ლენტეხის მუნიციპალიტეტში, მდინარე ცხენისწყალზე 22 მგვტ დადგმული სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის - "ცხენისწყალი 1 ჰესის" მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება. პროექტთან დაკავშირებით 17 სექტემბერს საქართველოს მთავრობამ პროექტის ინვესტორს, შპს „ჰაიდრო ინვესტ ჯი ეის“ მშენებლობის საბანკო გარანტიის წარდგენა დაავალა.
აგვისტოში პროექტის განმახორციელებელი კომპანიის - შპს „ჰაიდრო ინვესტ ჯი ეი“-ის დირექტორმა, გიორგი მარგებაძემ BMG-სთან განაცხადა, პროექტის საინვესტიციო ღირებულება 30-დან 35 მლნ დოლარამდეა და ამჟამად დაფინანსებასთან დაკავშირებით ბანკთან მოლაპარაკება დასკვნით ფაზაშია.
ცხენისწყალი 1 ჰესმა პირველ CFD აუქციონში გაიმარჯვა, ელექტროენერგიის შესასყიდმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 6.85 ცენტი შეადგინა.
მისივე თქმით, მშენებლობის ხანგრძლივობა, ექსპლუატაციაში მიღებამდე, დაახლოებით წელიწად-ნახევარია. გიორგი მარგებაძე ეკონომიკურთან ერთად პროექტის სოციალურ მნიშვნელობაზეც ამახვილებს ყურადღებას.
"სერიოზული სოციალური პაკეტები გვაქვს ადგილობრივი მოსახლეობისთვის შეთავაზებული, როგორც დასაქმების, ისე ინფრასტრუქტურული კუთხით. ენერგეტიკული მიმართულებით ქვეყანას სერიოზულ ობიექტს შევძენთ, რომელიც ელექტროენერგიის გამომუშავების, იმპორტდამოკიდებულების შემცირების ნაწილში თავის სოლიდურ სიტყვას იტყვის", - აღნიშნა გიორგი მარგებაძემ.
პროექტის თანახმად, უნდა აშენდეს მოდინების ტიპის ჰესი, რომელს 7.2-კილომეტრიანი სადერივაციო გვირაბისგან შედგება. ჰესის სათავე ნაგებობა ზღვის დონიდან 1730 მეტრის სიმაღლეზე განთავსდება, სააგრეგატო შენობა კი 1,405 მეტრის სიმაღლეზე. პროექტის თანახმად, ელექტროსადგური ენერგიას 4 აგრეგატის მეშვეობით გამოიმუშავებს.