საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად, მცხეთის მუნიციპალიტეტში, მისაქციელის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვების 25-წლიანი ლიცენზია აუქციონზე 1 043 960 ლარად გავა.
მთავრობამ თანხმობა გასცა შესაბამისი აუქციონის საწყისი ფასისა და სალიცენზიო პირობების განსაზღვრის შესახებ. ლიცენზია ითვალისწინებს წელიწადში 340 000 მ³ მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვებას (40 000 მ³-ის ჩამოსხმის მიზნით, 300 000 მ³ სხვა სამეწარმეო დანიშნულებით).
ამასთან, ეკონომიკის სამინისტროს სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს მიერ განსაზღვრული სალიცენზიო პირობების შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელი ვალდებული იქნება:
- ლიცენზიის ძალაში შესვლიდან მაქსიმუმ 2 წლის ვადაში შეისწავლოს სასარგებლო წიაღისეულის რესურსი, გამოთვალოს წყლის მარაგი და შესაბამის ორგანოში მარაგების ანგარიში წარადგინოს;
- ლიცენზიის ძალაში შესვლიდან მაქსიმუმ 2 წლის ვადაში წყლის ჩამოსასხმელი ქარხნის მშენებლობა და ექსპლუატაციაში მიღება უზრუნველყოს, რისთვისაც მინიმუმ 25 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს;
- ინვესტიციის განხორციელებიდან 2 თვის ვადაში ლიცენზიის გამცემს წარუდგინოს აუდიტორის/აუდიტორული ფირმის დასკვნა, რომელიც ამ ვალდებულების შესრულებას დაადასტურებს;
- ლიცენზიის მოქმედების პერიოდში მუდმივად დაასაქმოს საქართველოს მინიმუმ 50 მოქალაქე.