მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინვესტორებმა ჩინეთში თანხის დაბანდება შეწყვიტეს – რა ხდება ქვეყანაში?

ჩინეთი

ჩინეთი მორიგი გამოწვევის წინაშეა - საერთაშორისო ინვესტორებმა ქვეყანაში თანხის დაბანდება შეწყვიტეს. ბოლო 25 წლის განმავლობაში პირველად, ჩინეთში განხორციელებული ინვესტიციის მოცულობამ მინუს 11.8 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ინვესტორებმა ქვეყნიდან უფრო მეტი თანხა გაიტანეს, ვიდრე შემოიტანეს.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩინეთში განხორციელებული FDI-ს მოცულობა 8.4%-ითაა შემცირებული, კაპიტალის გადინების ტემპი კი დაჩქარებულია. საერთო ჯამში, მიმდინარე წელს ქვეყანაში 128 მილიარდი დოლარის კაპიტალი შევიდა, $139.8 მილიარდის უცხოური ინვესტიცია კი - გავიდა.

FDI-ს შემცირება რიგი ფაქტორებითაა განპირობებული, მათ შორის უმნიშვნელოვანესი ჩინეთსა და დასავლეთს შორის გეოპოლიტიკური ურთიერთობის გაუარესებაა. მოგეხსენებათ, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ ცოტა ხნის წინ ჩინეთს დამატებითი სანქციები დაუწესა, პეკინმა კი საპასუხო ზომებიც მიიღო და ზოგიერთი საქონლის ექსპორტი შეზღუდა.

გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ჩინეთის უძრავი ქონების სექტორი კოლაფსის პირასაა. ორი უმსხვილესი სამშენებლო-დეველოპერული კომპანია, Evergrande და Country Garden-ი გადახდისუუნაროა, მათ მიერ ობლიგაციებზე დეფოლტის გამოცხადება კი უძრავი ქონების სექტორში არსებულ ვითარებას კიდევ უფრო მეტად ამწვავებს.

ინვესტორები შიშობენ, რომ უახლოეს მომავალში Country Garden-ს გაკოტრების გამოცხადება მოუწევს, ეს კი უძრავი ქონების სექტორში ჯაჭვურ რეაქციას გამოიწვევს, რომელიც შემდგომ, სავარაუდოდ, ბანკებს და სხვა კომპანიებსაც შეიწირავს.

ცხადია, ასეთ რისკებს ინვესტორები ნეგატიურად იღებენ და ამიტომაც ვხედავთ, რომ მათი მხრიდან ჩინეთის მიმართ ინტერესი იკლებს.