანად და ლეგიტიმურად, აღიაროს ის საერთაშორისო საზოგადოებამ, რათა ლეგიტიმაცია ჰქონდეს ახალარჩეულ პარლამენტს და მთავრობას. მეორე - მინდა, რომ პოლარიზაცია დასრულდეს... მაქსიმალურად რომ შემცირდეს იგი“, - განაცხადა ქეთი ბოჭორიშვილმა.
მისივე თქმით, არჩევნების შემდეგ, მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს მთავრობის დაკომპლექტება, რაც არ იქნება მარტივი პროცესი.
„ეს არ იქნება მარტივი, რადგან ეკლექტურია ჩვენი საარჩევნო სიები და პარტიები... შესაბამისად, გაერთიანება და დაკომპლექტება იქნება საკმაოდ რთული და იმედი მაქვს, რომ ეს მოხდება იმ ვადებში, რაც არის გათვალისწინებული. რაც შეეხება ახალარჩეულ პარლამენტს, უმთავრესი იქნება იმ კანონების გაწვევა, რომელიც არის ანტიდემოკრატიული და ანტიევროპული. ხოლო შემდეგ დაჩქარება იმ პროცესის, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროინტეგრაციაში“, - აღნიშნა მან.
ქეთი ბოჭორიშვილმა ინვესტორების განწყობაზე ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარების გავლენაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ „ყველა არის მოლოდინის რეჟიმში“.
„მე განსაკუთრებით უცხოელ ინვესტორებთან მაქვს კომუნიკაცია და ეს პროცესი არ არის 1-2-დღიანი, ქვეყნის მიერ ნდობის მოპოვება მნიშვნელოვანია. შეიძლება ხანდახან სამი წელი მუშაობდე ერთ ინვესტორთან და ერთმა პატარა ფაქტმა გადაწონოს და უარყოფითი შედეგი დაიდოს. შემდეგი არჩევნები ასეთი რადიკალური აღარ უნდა იყოს, რომ ქვეყანა გაიყინოს და ამ პროცესების მერე მოხდეს [ინვესტორების მხრიდან] გადაწყვეტილების მიღება“, - აღნიშნა ქეთი ბოჭორიშვილმა.