მთავრობამ პარლამენტში წარადგინა კანონპროექტი, რომელიც ათასობით კურსდამთავრებულს უმაღლესი განათლების აღიარებისა და ხარისხის გათანაბრების პროცედურებს გაუმარტივებს.
განმარტებითი ბარათის მიხედვით, ცვლილებების მთავარი მიზანია, აღმოიფხვრას წლების განმავლობაში არსებული საკანონმდებლო ხარვეზები, რის გამოც მოქალაქეებს საკუთარი დიპლომების ნამდვილობის დასამტკიცებლად სასამართლოებში წლობით დავა უწევდათ.
დოკუმენტში წერია, რომ 2004 წელს მიღებულმა რეფორმამ, რომელმაც საქართველო განათლების სამსაფეხურიან სისტემაზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) გადაიყვანა, ბევრი კითხვა გააჩინა ძველი სისტემის დიპლომებთან დაკავშირებით.
ძირითადი პრობლემები, რომლებსაც კანონი დღემდე ვერ აგვარებდა:
- უთანასწორობა სწავლის ფორმის მიხედვით: აქამდე მოქმედი ნორმით, თუ ორი ადამიანი ერთსა და იმავე სპეციალობას ეუფლებოდა, მაგრამ ერთი სწავლობდა 4 წელს (დასწრებული), ხოლო მეორე 5 წელს (დაუსწრებელი), პირველის დიპლომი ბაკალავრს უთანაბრდებოდა, მეორისა კი — მაგისტრს. ეს იმ პირობებში, როცა სწავლის შედეგი და კვალიფიკაცია იდენტური იყო.
- ასპირანტურის ბარიერი: 4-წლიანი პროგრამის კურსდამთავრებულებს, რომელთაც ადრე ასპირანტურაში სწავლის უფლება ჰქონდათ, დღეს მაგისტრთან გაუთანაბრებლობის გამო, მესამე საფეხურზე (დოქტორანტურა) სწავლის გაგრძელება ეზღუდებოდათ.
- არააკრედიტებული სასწავლებლები: სტუდენტები, რომლებიც სასწავლებელში კანონიერად ჩაირიცხნენ, მაგრამ დაწესებულებამ სწავლის პროცესში აკრედიტაცია დაკარგა, სახელმწიფოსგან აღიარებას ვერ იღებდნენ.
„სასამართლო პრაქტიკით, საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დაშვებული შეცდომა არ შეიძლება უარყოფითად აისახოს სტუდენტზე, რომელსაც ჰქონდა კანონიერი ნდობა და სწავლობდა სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სასწავლებელში“, - ნათქვამია განმარტებით ბარათში.
ამასთან კანონპროექტი რამდენიმე ფუნდამენტურ ცვლილებას ითვალისწინებს:
- მაგისტრთან გათანაბრება: 2010 წლის 1 სექტემბრამდე დასრულებული ნებისმიერი ერთსაფეხურიანი უმაღლესი პროგრამის დიპლომი (მიუხედავად სწავლის ხანგრძლივობისა — 4 წელი იქნება ეს თუ 5) ავტომატურად გათანაბრდება მაგისტრის ხარისხთან.
- არააკრედიტებული რეჟიმის აღიარება: თუ სტუდენტი 2010 წლის 1 სექტემბრამდე კანონის დაცვით ჩაირიცხა ლიცენზირებულ სასწავლებელში, მისი დიპლომი აღიარებული იქნება მაშინაც კი, თუ სასწავლებელმა მოგვიანებით აკრედიტაცია ვერ გაიარა ან დაკარგა.
- ლიცენზიის გარეშე დაწყებული სწავლა: აღიარებული იქნება იმ პირების განათლებაც, ვინც ჩაირიცხა ჯერ კიდევ არალიცენზირებულ დაწესებულებაში, თუმცა ამ დაწესებულებამ კვალიფიკაციის მინიჭების მომენტისთვის უკვე ფლობდა შესაბამის ლიცენზიას.
კანონპროექტის ავტორები (განათლების სამინისტრო) მოელიან, რომ ცვლილებები მნიშვნელოვნად განმუხტავს სასამართლო სისტემას.
- ფინანსური დაზოგვა: მოქალაქეებს აღარ მოუწევთ ბაჟის გადახდა (რაც წელიწადში ათასობით ლარს შეადგენს), ადვოკატების აყვანა და ნოტარიული ხარჯების გაღება.
- დროის რესურსი: განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი პირდაპირ შეძლებს დოკუმენტების დადასტურებას, სასამართლო გადაწყვეტილების ლოდინის გარეშე.
- სახელმწიფო ბიუჯეტი: მართალია, ბიუჯეტში სასამართლო ბაჟის სახით შემოსავალი შემცირდება, თუმცა სახელმწიფო უწყებები (ცენტრი) დაზოგავენ დიდ თანხებს, რომლებსაც აქამდე წაგებული დავების გამო იხდიდნენ (მაგალითად, 2025 წელს ამ ხარჯმა 135 ათას ლარზე მეტი შეადგინა).




























