მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი კობახიძე და კახა კალაძე საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს პორტუგალიასთან გამარჯვებას ულოცავენ

სს
27.06.24 01:47
964

ირაკლი კობახიძე და კახა კალაძე საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს პორტუგალიასთან მოგებას ულოცავენ.

ფეხბურთის ნიჭი რომ გვაქვს ქართველებს, ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა და მადლობა მათ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან გერმანიაში, საქართველო-პორტუგალიის მატჩის შემდეგ.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, პორტუგალიასთან მოგებას განსაკუთრებული ფასი აქვს.

“წარმოუდგენელი ემოციებია. ბიჭებთან ვიყავით, მივულოცეთ. მართლა სასწაული გვაჩუქეს ბიჭებმა და ყველას ეკუთვნის მადლობაზე მეტი. საოცრებაა, იბრძოლეს ბოლომდე და გარდა ბრძოლისა, ფეხბურთის ნიჭი რომ გვაქვს ქართველებს, ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა და მადლობა მათ. სასწაულია, პირველი ევროპის ჩემპიონატია და პირველივე ევროპის ჩემპიონატზე როდესაც ჯგუფიდან გადიხარ, ეს არის საოცრება. კიდევ ერთხელ მადლობა ბიჭებს, მადლობა ყველას. პორტუგალიამ ბოლომდე იომა მიუხედავად იმისა, რომ სატურნირო ცხრილი აძლევდა მოდუნების საშუალებას, ბოლომდე იბრძოლეს, ბოლომდე იომეს. ასეთი გუნდი დავამარცხეთ, ეს კიდევ უფრო მეტად დასაფასებელია. ესპანეთთანაც მოგებისთვის უნდა გავიდეთ. რა თქმა უნდა, ყველა თამაში რთულია ევროპის ჩემპიონატზე, მაგრამ ესპანეთთანაც, დარწმუნებული ვარ, ბიჭები მოგებისთვის გავლენ და დანარჩენი ვნახოთ, ბურთი მრგვალია და ყველაფერი შესაძლებელია,”- განაცხადა პრემიერმა.

თბილისის მერის, კახა კალაძის შეფასებით კი ეროვნულმა ნაკრებმა საოცარი ფეხბურთი აჩვენა. მისი თქმით, საქართველოს წინ კიდევ ბევრი წარმატება ელოდება.

„მინდა საქართველოს მივულოცო ეს გამარჯვება. ვფიქრობ, რომ ყველას ვისაც ჩვენი ქვეყნის წარმატება უხარია დღეს არის უბედნიერესი. საოცარი ფეხბურთი აჩვენა ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა, სული და გული ჩადეს. მინდა ქართველ გულშემატკივარს ვუთხრა მადლობა ქომაგობისთვის. ვულოცავ სრულიად საქართველოს, წინ კიდევ ბევრი წარმატება გველოდება“,- განაცხადა კალაძემ.

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში საქართველომ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა, პორტუგალიის ნაკრები 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. მატჩის პირველი გოლი შეხვედრის დაწყებიდან მეორე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ხოლო მეორე გოლი, მეორე ტაიმში, პენალტით გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.

30 ივნისს, მერვედფინალში საქართველო ესპანეთს დაუპირისპირდება.

როგორც ცნობილია, ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა 18 ივნისს, თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა, ხოლო 22 ივნისს გამართულ მეორე მატჩში ჩეხეთის ნაკრებთან შეხვედრა ფრედ, 1:1 დაასრულა, შესაბამისად, ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები