“პოსტ-კრიზისის შემდეგ იქნება სექტორები, სადაც კიდევ უფრო მეტად გაიზრდება მოთხოვნა,” - განაცხადა სსიპ “აწარმოე საქართველოში” ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა გადაცემა “Forbes-ის კვირაში”. ხიდურელის თქმით, კრიზისის შემდეგ, მოსალოდნელია, რომ მრავალმა საერთაშორისო კომპანიამ გადაწყვიტოს, საკუთარი საწარმოო სიმძლავრეების დამოკიდებულება ჩინეთზე ეტაპობრივად შეამციროს და მისი დივერსიფიცირება დაიწყოს, ამ მხრივ კი, საქართველოს ევროკავშირთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება მნიშვნელოვან პოტენციალს ანიჭებს. ამასთან, მიხეილ ხიდურელის თქმით, უკვე შეიმჩნევა სფეროები, რომლებზეც ინვესტორთა მოთხოვნა კრიზისის მიუხედავად მზარდია და ეს პირველ რიგში, ბიზნეს პროცესების აუთსორსინგია.
“მინდა, რომ მოსახლეობისთვის კარგად განვმარტო რას ნიშნავს ეს შესაძლებლობა ჩვენთვის და როგორი მომზადებული უნდა დავხვდეთ მას. ზოგადად, გლობალურად ეკონომიკური წესრიგი იცვლება. რა თქმა უნდა, მთლიანი უცხოური ინვესტიციების მოცულობა დაიკლებს. კომპანიები ზოგი მთლიანად გააუქმებს ინვესტიციას, მაგრამ არის დიდი წილი, კომპანიებისა, რომლებიც რელოკაციას მოახდენს მიწოდების ჯაჭვების. გაჩნდა ახალი ტერმინიც ჩინეთს პლიუს 1, 2 და 3. ეს ნიშნავს, რომ კომპანიები, რომლებსაც ოპერაციები აქვთ ჩინეთში, აუცილებლად მოძებნიან ჩინეთის ალტერნატივას. ისინი, რა თქმა უნდა, ჩინეთის ბაზარს ვერ დატოვებენ, მნიშვნელოვანი ნაწილი მათი ოპერაციების დარჩება ჩინეთში, თუმცა ისინი დააზღვევენ რისკებს და მონახავენ მეტი დივერსიფიცირების გზებს. ზუსტად აქ არის ჩვენი ყველაზე დიდი უპირატესობა გეოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე. აუცილებლად დასავლური კომპანიები შეეცდებიან, რომ მიწოდების ჯაჭვი დაამოკლონ, სწორედ ჩვენ ვართ იმ გეოგრაფიულად სტრატეგიულ ადგილზე, სადაც უნდა ვიყოთ და ეს შანსი გამოვიყენოთ. ჩვენ თუ შევხედავთ ჩინეთიდან ექსპორტირებულ პროდუქტს მსოფლიოში რა წილი უკავია და შევხედავთ ისეთ ტოპ პროდუქტებს, როგორიცაა ტექსტილი, ტყავის ნაწარმი, ელექტროტექნიკა და ასე შემდეგ. ეს არის პროდუქტები, რომელთა ექსპორტირებისას, ექსპორტიორს უწევს ბაჟის გადახდა ევროკავშირში და ეს პროდუქტები, რომლებიც ჩამოვთვალე და რომლებიც პრიორიტეტულია, ჩვენ შეგვიძლია ვაწარმოოთ. ჩვენთან წარმოების შემთხვევაში, ევროკავშირში ექსპორტი ბაჟისგან თავისუფალია და ეს ძალიან დიდ შესაძლებლობას ქმნის.
პოსტ-კრიზისის შემდეგ იქნება სექტორები, სადაც კიდევ უფრო მეტად გაიზრდება მოთხოვნა. ეს არის მაგალითად, ბიზნეს პროცესების აუთსორსინგი, რომელიც ბევრისთვის გასაკვირად, რომ კრიზისია, კი არ მცირდება, მოთხოვნა იზრდება ამ ბიზნესზე. დღეს ჩვენ გვაქვს შემთხვევა, როდესაც ჩვენი ერთ-ერთი კომპანია, რომელიც სერვისს აწვდის გლობალურ კომპანიას, კი არ ამცირებს სამუშაო ადგილებს, პირიქით ამატებს ასობით სამუშაო ადგილს. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს არის მომავლის დარგი. კარგია, რომ ჩვენ აქ უკვე ფეხი გვაქვს მოკიდებული და ასეც გავაგრძელებთ,” - ამბობს მიხეილ ხიდურელი.
“Forbes-ის კვირასთან” საუბარში “აწარმოე საქართველოში”-ს ხელმძღვანელმა თქვა ისიც, რომ მთავრობა ამ პროგრამის გაფართოებას და ბიზნესისთვის მასზე ხელმისაწვდომობის გაზრდას გეგმავს. ეს მიხეილ ხიდურელის განმარტებით, პროგრამაში მონაწილეობის მინიმალური სასესხო მოთხოვნის 50,000 ლარამდე შემცირებაში, ასევე სესხის თანადაფინანსების კოეფიციენტის გაზრდასა და ახალ სექტორებზე დაფინანსების გაცემაში გამოიხატება.
2020 წლის მდგომარეობით, სსიპ “აწარმოე საქართველოში”-ს ბიუჯეტი 57.5 მილიონი ლარია.
მიხეილ ხიდურელი "Forbes-ის კვირაში":




























