თურქეთის საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების კოლეგიის (DEIK) თურქეთ-საქართველოს ბიზნესსაბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარის ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძის ინფორმაციით, წევრი კომპანიები საქართველოში 21 000 ადამიანს ასაქმებენ.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა.
"თურქი ბიზნესმენები როდესაც საქართველოში ინვესტირებას გეგმავენ, პირველ რიგში, ჩვენთან მოდიან. ჩვენ ვართ ხიდი თურქ ინვესტორებსა და საქართველოს მთავრობას შორის - ჩვენი მისიაა, თურქ ინვესტორებს საქართველოში ინვესტიციის სწორად დაბანდებაში დავეხმაროთ.
ყველა შეხვედრაზე, სტამბოლში, ბურსაში თუ ანკარაში ვამბობთ, რომ საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა და იქ ინვესტირების შემთხვევაში, შეძლებთ თქვენი პროდუქცია გაყიდოთ არა მხოლოდ ადგილზე, არამედ ექსპორტზე გაიტანოთ მეზობელ ქვეყნებში, ასევე ევროკავშირსა და ჩინეთში, რომლებთანაც თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმები აქვს ქვეყანას.
ჩვენ ვცდილობთ, ვიპოვოთ ისეთი ინვესტორები, რომლებსაც ბიზნესი აქვთ თურქეთში და თუ აპირებენ ევროპაში ინვესტირებას, არ გავუშვათ და შემოვიყვანოთ საქართველოში. ჩვენი მიზანი ეს არის, თუმცა ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ინვესტორი ძალიან ფრთხილია და ვიდრე გადაწყვეტილებას მიიღებს, ის უნდა დარწმუნდეს, რომ საქართველოში კარგი ბიზნესგარემოა და პრობლემები არ შეექმნება", - თქვა მან და იქვე დასძინა, რომ გადაწყვეტილების მიღებისას, ინვესტორები ყურადღებას აქცევენ რეგიონში სტაბილურობას.
გარდა ამისა, ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე საქართველოს საინვესტიციო გარემოს უმთავრეს გამოწვევად ადამიანურ რესურსებს და კვალიფიციურ სამუშაო ძალას ასახელებს. მისი აზრით, აღნიშნული გამოწვევა ქვეყანაში ახალი ინვესტიციების შემოსვლას აფერხებს.
„ყველაზე დიდი პრობლემა ადამიანური რესურსები და კვალიფიციური სამუშაო ძალაა. ინვესტორი როცა ქვეყანაში ინვესტირებით ინტერესდება, ჯერ სვამს კითხვას - სამუშაო ძალა არის? ასევე, ყოფილა ბევრი შემთხვევა, როდესაც სამუშაო ძალა არის, მაგრამ პრობლემაა კვალიფიკაცია. ამდენად, ინვესტორი როცა შემოდის საქართველოში, მას მინიმუმ 6 თვე სჭირდება, რომ გადაამზადოს ქართველები - ეს ყველა სფეროში - ტექსტილში, ტურიზმში თუ სამშენებლო სექტორში გამოწვევაა“, - განაცხადა ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძემ.
თურქეთ-საქართველოს ბიზნესსაბჭო და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია აერთიანებს სხვადასხვა სფეროში მოქმედ თურქულ კომპანიებს, რომლებიც საქართველოში ახორციელებენ ინვესტიციებს.