"ინვესტორებისთვის საინტერესოა ორი ფაქტორი - საქართველოს ეკონომიკური სტაბილურობა და სტრატეგიული მდებარეობა", - ამის შესახებ სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა "როიტერსისთვის" მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა. ცნობისთვის, საერთაშორისო გამოცემამ საქართველოს შესახებ კომერციული ვიდეო და სტატია მოამზადა.
„სტრატეგიული პოზიცია გვიქმნის კონკურენტულ უპირატესობას და მოქნილობას გვქონდეს წვდომა ევროპულ და აზიურ სამომხმარებლო ბაზრებთან, მათ შორის ჩინეთსა და ევროკავშირთან. განსაკუთრებით ახლა, საქართველოს სავაჭრო დერეფნის როლი კიდევ უფრო ძლიერდება და ვხედავთ, რომ მისი მნიშვნელობა ვლინდება, როგორც ვაჭრობის, ასევე, ტვირთბრუნვის მოცულობის ზრდის კუთხით“, - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.
ქვეყნის ბიზნეს შესაძლებლობებზე საუბრისას ხიდურელმა ახსენა უძრავი ქონების სექტორი, რაც, მისი თქმით, მულტიპლიკაციურ ეფექტს ახდენს სხვა სექტორებზეც, მათ შორის ენერგეტიკაზე. სააგენტოს ხელმძღვანელის შეფასებით, ცალკე აღნიშვნას იმსახურებს BPO და IT სექტორები - მოცემულ დარგებში მოქმედი კომპანიებისთვის უმთავრეს ფაქტორს კვალიფიციური კადრების ხელმისაწვდომობა წარმოადგენს და საქართველოს ამ მხრივაც მნიშვნელოვანი უპირატესობა გააჩნია.
„საქართველოს ეკონომიკური სტაბილურობა ინვესტორთა ინტერესის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საფუძველია. ჩვენი პრიორიტეტი მუდმივად იქნება არსებული ეკონომიკური პოლიტიკის გაგრძელება, ახალი სტიმულების შექმნა და კონკურენტუნარიანობის შემდგომი გაძლიერება, რათა საქართველო მდგრადად ინარჩუნებდეს ლიდერის პოზიციას“, - აცხადებს მიხეილ ხიდურელი.