მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირაკლი ბურჭულაძე [მთის] ბიზნესს არ გვხვდება. ამბობს, რომ საპენსიო სააგენტოში გადადის - მირანდა ესაკია

მირანდა ესაკია

მთის კურორტების ბიზნეს ასოციაციის დამფუძნებლების ინფორმაციით, მთის ტრასების სააგენტოს დირექტორი ირაკლი ბურჭულაძე, ფაქტობრივად, არ მუშაობს.

ამის შესახებ მთის კურორტების ბიზნეს ასოციაციის თანადამფუძნებელმა მირანდა ესაკიამ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, სადაც ვრცლად ისაუბრა იმ პრობლემებზე, რაც მთის კურორტებზე, განსაკუთრებით, გუდაურში არსებობს.

სამთო ბიზნესის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ზამთრის სეზონისთვის კურორტის მომზადება გვიანდება.

როცა მივმართავთ ირაკლი ბურჭულაძეს, რათა შეგვხვდეს, ის ამბობს, რომ რამდენიმე კვირაში გადადის საპენსიო სააგენტოში, თუ არ ვიცი, სად და აბსოლუტურად, ყველა პასუხისმგებლობას თავიდან იცილებს. ჩვენ ირაკლი ბურჭულაძე არ გვეკონტაქტება. იცით, მე, როგორც ბიზნესის ერთ-ერთ წარმომადგენელს, გულშემატკივარს და ბიზნეს ასოციაციის დამფუძნებელს მაქვს კითხვა - ხელოვნურად აკეთებენ იმას, რომ ჩვენი კურორტები გაკოტრდეს იმიჯურად, ფინანსურად?! წარმოუდგენელი, რაც დღეს ყველა კურორტზე ხდება, მით უმეტეს, გუდაურში“, - აცხადებს მთის კურორტების ბიზნეს ასოციაციის თანადამფუძნებელი მირანდა ესაკია.

ირაკლი ბურჭულაძის მიერ MTA-ის დირექტორის თანამდებობის დატოვების შესახებ სოციალურ ქსელში მთის კურორტების ბიზნეს ასოციაციის თანადამფუძნებელმა გიგი თევზაძემაც რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია.

""მთის ტრასების სააგენტოში“ ტოპ-მენეჯმენტი, რომელიც კურორტებს (გოდერძი, ბაკურიანი, გუდაური, სვანეთი) მართავს, სეზონის გახსნამდე ორი თვით ადრე ტოვებს სამსახურს. უამრავი პრობლემის და გამოწვევის მიუხედავად ირაკლი ბურჭულაძე (MTA დირექტორი) გადადის სხვა სამსახურში, ახალი მენეჯერი კი არც ვიცით ვინ იქნება, როდის მოვა და რას შეძლებს. თუ მოვა, სავარაუდოდ, სანამ რამეში გაერკვევა, სეზონი ან შუაში იქნება, ან უკვე დასრულებული. ანუ ისევ ღმერთის იმედად ვართ. იქნებ დიდი თოვლი მოვიდეს და ამათი უპასუხისმგებლობა გადაფაროს, როგორც ყოველთვის. აი, ეს არის მათი მიდგომა! პასუხისმგებლობის გარეშე, ხალხისა და ბიზნესის ხარჯზე“, - აცხადებს გიგი თევზაძე.

ცნობისთვის: ბიზნესრეესტრის და ასევე, მთის ტრასების სააგენტოს ვებგვერდის თანახმად, MTA-ს დირექტორი ირაკლი ბურჭულაძეა. BMG ინფორმაციის გადამოწმებას ეკონომიკის სამინისტროში ცდილობს. აღსანიშნავია, რომ მთის ბიზნესის წარმომადგენლების ინფორმაციითვე, MTA-ს დირექტორის მოადგილის პოსტი უკვე დატოვა თამაზ გამცემლიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები