პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს მოუსმინეს. მთავარი საკითხები, რაც სხდომაზე განიხილეს, პენსიონერებისთვის სესხებზე საპროცენტო განაკვეთებია. ნათია თურნავამ დეპუტატების კითხვებს უპასუხა, რომელთა შორის, ოვერდრაფტის საკითხზე, შეკითხვა, “მოქალაქეების“ დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმაც დასვა.
ალეკო ელისაშვილი: "თქვენ თვით, რომ ოვერდრაფტებთან დაკავშირებით იყო პრობლემა, ეუბნებოდნენ რომ სესხია. ზოგ პენსიონერს წესიერი სათვალეც არ უკეთია და მიდი ახლა და ასწავლე ბანკომატზე რას დააჭიროს. ოვერდრაფტი რა არის? - იხდი თანხას, გეჭრება პენსიიდან, მაგრამ ძირი არ იფარება, მხოლოდ პროცენტი იფარება. თქვენც ხომ აღიარებთ, რომ ამ ადამიანებს ატყუებდნენ. ახლა ისიც გვითხარით, უკვე მოტყუებულ პენსიონერებს რას ეტყვის ეროვნული ბანკი, სესხის მაგივრად რომ ოვერდრაფტი შეაჩეჩეს. ის ადამიანები ხომ დაზარალებულები არიან და ხომ შეგიძლიათ ეს სისტემურად მოაგვაროთ?".
ნათია თურნავა დეპუტატს დაეთანხმა, რომ პრობლემა ნამდვილად არსებობს, თუმცა როგორც მან თქვა ოვერდრაფტს ვერ აკრძალავენ. სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გამოსავალს ფინანსური განათლების ამაღლებაში ხედავს. მისი თქმით, სებ-ი ამ საკითხზე სისტემურად მუშაობს და ცალკე დეპარტამენტიც კი შეიქმნა, რომელიც ფინანსურ განათლებას და შესაბამის სტრატეგიებს ამუშავებს.
"ბევრი რამე გაკეთდა ინფორმირებულობის გაზრდის თვალსაზრისით. მაგალითად, დავინახეთ რომ მომრავლდა, მომართვიანობა ოვერდრაფტების გაუაზრებელი ათვისების ბანკომატების გამო, რადგან სწრაფი ტექნოლოგია/სისტემაა და შეიძლება ამ დროს გააზრება ვერ ხდება, ამიტომ დავავალდებულეთ საფინანსო ინსტიტუტები მეტი ინფორმირებულობა გაკეთდეს და იმ ოვერდრაფტს კიდევ SMS-იც მიჰყვეს, რომ მისი წაკითხვა შესაძლებელი იყოს. ავკრძალეთ პროაქტიული რეკლამა ამ თვალსაზრისით. ბევრი რამ გაკეთდა და არ არის ისე, რომ ჩვენ თქვენგან ვიგებთ ამ პრობლემაზე. ეს პრობლემა ნამდვილად არსებობს. მთავარია სწორი გადამოწმებული ინფორმაცია მიეწოდებოდეს პენსიონერებს.
ოვერდრაფტი არის სესხის ერთ-ერთი ნაირსახეობა და ჩვენი კანონმდებლობით ადამიანს მიუხედავად მისი ასაკისა, თვითონ აირჩიოს რომელი საბანკო პროდუქტით ისარგებლებს. იქნება ეს ოვერდრაფტი, ჩვეულებრივი სესხი თუ სხვა. ამ უფლების შეზღუდვა ფინანსებზე წვდომის შეზღუდვასთან არის კავშირში. იქნებ როგორ სჭირდება პენსიონერს ის 20-30 ლარი, რომელიც საბოლოო ჯამში ოვერდრაფტია, მაგრამ წამლის საყიდლად არ ყოფნის და უნდა იყიდოს. არ მგონია ამ კუთხით, რომ რაიმე დრაკონული ამკრძალავი ზომები უნდა მივიღოთ. აქედან გამომდინარე სისტემურად უნდა მოვაგვაროთ გააზრების, ინფორმირების და ფინანსური განათლების პრობლემა. ეს ერთ და ორ დღეში არ ხდება ამიტომ სებ-ი ამ საკითხზე სისტემურად მუშაობს, ცალკე დეპარტამენტიც შევქმენით, რომელიც ფინანსურ განათლებას და შესაბამის სტრატეგიებს ამუშავებს. მზად ვართ ამ საკითხებზე სამუშაოდ თუ თქვენ მეტი კონკრეტიკით შემოხვალთ ჩვენთა", - უპასუხა ნათია თურნავამ დეპუტატს.
სიტყვით გამოსვლისას “მოქალაქეების” წევრმა, ქეთევან თურაზაშვილმა ასევე ოვერდრაფტის საკითხი გააჟღერა. მისი მთავარი კითხვა იყო, რატომ აქვს “ლიბერთი ბანკს” უფლება, გასცეს პენსიონერებზე ოვერდრაფტი ისე, რომ მათ არ აუხსნას პირობები და საფრთხეები, რომელსაც ოვერდრაფტი შეიცავს. იგი მიიჩნევს, რომ ყველა პენსიონერი, როდესაც არჩევანი ექნებოდათ აეღოთ ჩვეულებრივი სესხი თუ ოვერდრაფტი, აუცილებლად აირჩევდა სესხს, რომელზეც ძირიც იფარება და პროცენტიც.
ცნობისთვის, 22 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავასა და “ლიბერთი ბანკის” გენერალური დირექტორის, ბექა გოგიჩაიშვილის შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 150 000-ზე მეტ პენსიონერს, რომლებმაც სესხი 2023 წლამდე აიღეს, პროცენტი შეუმცირდებათ და იმ პროცენტს გაუტოლდება, რომელიც 2023 წლიდან დაწესდა.