მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარიზის აუქციონზე ბრიჯიტ ბარდოს პირადი ნივთები 1 მილიონ ევროდ გაიყიდა

ბრიჯიტ ბარდო

სააუქციონო სახლ Millon-ის ინფორმაციით, პარიზის აუქციონზე ფრანგი კინოვარსკვლავი ბრიჯიტ ბარდოს პირადი ნივთების გაყიდვით თითქმის 1 მილიონი ევრო შეგროვდა, რაც წინასწარ შეფასებულ ღირებულებას თითქმის 20-ჯერ აღემატება.

სააგენტო AFP-ის ცნობით, აუქციონზე სულ 285 ნივთი იყო გამოტანილი - დაწყებული ჩალის ქუდებით, მზის სათვალეებითა და ღამის პერანგებით, დამთავრებული ჭურჭლითა და ავეჯით ბარდოს პარიზისა და სენ-ტროპეს სახლებიდან.

ბარდომ, რომელიც გასული წლის დეკემბერში 91 წლის ასაკში გარდაიცვალა, სამსახიობო კარიერა 1970-იან წლებში დაასრულა და ცხოველთა უფლებების აქტიური დამცველი გახდა. აუქციონიდან მიღებული შემოსავალი მის მიერ დაარსებულ ცხოველთა დაცვის ფონდსა და მის ერთადერთ შვილს, ნიკოლა-ჟაკ შარიეს გადაეცემა.

მსახიობის მიერ 1986 წელს შექმნილი "ბრიჯიტ ბარდოს ფონდის" ცნობით, ოთხი თავშესაფრისა და 150 პარტნიორი ობიექტის მეშვეობით მათ 13 000 ცხოველი შეიფარეს, მხარს უჭერენ 350 ორგანიზაციას საფრანგეთში და მსოფლიოს 70 ქვეყანაში ოპერირებენ.

აუქციონზე დაახლოებით 3 000 ფრანგი და საერთაშორისო მყიდველი დარეგისტრირდა.

"ბრიჯიტ ბარდომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საოცარი ალქიმიკოსია: მან წინასწარ დაახლოებით 50 000 ევროდ შეფასებული ნივთები თითქმის 1 მილიონ ევროდ აქცია (საკომისიოების ჩათვლით)", - განაცხადა აუქციონერმა ალექსანდრ მიიონმა.

ძაღლის ორ საყელურში, რომლებზეც ბარდოს სახელი და ტელეფონის ნომერი იყო დატანილი და წინასწარ 30 ევროდ იყო შეფასებული, რუსმა მყიდველმა 9 400 ევრო გადაიხადა.

ავტოპორტრეტი თითქმის 40 000 ევროდ გაიყიდა, ხოლო საბეჭდი მანქანა, რომლითაც მან ავტობიოგრაფია დაწერა - 4 634 ევროდ.

ორ გიტარაში, რომლებიც 300-დან 500 ევრომდე იყო შეფასებული, მყიდველებმა 8 600 და 1 900 ევრო გადაიხადეს, ხოლო სელაპის სამი რბილი სათამაშო თითქმის 2 200 ევროდ გაიყიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები