საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქონებრივი დეკლარაცია შეავსო, რომელიც გასული წლის შემოსავლებსა და ხარჯებს ასახავს. დოკუმენტის თანახმად, პრემიერმა ხარჯები მშობლებისგან საჩუქრად მიღებული 180,000 ლარით დააბალანსა.
მშობლებისგან მიღებული ფულადი საჩუქარი იყო პრემიერ-მინისტრის ხარჯების დაბალანსების წყარო წინა ორ ქონებრივ დეკლარაციაშიც, მაშინ პრემიერს 150-150 ათასი ლარი აჩუქეს. შესაბამისად, მხოლოდ 3 წელში ირაკლი ღარიბაშვილმა მშობლებისგან 480 ათასი ლარი მიიღო.
რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის მიერ ხელფასის სახით აღებულ შემოსავალს, დეკლარაციის მიხედვით ის 41,000 ლარს შეადგენდა. შედარებისთვის ეს თითქმის ორჯერ ნაკლებია იმ ანაზღაურებაზე, რასაც რიგითი მინისტრები იღებენ.
დეკლარაციაში პრემიერ-მინისტრი ნაღდი ფულის დანაზოგის სახით 40,000 ლარს უთითებს, საბანკო ანგარიშებზე კი მას 23 ათასი ლარი აქვს განთავსებული. პრემიერის მეუღლეს, ნუნუ თამაზაშვილს კი საბანკო ანგარიშებზე 100 ათას ლარამდე აქვს განთავსებული.
პრემიერ-მინისტრის ოჯახმა გასულ წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტში 1,530 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 402 კვადრატული მეტრის სახლი შეიძინა, რაშიც 76,500 დოლარი გადაიხადა.
პრემიერის ოჯახმა 58 ათასი ლარის დანახარჯი გასწია შვილების განათლებაზე, ხოლო მოგზაურობის ხარჯად ირაკლი ღარიბაშვილი 8,868 დოლარს უთითებს.