ინვესტორებს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო 130 მილიონი დოლარისა და 77 მილიონი ლარის ჯარიმები აქვთ დაკისრებული - ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშიდან ირკვევა.
ინვესტორებს ჯარიმები შეუსრულებელი საინვესტიციო ვალდებულებების გამო დაეკისრათ, საუბარია პრივატიზაციის პროცესში სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობაზე, რომელიც კონკრეტულ ჯარიმებსა და საურავებს ითვალისწინებს.
საქართველოს მთავრობა ყოველწლიურად დაახლოებით 300 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფოს ქონებას ყიდის. ხშირ შემთხვევაში აუქციონის თუ ქონების სიმბოლურ ფასად გადაცემის დროს განსაზღვრულია საინვესტიციო ვალდებულებები, რომ ტერიტორიის შემძენმა ადგილზე კონკრეტული მოცულობის ინვესტიცია უნდა ჩადოს, რაც აუდიტირებულად უნდა დასტურდებოდეს.
თუმცა არაერთ შემთხვევაში, ინვესტორები ამ ვალდებულებების შესრულებას ვერ ახერხებენ, რის გამოც მათ ჯარიმები და საურავები ეკისრებათ. თუმცა ასევე ხშირია შემთხვევები, როდესაც მთავრობა ინვესტორისთვის ვალდებულების შესრულების მოდიფიცირებას ახდენს.
მაგალითად, თუკი ინვესტორს 1 მილიონ ლარად ნაყიდ სანატორიუმში 4 წლის ვადაში სასტუმროს მოწყობა და $3 მილიონის ინვესტირება ევალება, შესაძლებელია ინვესტორი სახელმწიფოს მოულაპარაკდეს და ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დაკისრებული ჯარიმა, ისევე როგორც საწყისი საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადა მაგალითად 1 ან 2 წლით გაიხანგრძლივოს. არის შემთხვევები, როდესაც მთავრობის გადაწყვეტილებით ინვესტორებს საინვესტიციო ვალდებულებები ასევე დაკისრებული ჯარიმები უუქმდებათ. თუმცა, აღნიშნული პრაქტიკა მეტწილად გაუმჭვირვალეა და ბუნდოვანი რჩება რატომ ჩამოეწერა ვალდებულება ერთ ინვესტორს, ხოლო მეორე ინვესტორი მსგავსი ვალდებულების დარღვევისთვის სასამართლო პროცესებში არის ჩართული.
ამასთან, როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშიდან ირკვევა, წლების განმავლობაში, აკუმულირებულია საკმაოდ სოლიდური მოცულობა იმ ჯარიმებისა და საურავების მიმართულებით, რომლებიც კომპანიებს შეუსრულებელი საინვესტიციო ვალდებულებების გამო 2006-2022 წლების განმავლობაში დაუგროვდათ.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში მოცემულია ინფორმაცია სხვადასხვა ინვესტორების მიმართ მთავრობის მიერ გამოყენებულ განსხვავებულ მიდგომებზე, ზოგიერთ შემთხვევაში სასამართლო დავა, ზოგ შემთხვევაში პირგასამტეხლოს გადახდისთვის ახალი ვადის შედგენა, ზოგ შემთხვევაში კი ვალდებულებების პატიება.
“ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ პირგასამტეხლოების მისაღებად განხორციელებული ღონისძიებების შესწავლის მიზნით, აუდიტის ჯგუფმა შეარჩია 19 კონტრაქტორი, რომლებსაც დარიცხული პირგასამტეხლოები არ ჰქონდათ გადახდილი. მოწოდებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ ხუთ კონტრაქტორთან მიმდინარეობს სასამართლო დავა, რვა კონტრაქტორს განესაზღვრა პირგასამტეხლოს გადასახდელად დამატებითი ვადა, ოთხი კონტრაქტორი ითხოვს პირგასამტეხლოს ნაწილობრივ ან სრულად პატიებას და სააგენტოს მიერ მიმდინარეობს აღნიშნული საკითხის განხილვა, ერთი კონტრაქტორის პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება და ერთ კონტრაქტორს, საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების პირობით, 2023 წელს მთავრობის განკარგულებით ეპატია დაკისრებული პირგასამტეხლო. განკარგულების თანახმად, პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში მოხდება პირგასამტეხლოს აღდგენა,”- ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში.