თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების საქმეზე ბრალდებული ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე იმსჯელა და წინასასამართლო სხდომის თარიღად 19 ოქტომბერი განსაზღვრა. სხდომა 11 საათზე გაიმართება. ინფორმაციას IPN ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, აღკვეთის ღონისძიების საკითხთან დაკავშირებით, მოსამართლის, ფიქრია სექტურაშვილის თქმით, “არ არსებობს პატიმრობის შეცვლის საფუძველი”.
დღევანდელ პროცესს თავად ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არ დასწრებია. მოსამართლის განმარტებით, პენიტენციური დაწესებულებიდან წარმოდგენილი განცხადების თანახმად, ბრალდებულმა ირაკლი ღარიბაშვილმა უარი განაცხადა დღევანდელ პროცესში მონაწილეობაზე. შესაბამისად, სხდომის განხილვა ბრალდებულის გარეშე ჩატარდა.
საქართველოს პროკურატურამ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღების ფაქტზე ახალი ბრალდება წარუდგინა. უწყების განცხადებით, საქმე თავდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებულ საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვებს და ამ პროცესის შედეგად ირაკლი ღარიბაშვილისთვის 750 000 ლარის ქრთამის გადაცემას ეხება.
პროკურატურის ვერსიით, ქრთამის თანხა ყოფილ პრემიერ-მინისტრამდე მაშინდელი თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის გავლით მივიდა. გამოძიების თანახმად, თავდაცვის სამინისტროს სამედიცინო აპარატურისა და ინვენტარის შესყიდვებისას კონკურენტული გარემო ხელოვნურად შეიზღუდა, რამაც სახელმწიფოსთვის საქონლის რეალურ ღირებულებაზე მნიშვნელოვნად მაღალი ფასის გადახდა გამოიწვია.
ამჟამად ირაკლი ღარიბაშვილი სხვა სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს მიერ დამტკიცებული საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 5-წლიან სასჯელს იხდის. ახალი ბრალდება კი, პროკურატურის მიერ მითითებული კვალიფიკაციით, 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




























