დღეს ცნობილი გახდა, რომ "ნამახვანჰესის" ინვესტორმა კომპანია Enka Renewables-მა საქართველოს წინააღმდეგ საერთაშორისო არბიტრაჟში გაიმარჯვა და კომპანიამ სახელმწიფოსგან 383.2 მილიონი დოლარის კომპენსაცია უნდა მიიღოს. BMG-იმ იუსტიციის სამინისტროს მიმართა კითხვით ექვემდებარება თუ არა გასაჩივრებას ეს გადაწყვეტილება და როდის მოხდება აღნიშნული კომპენსაციის გადახდა, რომელიც ლარის უკანასკნელი გაუფასურების ფონზე უკვე 1 მილიარდ ლარს აჭარბებს. ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტის მიერ დამტკიცებულმა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი 2 დეკემბერს განაცხადა, რომ დავა ჯერ კიდევ გრძელდება, თუმცა საქართველოს შესაძლოა ამ მასშტაბური კომპენსაციის გადახდა მოუწიოს.
ENKA-მ 2021 წლის 22 სექტემბერს გამოაქვეყნა განცხადება, რომლის თანახმადაც სახელმწიფოს მიერ კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო კომპანია ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის საინვესტიციო შეთანხმებიდან გადიოდა, მალევე კი ცნობილი გახდა, რომ კომპანიამ საერთაშორისო არბიტრაჟს მიმართა.
ირაკლი ღარიბაშვილის 2021 წლის განცხადებით პროექტი არსებული პირობებით აღარ გაგრძელდებოდა
სახელმწიფოს მხრიდან კონტრაქტის პირობების დარღვევაში კომპანია გულისხმობდა ირაკლი ღარიბაშვილის მიერ 2021 წლის 9 ივნისს გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც პროექტი არსებული სახით არ განხორციელდებოდა და საქართველოს მთავრობის 2021 წლის 21 აპრილის განცხადებას, რომლითაც ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობამ ნამახვანჰესის კაშხლის მშენებლობაზე 12-თვიანი მორატორიუმი გამოაცხადა და განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტრო დაიქირავებდა კონსულტანტებს იმისთვის, რათა მათ შეეფასებინათ რამდენად სამართლიანი იყო ის პირობები, რომლებსაც ENKA-სთან 2019 წლის 21 აპრილს გაფორმებული საინვესტიციო შეთანხმება ითვალისწინებდა. 2019 წლის 21 ნოემბერს კი საქართველოს მთავრობამ, რომელსაც აღნიშნულ პერიოდში გიორგი გახარია ხელმძღვანელობდა ENKA-ს პროექტის განსახორციელებლად 99 წლის ვადით გადასცა 576 ჰექტარის მიწის ნაკვეთი. აღნიშნულ პერიოდში საკითხს ეკონომიკის სამინისტრო წარმართავდა, რომელსაც ნათია თურნავა ხელმძღვანელობდა.
თუმცა, ჯერ კიდევ 2021 წლის 25 აპრილს მთავრობამ, რომელსაც უკვე ირაკლი ღარიბაშვილი მართავდა, კომპანიას მიანიშნა, რომ ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებით შეფასებას მოახდენდნენ. თუმცა, თავად საინვესტიციო შეთანხმებაში მკაფიოდ იყო განსაზღვრული, რომ პროექტთან დაკავშირებით ორივე მხარის მიერ პირობების დარღვევას ან ფორსმაჟორის შექმნა შესაძლებელი იყო გასაჩივრებულიყო საერთაშორისო არბიტრაჟში, რა გზასაც კომპანიამ 2021 წლის ოქტომბერშივე მიმართა.
“ENKA Renewables-ი, რომელშიც ENKA İNŞAAT-ი 90%-იან წილს ფლობს, საქართველოს სახელმწიფოს აცნობს, რომ მოხდეს ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის კასკადის მშენებლობა-ფლობა-ოპერირების თაობაზე, 2019 წლის 21 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტა/გაუქმება, რის მიზეზსაც კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევა და ფორსმაჟორი წარმოადგენს", - ნათქვამი იყო ENKA-ს მიერ 2021 წლის 22 სექტემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში.
2021 წლის 9 ივნისს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ პროექტი არსებული სახით არ განხორციელდებოდა.
“ნამახვანის პრობლემა, მოგეხსენებათ, მემკვიდრეობით დამხვდა და ამაზე მე აქტიურად ვმუშაობ. იმ პირობებით, რა პირობებითაც დაგვხვდა ეს პროექტი - 100 წელი და ასე შემდეგ... მე შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი პირობებით ჩვენ არ გავაგრძელებთ ამ პროექტს - ეს ერთი. ჩვენ ინვესტორს ველაპარაკებით და დიდი იმედი მაქვს, დავითანხმებთ, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესების სასიკეთოდ წამოვიყვანოთ ის და კიდევ უფრო უკეთესი პირობებით ავაშენოთ ნამახვანჰესი, რომელიც იქნება საუკეთესო ინტერესების გამტარებელი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, მათ შორის ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე მოქალაქეებისთვის,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ნამახვანჰესის შესახებ - პროექტის ისტორია
საქართველოს მთავრობამ ნამახვანჰესის პროექტის განვითარების მიზნით 2015 წლის 25 დეკემბერს გამოაცხადა ინტერესთა გამოხატვა. ენერგეტიკის სამინისტროს დოკუმენტაციის თანახმად, პროექტი ჰესების კასკადის მშენებლობას ითვალისწინებდა, რომლის სიმძლავრეც 433 მეგავატი უნდა ყოფილიყო. აღნიშნულ პერიოდში ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვას თან ახლდა იტალიური არქიტექტურული ბიუროს Studio Pietrangeli-ის მიერ შემუშავებული საინჟინრო ნახაზები და გათვლები.
2017 წელს ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებულად ნორვეგიული “Clean Energy”-ის მიერ დაფუძნებული შპს “Clean Energy Group Georgia” გამოცხადდა, რომელმაც შემდგომში კომპანიის საკონტროლო პაკეტი (90%-იანი წილი) თურქულმა კორპორაცია ENKA Insaat-მა შეიძინა და კომპანიას სახელიც შეუცვალა (Enka Renewables), თუმცა ქლინ ენერჯი დღემდე ფლობს მასში 10%-იან წილს.
2019 წლის 21 აპრილს საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ საინვესტიციო შეთანხმება სწორედ Enka Renewables-თან გააფორმა, რომელიც პროექტში $800 მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავდა. 2020 წლის 28 თებერვალს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ პროექტის გარემოსდაცვითი დოკუმენტაცია დაამტკიცა. აღნიშნულ პერიოდში გარემოსდაცვითი ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივა” მიუთითებდა, რომ ეს გადაწყვეტილება გაცემული იყო იმგვარად, რომ კომპანია “Enka Renewables”-ს არ ჰქონდა წარდგენილი კრიტიკულად მაღალი მნიშვნელობის კვლევები პროექტის გარემოზე ზემოქმედებასთან დაკავშირებით.
2021 წლის ოქტომბერში კი BMG-სთან ინტერვიუში საქართველოში USAID-ის განახლებადი ენერგიის პროექტის დირექტორმა დენიელ პოტაშმა განაცხადა, რომ ნამახვანჰესის პროექტის ტექნიკური ანალიზი კარგად იყო ჩატარებული და კონტრაქტი კარგად იყო მომზადებული, ხოლო პროექტის შეჩერება ქვეყანაში ახალ ინვესტორებს დააფრთხობდა.
“ნამახვანის შემთხვევა დააფრთხობს ინვესტორებს, მათ, ვინც საქართველოში ფიქრობს გრძელვადიანი და კაპიტალტევადი ინვესტიციების განხორციელებას. მე შემიძლია ვთქვა, რომ ნამახვანი, როგორც მე შევისწავლე ეს პროექტი, ტექნიკური ანალიზი კარგად იყო ჩატარებული, მიმაჩნია, რომ კონტრაქტი კარგად იყო მომზადებული – ღია, კონკურენტული ტენდერის საფუძველზე, 19 პრეტენდენტით საწყის ეტაპზე და შემდეგ 3 კომპანიით "შორთლისტში". კარგი კომპანიებით, რომლებიც საბოლოოდ შეირჩა.
ვფიქრობ, ამ პროექტს ძალიან კარგი საფუძველი აქვს. ვფიქრობ, ასევე რომ თემთან ურთიერთობაც საკმაოდ კარგად წარიმართა და ისიც მგონია, რომ ადგილობრივი თემი საკმაოდ კმაყოფილი იყო საწყის ეტაპზე. შემდეგ სხვა ძალები ჩაერივნენ და ვფიქრობ, ამის შემდეგ დავა გასცდა უკვე იმ დავას, ნამახვანი კარგი პროექტია თუ ცუდი და იყო თუ არა ეს პროცესი კანონიერი და სამართლიანი." – თქვა პოტაშმა.
საპროტესტო მოძრაობა პროექტთან დაკავშირებით
ნამახვანჰესის პროექტის ფაქტობრივი შეჩერება მნიშვნელოვანწილად განაპირობა საპროტესტო კამპანიამ, რომელიც პროექტთან დაკავშირებით იყო შექმნილი. 2020 წლის 29 ოქტომბერს ნამახვანჰესის პროექტის მოწინააღმდეგეებმა ჰესის სამშენებლო ზონის მიმდებარედ ჯვარი აღმართეს, ეს ნაბიჯი მათ შორის პროექტის ინვესტორის წინააღმდეგ არსებულ ანტითურქულ სენტიმენტთანაც იყო დაკავშირებული, რაც ჰესის სამშენებლო არეალში კომპანიისთვის მიწების გადაცემის წინააღმდეგ იყო მიმართული.
2020 წლიდან პროექტთან დაკავშირებით შეიქმნა მოძრაობა რიონის ხეობის მცველები, რომლებიც გარემოსდაცვითი და ადგილობრივი კლიმატის ცვლილების საკითხებიდან გამომდინარე პროექტის განხორციელებას აპროტესტებდნენ, 2020 წლის 29 ოქტომბერს კი მათ პროექტის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯვარი აღმართეს. აღნიშნულის შემდეგ პროექტმა პოლიტიკური განზომილებაც შეიძინა და მასთან დაკავშირებით ახალი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებდა, რომ პროექტზე მთავრობის მიერ გაფორმებული საინვესტიციო შეთანხმება კითხვის ნიშნებს აჩენდა. აღნიშნული შეთანხმება ხელმოწერილი იყო მაშინ როდესაც ეკონომიკის მინისტრის პოსტს ნათია თურნავა, პრემიერ-მინისტრის პოსტს კი მამუკა ბახტაძე იკავებდნენ. შესაბამისად, საქართველოს მთავრობა პროექტთან მიმართებით მხარდაჭერის ნაცვლად ირიბ წინააღმდეგობას სწევდა, რაც საინვესტიციო შეთანხმების იურიდიული შეფასების დაწყებასა და კაშხლის მშენებლობაზე მორატორიუმის გამოცხადებაში აისახა, 2021 წლის 9 ივნისს კი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ პროექტი არსებული სახით არ გაგრძელდებოდა.
ნამახვანჰესთან დაკავშირებით EU-ს შუამდგომლობით მედიაციის პროცესიც მიმდინარეობდა, რაც 2021 წლის 15 სექტემბერს რიონის ხეობის მცველებმა დატოვეს, 2021 წლის 22 სექტემბერს კი თავად ENKA-მ განაცხადა რომ პროექტის საინვესტიციო შეთანხმებიდან მთავრობის მიერ კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო გადიოდა.
2023 წელს საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით მათ სხვადასხვა პოტენციურ ინვესტორთან ჰქონდათ მოლაპარაკებები. უცნობია ჩაერთვება თუ არა რომელიმე ინვესტორი ამ პროექტის განვითარებაში, რომელიც ერთხელ უკვე წარუმატებლად დასრულდა.
"ქართული ოცნების" ერთპარტიული პარლამენტის მიერ არჩეული პრემიერი ირაკლი კობახიძე პროექტის ჩაშლას მხოლოდ და მხოლოდ NGO-ების საქმიანობას უკავშირებს და მთავრობის პასუხისმგებლობას გამორიცხავს, ირაკლი ღარიბაშვილისგან განსხვავებით ის აცხადებს, რომ ინვესტორთან კონტრაქტი "აბსოლუტურად გამართული იყო"
"გახსოვთ რა პროცესები უკავშირდებოდა ამ დავას, რა პროცესების საფუძველზე წარმოიშვა ეს დავა. რეალურად თურქულ კომპანიას ჰქონდა შეთანხმება საქართველოს მთავრობასთან, ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით. პროექტი იყო აბსოლუტურად გამართული, თუმცა გაიმართა საპროტესტო აქციები, საეჭვო პირები იყვნენ ჩართული აქციებში და გარდა ამისა, უცხოეთიდან დაფინანსებული კონკრეტული NGO-ები, 3 კონკრეტული NGO შეიძლება გამოიკვეთოს, მათ შორის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სოციალური სამართლიანობის ცენტრი, მწვანე ალტერნატივა იყო ჩართული, უცხოური დაფინანსებით დაიბლოკა ერთ-ერთი სტრატეგიული პროექტი და ამის გამო ქვეყანას შეიძლება მოუწიოს გადახდა, ჯერ გრძელდება კიდევ დავა და ქვეყანას შეიძლება მოუწიოს ზიანის ანაზღაურება და ეს არის მრავალმილიონიანი ზიანი. ვინ იღებს ამაზე პასუხისმგებლობას? უცხოეთიდან ფინანსდებოდა", - განაცხადა 2 დეკემბერს ირაკლი კობახიძემ.
თუმცა, ფაქტია რომ 2021 წელს საქართველოს მთავრობა აკეთებდა საპირისპირო განცხადებებს და მიუთითებდა, რომ ინვესტორთან არსებული კონტრაქტი უნდა გადახედილიყო.