მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იპოდრომზე ცენტრალური პარკის მოწყობა დაახლოებით $20 მლნ დაგვიჯდება - "ქართუ ფონდი"

62ebb0fb404f7
BM.GE
04.08.22 15:42
3621

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის მოწყობის პროექტში განსახორციელებელ ცვლილებებს გაეცნო.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ცვლილებების თანახმად, შეიცვალა დეკორატიული ატრაქციები. კერძოდ, ფრანგული ბაღისა და ბოტანიკური ბაღის ადგილზე, რომელთა საერთო ფართობი 28 232 კვადრატულ მეტრს შეადგენდა, მოეწყობა გამწვანებული სივრცეები და საპიკნიკე მოლები, ხოლო მცირე ზომის გორაკებზე დაირგვება ხე-მცენარეები ჩრდილისთვის.

თბილისის მერის განცხადებით, ცენტრალური პარკის მოწყობის სამუშაოებს, მუნიციპალიტეტისთვის ტერიტორიის გადმოცემასთან ერთად, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი და ფონდი „ქართუ“ აფინანსებს.

„ცენტრალური პარკის პროექტში განხორციელდა ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება. ეს იყო მოქალაქეების დაკვეთა. ფრანგული და იაპონური ბაღების ნაცვლად, გაჩნდა ორი დიდი მდელო, რაც გამოყენებული იქნება სხვადასხვა მიზნისთვის - დასვენებისთვის, გართობისთვის და ა.შ. ხაზი მინდა გავუსვა ერთ გარემოებას - ხშირად არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ, თითქოს, მუნიციპალიტეტი ხარჯავს თანხებს ამ პროექტის განხორციელებაში. ეს სივრცე მუნიციპალიტეტს საქველმოქმედო ფონდი „ქართუსგან“ საჩუქრად გადმოეცა. პროექტი სრულად დაფინანსებულია ბიძინა ივანიშვილის მიერ. როგორც ქალაქის მერს, თბილისში მცხოვრებ ადამიანს ძალიან მიხარია, რომ ჩვენი დედაქალაქისთვის მსგავსი პროექტი ხორციელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ფონდი „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარის, ნიკოლოზ ჩხეტიანის განმარტებით, პროექტის განხორცილება "ქართუ ფონდს" 20 მლნ დოლარი დაუჯდება. 

"ეს არის ის 36 ჰექტარი, რომელიც ფონდმა გადასცა თბილისის მუნიციპალიტეტს. ეს ტერიტორია თავის დროზე შეძენილ იქნა წინა ხელისუფლების დროს 52 მლნ დოლარად. შესაბამისად ასეთი დონაცია განხორციელდა "ქართუ ფონდის" მხრიდან. გარდა ამისა ფონდი უზრუნველყოფს პარკის გაშენებას, რაც დამატებით სადღაც 20 მლნ დოლარი დაჯდება", - განმარტა ჩხეტიანმა ფეისბუქ ლაივის დროს.

გარდა ამისა, პარკის მოწყობის პროექტში საპარკინგე ადგილის ფართი შემცირდა და მის ადგილზე, 5 937 კვადრატულ მეტრ ფართობზე, დაგეგმილია გამწვანებული სივრცეებისა და ჩოგბურთის სპორტული მოედნის მოწყობა. პარკში 440 ადგილის ნაცვლად, 245 საპარკინგე ადგილი დარჩება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები