თურქეთის საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების კოლეგიის (DEIK) თურქეთ-საქართველოს ბიზნესსაბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარის ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძის განცხადებით, საქართველოს საინვესტიციო გარემოს ძირითადი გამოწვევა სამუშაო ძალა და კვალიფიკაციაა.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ საქართველოს საინვესტიციო გარემოს სუსტ მხარეებზე საუბრისას განაცხადა.
„ყველაზე დიდი პრობლემა ადამიანური რესურსები და კვალიფიციური სამუშაო ძალაა. ინვესტორი როცა ქვეყანაში ინვესტირებით ინტერესდება, ჯერ სვამს კითხვას - სამუშაო ძალა არის? ასევე, ყოფილა ბევრი შემთხვევა, როდესაც სამუშაო ძალა არის, მაგრამ პრობლემაა კვალიფიკაცია. ამდენად, ინვესტორი როცა შემოდის საქართველოში, მას მინიმუმ 6 თვე სჭირდება, რომ გადაამზადოს ადამიანები - ეს ყველა სფეროში - ტექსტილში, ტურიზმში თუ სამშენებლო სექტორში გამოწვევაა“, - განაცხადა ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძემ, რომელმაც ერთ-ერთ კონკრეტულ მაგალითად „აჭარა ტექსტილი“ მოიყვანა.
„პანდემიის დროს ჩვენმა ერთ-ერთმა წევრმა „აჭარა ტექსტილმა“ რუსთავში სამკერვალო ქარხანა ააშენა, მაგრამ 6 თვე დაგვჭირდა ადამიანების გადასამზადებლად. ახლაც, ჩემი ინფორმაციით, ხალხს ვერ ვპოულობთ, რომ დავასაქმოთ“, - აღნიშნა მან.
ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძეს სამუშაო ძალის დეფიციტის გამოწვევის დაძლევა მთავრობის და კერძო სექტორის ერთობლივი კომუნიკაციით წარმოუდგენია. მისივე თქმით, ამ საკითხზე სააგენტოსთან „აწარმოე საქართველოში“ გარკვეული მოლაპარაკებები აქვთ.
„მთავრობასთან ყველა შეხვედრაზე ვსაუბრობთ ამ გამოწვევაზე, მაგრამ ჯერ ვერ გადაიჭრა. ჩვენი ასოციაცია მზად არის ერთობლივი მუშაობისთვის. ვფიქრობთ, უნდა გაიხსნას სკოლები, სადაც ყველა მოთხოვნად სფეროში გადავამზადებთ ადამიანებს. მაგალითად, ტურიზმის სფეროში ძალიან კარგად მუშაობს ასეთი მექანიზმი - ქართველები სწავლობენ თურქეთის რესპუბლიკაში და შემდეგ ზოგიერთი ბრუნდება სამშობლოში, ზოგი - არა, ამიტომ ერთი პირობა გვაქვს ხოლმე - აუცილებლად უნდა დაბრუნდნენ საქართველოში“, - განაცხადა მან.
„თურქეთ-საქართველოს ბიზნესსაბჭო და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია აერთიანებს სხვადასხვა სფეროში მოქმედ თურქულ კომპანიებს, რომლებიც საქართველოში ახორციელებენ ინვესტიციებს.
ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძის ინფორმაციით, წევრი კომპანიები, ჯამში, 21 000 ადამიანს ასაქმებენ საქართველოში.
„თურქი ბიზნესმენები როდესაც საქართველოში ინვესტირებას გეგმავენ, პირველ რიგში, ჩვენთან მოდიან. ჩვენ ვართ ხიდი თურქ ინვესტორებსა და საქართველოს მთავრობას შორის - ჩვენი მისიაა, თურქ ინვესტორებს საქართველოში ინვესტიციის სწორად დაბანდებაში დავეხმაროთ“, - ამბობს ის.