მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა. მან წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღება აღიარა - სუს

პრემიერი

დღეს, სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა. მან ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი. ამის შესახებ სუს-ში გამართულ ბრიფინგზე, ცოტა ხნის წინ განაცხადეს.

უწყების ცნობით, გამოძიება შემდგომ დღეებში იმსჯელებს მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების და ბრალის კვალიფიკაციის საკითხზე.

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მიმდინარეობს ინტენსიური, კომპლექსური, ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები სისხლის სამართლის საქმეებზე, რომლებთან დაკავშირებითაც წინა დღეების განმავლობაში ჩატარდა სხვადასხვა, მათ შორის, ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და მათთან დაკავშირებული პირების საცხოვრებელი ბინების ჩხრეკები.

მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე წუთის წინ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გაიმართა ბრიფინგი ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე და ხსენებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად ერთ-ერთ დაკავებულ პირთან დაკავშირებით.

დამატებით, საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ დღეს, სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოიკითხა ყოფილო პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი. მომდევნო დღეების განმავლობაში გამოძიება არსებული და დამატებით მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, იმსჯელებს მის მიმართ როგორც მისი ქმედების დაკვალიფიცირების, ასევე მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის საკითხზე, რაც ასევე ეცნობება საზოგადოებას",- განაცხადეს სუს-ში, სადაც არ უპასუხეს ჟურნალისტების კითხვას, დაკავებულია თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი.

ცნობისთვის, გაჩხრიკეს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის, რომეო მიქაუტაძის, მიხეილ ჩოხელის, ვანო და თორნიკე პარკაულების და სანდრო ლილუაშვილის სახლები. ამოღებულია დაახლოებით 7,002,200 აშშ დოლარი, 136,000 ლარი და ძვირფასეულობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები