26 ოქტომბრის არჩევნებში ბარიერგადალახულმა 4-მა ოპოზიციურმა პარტიამ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს წერილი გაუგზავნა. ისინი ევროკავშირს მოუწოდებენ, არ აღიაროს გაყალბებული არჩევნების შედეგები და გადადგას ნაბიჯები საქართველოს მთავრობაზე ზეწოლისთვის, თუ უარს იტყვის არჩევნების დამოუკიდებელი გამოძიების უზრუნველყოფაზე.
წერილს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა პრემიერი ირაკლი კობახიძე და თქვა, რომ "რადიკალური ოპოზიცია ყოველდღიურად ავლენს საკუთარ სახეს". კობახიძემ ოპოზიციის წერილის მხოლოდ ნაწილზე გაამახვილა ყურადღება.
„დღეს, ამ ოთხმა პარტიამ, სინამდვილეში ერთმა პოლიტიკურმა ძალამ მიმართა ევროკავშირს კონკრეტული მოთხოვნებით და მე მინდა, ჩამოვთვალო ეს ძირითადი მოთხოვნები - მათ მოითხოვეს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება, ეს არის პირველი მოთხოვნა, რომელიც მათ დააყენეს, არც მეტი, არც ნაკლები. მოითხოვეს კომუნიკაციის შეწყვეტა ევროკავშირსა და სახელმწიფო ინსტიტუტებს, ხელისუფლებას შორის. მათ მოითხოვეს 120 მლნ-იანი დაფინანსების შეჩერება და ასევე მოითხოვეს, რომ ეს თანხა მიემართოს აგენტურის გაძლიერებისკენ ჩვენს ქვეყანაში. ეს არის 3 მთავარი მოთხოვნა, რომლითაც მიმართა რადიკალურმა ოპოზიციამ ბრიუსელს. თქვენ გახსოვთ საუკუნის წინ ცნობილი გზავნილი, რომელიც სერგო ორჯონიკიძემ გაუგზავნა მოსკოვს, ეს არის სერგო ორჯონიკიძის გზავნილი საუკუნის თავზე, ოღონდ არა მოსკოვს, არამედ ამ შემთხვევაში ბრიუსელს.
ისინი ყოველდღიურად ავლენენ სახეს, რაც არის ძალიან კარგი, ამას ხედავს საზოგადოება. ვფიქრობ, რომ ის 785 000 ადამიანიც, რომელმაც მხარი დაუჭირა ამ რადიკალურ ძალებს, თანდათანობით გადააფასებს საკუთარ არჩევანს და, საბოლოო ჯამში, ისინი დაუბრუნდებიან იმ პოზიციას, რომელიც დაკავშირებულია ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარებასთან. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, სხვა სამართალდამცავ უწყებებს იმისათვის, რომ მათ სათანადოდ მართეს ეს პროცესები დღემდე და, რა თქმა უნდა, ასე გაგრძელდება პროცესების მართვა მომდევნო დღეების განმავლობაშიც. საზოგადოება შეწუხებულია იმ აქტივობების გამო, რომელსაც ახორციელებს რადიკალური ოპოზიცია, თუმცა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ყველაფრის ჯეროვნად მართვა და კიდევ ერთხელ მადლობა შსს-ს, რომელიც სათანადოდ წარმართავს ამ პროცესებს და, რა თქმა უნდა, მომავალშიც ყველაფერი გაკეთდება, რომ უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება, სტაბილურობა ქვეყანაში და ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საკითხზე კომენტარი გააკეთა დედაქალაქის მერმაც. კახა კალაძემ თბილისი მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ოპოზიციურ პარტიებს მოღალატეები უწოდა. კალაძის მტკიცებით, ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ გადაწყვიტა, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერონ .
"რადიკალურმა ოპოზიციის წარმომადგენელმა ოთხმა პარტიამ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ანტისახელმწიფოებრივი წერილი საიდუმლოდ გაუგზავნეს. ინფორმაცია მათივე პარტიის წარმომადგენლებმა მოგვაწოდეს.
წერილში წერია: გადაიდოს საქართველო-ევროკავშირის ასოცირებული საბჭოს შეხვედრები, შეჩერდეს ყველა მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი, გაიყინოს ტექნიკური თანამშრომლობის მექანიზმები, შეჩერდეს 120 მილიონი ევროს ოდენობის ყოველწლიური ფინანსური დახმარების გამოყოფა საქართველოსთვის და ეს თანხები გადანაწილდეს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ე.წ. დამოუკიდებელ მედიაზე, შეიქმნას სამოქალაქო ორგანიზაციების პირდაპირი დაფინანსების მექანიზმი.
რადიკალები საპარლამენტო არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადებას და საქართველოსთან ყველა დონეზე ურთიერთობის შეჩერებას მოითხოვენ. ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებისთვის გაგზავნილ ანტისახელმწიფოებრივ წერილში, ისინი მოუწოდებენ ევროკავშირს 30 დღის განმავლობაში დააინიიცირონ სპეციალური მისია“, - განაცხადა თბილისის მერმა.
ცნობისთვის, ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ („კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“) ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს წერილი 18 ნოემბერს დაგეგმილი ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს წინ გაუგზავნეს.
წერილის თანახმად, არსებობს რამდენიმე მყისიერი ნაბიჯი, რომელიც ევროკავშირს შეუძლია ზეწოლა მოახდინოს ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის მიერ მართულ მთავრობაზე, თუ მთავრობა უარს იტყვის არჩევნების დამოუკიდებელ გამოძიებაზე:
- ევროკავშირის ხელმძღვანელობით მისიის დაწყება 2024 წლის არჩევნებში გარე და შიდა ჩარევის შესაფასებლად მომდევნო 30 დღის განმავლობაში. 2024 წლის არჩევნების ყოვლისმომცველი საერთაშორისო შეფასების ინიციირება ევროკავშირის არჩევნების შემდგომი მისიის (EFM) მეშვეობით, რომელიც მუშაობს OSCE/ODIHR-თან კოორდინაციით, რათა: ჩაატაროს საარჩევნო გაყალბების ყოვლისმომცველი გამოძიება და შეაფასეთ საარჩევნო ინსტიტუტების კეთილსინდისიერება.
- მოუწოდოს საქართველოს მთავრობას, საერთაშორისო შეფასების ჩატარებამდე არ მოიწვიოს 26 ოქტომბერს არჩეული პარლამენტის სხდომა. ნათლად განაცხადოს, რომ ამ პარლამენტს არ ექნება ლეგიტიმაცია, თუ მოწვეული იქნება იქამდე სანამ საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად არაა აღიარებული. ეს შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლს პარლამენტის ლეგიტიმურობის შესახებ.
- მკაფიო განცხადება, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია მთავრობის მიერ ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების გამო.
- ევროკავშირის დონეზე არსებული ყველა ოფიციალური კომუნიკაციის შეჩერება არსებულ მთავრობასთან, მათ შორის:
ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომების გაუქმება
მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის შეჩერება
ტექნიკური თანამშრომლობის მექანიზმების გაყინვა სანამ ისინი არ დათანხმდებიან პროცესის საერთაშორისო ხელმძღვანელობით გამოძიებას.
5. ფინანსური დახმარების (წლიურად დაახლოებით 120 მლნ ევრო) შეჩერება, სანამ არჩევნების შესახებ გამოძიების შედეგები ცნობილი არ გახდება.
შეგახსენებთ, 2024 წლის 27 ივნისს, ევროპულმა საბჭომ განაცხადა, რომ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის შედეგად, ევროკავშირში მისი გაწევრიანების პროცესი “დე-ფაქტო შეჩერდა”. 17 ოქტომბერს კი, ევროპულმა საბჭომ განაცხადა, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია და მოუწოდა საქართველოს, გაეტარებინა დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები, რომლებიც ევროინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისია.
ამასთან, ევროკავშირის ლიდერებმა უკვე მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შეწყვეტის შესახებ და მხოლოდ მიმდინარე პროგრამების ნაწილში ეს თანხა 121 მლნ ევროა.