განათლების პოლიტიკის მკვლევარის ვანო გომურაშვილის განცხადებით, უმაღლესი განათლების კანონში დაგეგმილი ცვლილებები განათლების ხარისხისა და სამართლიანობის თვალსაზრისით სერიოზულ კითხვებს აჩენს.
საქმე ისაა, რომ პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომლის თანახმადაც 2010 წლის 1 სექტემბრამდე ერთსაფეხურიანი პროგრამის დასრულების შედეგად გაცემული ყველა დიპლომი, მიუხედავად სწავლის ხანგრძლივობისა, მაგისტრის ხარისხთან გათანაბრდება. გარდა ამისა, აკრედიტაციის გარეშე მიღებული დიპლომების აღიარებაც იგეგმება.
ვანო გომურაშვილი მიიჩნევს, რომ განათლების სისტემაში რეფორმა უნდა ემყარებოდეს ხარისხის გაძლიერებას და არა სტანდარტების დაწევას, რადგან საბოლოოდ ეს როგორც სტუდენტებს, ისე მთლიანად ქვეყნის განათლების სისტემას აზიანებს.
"კანონპროექტით შემოთავაზებული ეს ცვლილებები სერიოზულ განათლების ხარისხისა და სამართლიანობის თვალსაზრისით კითხვებს აჩენს. როდესაც ყველა ერთსაფეხურიანი პროგრამის დიპლომი ავტომატურად უთანაბრდება მაგისტრის ხარისხს, უგულებელყოფილია ის მნიშვნელოვანი განსხვავებები, რაც სხვადასხვა პერიოდისა და ტიპის პროგრამებს შორის არსებობდა.
ეს მიდგომა ქმნის საფრთხეს, რომ ფორმალურად გაიზარდოს „მაგისტრების“ რაოდენობა, მაგრამ რეალურად შემცირდეს ამ ხარისხის აკადემიური ღირებულება.
განსაკუთრებით პრობლემურია ის ფაქტი, რომ ბაკალავრისა და მაგისტრატურის სწავლების შინაარსი არსებითად განსხვავდება.
ბაკალავრიატი, განსაკუთრებით 2010 წლამდე, უმეტესად იყო თეორიული ცოდნის გადაცემაზე ორიენტირებული, მაშინ როცა მაგისტრატურა გულისხმობს ღრმა ანალიზს, კვლევით უნარებს და დამოუკიდებელ აკადემიურ მუშაობას.
შესაბამისად, იმ დიპლომის გათანაბრება, რომელიც კვლევით კომპონენტს არ მოიცავდა, მაგისტრის ხარისხთან, აკადემიური სტანდარტების გაუფასურებას იწვევს, რადგან მაგისტრატურა არ არის მხოლოდ „შემდეგი საფეხური“, ის არის კვლევაზე დაფუძნებული განათლება, რომელიც ამზადებს სტუდენტს სამეცნიერო საქმიანობისთვის.
თუ ბაკალავრის დონის პროგრამები ავტომატურად ჩაითვლება მაგისტრატურად, ეს ნიშნავს, რომ ადამიანებს ენიჭებათ კვალიფიკაცია, რომლისთვისაც მათ რეალურად არ გაუვლიათ შესაბამისი აკადემიური და კვლევითი მომზადება.
ასევე პრობლემურია აკრედიტაციის გარეშე მიღებული დიპლომების აღიარება. აკრედიტაცია სწორედ ის მექანიზმია, რომელიც უზრუნველყოფს განათლების ხარისხის მინიმალურ სტანდარტს. მისი გვერდის ავლით გაცემული დიპლომების აღიარება აჩენს კითხვებს იმაზე, თუ რამდენად თანაბარ პირობებში აღმოჩნდებიან სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა პირობებში განათლება მიღებული ადამიანები. ეს შეიძლება უარყოფითად აისახოს როგორც შრომის ბაზარზე, ისე საერთაშორისო დონეზე ქართული განათლების რეპუტაციაზე", - წერს ვანო გომურაშვილი.




























