მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და სხვების სახლების ჩხრეკის შედეგად $7 მილიონი და 136 000 ლარია ამოღებული - სუს

232

ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის და სხვების სახლების ჩხრეკის შედეგად 7 მილიონი დოლარი და 136 000 ლარია ამოღებული. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე ცოტა ხნის წინ განაცხადეს.

უწყებამ გუშინ ჩატარებულ ჩხრეკებზე, რომელიც 24 ბინას და საცხოვრებელ სახლს მოიცავდა, დამატებითი განმარტება გააკეთა. როგორც სუს-ში ამბობენ, მიმდინარეობს ამოღებულ დოკუმენტაციასა და ელექტრომოწყობილობებზე არსებული ინფორმაციის შესწავლა-დამუშავება. ასევე, ნაღდი ფულის რეალური წარმომავლობის დადგენა, რის შემდეგაც მოხდება დამუშავებული ინფორმაციის მიხედვით შემდგომი საგამოძიებო-ოპერატიული მოქმედებების დაგეგმვა და შესაბამის პირთა მიმართ სამართლებრივი რეაგირება.

უწყებაში არ უპასუხეს ჟურნალისტების კითხვას, არის თუ არა ამ დროისთვის ვინმე დაკავებული.

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოებას დამატებით მივაწვდით ინფორმაციას გუშინ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიების შესახებ.

როგორც თქვენთვის უკვე ცნობილია, გუშინ, დილის 10:00 საათიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიჩხრიკა 24 ბინა და საცხოვრებელი სახლი. ასევე ჩატარდა პირადი ჩხრეკები. ღონისძიება ჩატარდა როგორც თბილისში, ასევე დედოფლისწყაროს, ვანის, ჩოხატაურისა და ბორჯომის რაიონებში. გაიჩხრიკა მოქალაქეების ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის, რომეო მიქაუტაძის, მიხეილ ჩოხელის, ვანო და თორნიკე პარკაულების, ანდრია (იგივე სანდრო) ლილუაშვილის და მათი ოჯახის წევრების საცხოვრებელი სახლები. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობდა საქართველოს პროკურატურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 230-მდე თანამშრომელი.

შედეგად, სხვადასხვა ადგილიდან ამოღებულია ნაღდი ფული, საერთო ჯამში 7 002 200 აშშ დოლარისა და 136 000 ლარის ოდენობით, 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი, ძვირადღირებული ნახატები, დოკუმენტაცია რამდენიმე ათას ფურცლად, 50 ერთეული მობილური ტელეფონი და 119 ერთეული ელექტრო მოწყობილობა.

ამჟამად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლების მიერ ერთობლივად, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ხსენებულ დოკუმენტაციასა და ელექტრომოწყობილობებზე არსებული ინფორმაციის შესწავლა-დამუშავება. ასევე, ამოღებული ნაღდი ფულის რეალური წარმომავლობის დადგენა, რის შემდეგაც მოხდება დამუშავებული ინფორმაციის მიხედვით შემდგომი საგამოძიებო-ოპერატიული მოქმედებების დაგეგმვა და შესაბამის პირთა მიმართ სამართლებრივი რეაგირება",- განაცხადეს სუს-ში.

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს განაცხადა. როგორც წასვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ის საკუთარ თავს ბიზნესში ხედავს, თუმცა პოლიტიკაში დაბრუნებასაც არ გამორიცხავდა. პოლიტიკიდან წასვლამდე ღარიბაშვილი 2024 წლის თებერვლიდან "ქართული ოცნების" თავმჯდომარე იყო. მანამდე კი პრემიერის პოსტს იკავებდა, სანამ ის ირაკლი კობახიძემ არ ჩაანაცვლა.

გრიგოლ ლილუაშვილმა კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მიმდინარე წლის აპრილის დასაწყისში დატოვა. ლილუაშვილი "ოცნების" თავდაპირველი გეგმით ახალშექმნილ რეგიონული განვითარების სამინისტროს უნდა ჩასდგომოდა სათავეში, თუმცა მალევე ცნობილი გახდა, რომ ლილუაშვილი ამ პოსტზე აღარ დაინიშნებოდა. კობახიძემ მაშინ მიზეზად "განსხვავებული მოსაზრებები" დაასახელა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები