26 ოქტომბრის არჩევნებში ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები ევროკავშირს მოუწოდებენ, არ აღიაროს გაყალბებული არჩევნების შედეგები და გადადგას ნაბიჯები საქართველოს მთავრობაზე ზეწოლისთვის, თუ ის უარს იტყვის არჩევნების დამოუკიდებელი გამოძიების უზრუნველყოფაზე.
ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს წერილი 18 ნოემბერს დაგეგმილი ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს წინ გაუგზავნეს. აღსანიშნავია, რომ საბჭოს დღის წესრიგში ერთ-ერთი საკითხი სწორედ საქართველოში არსებული ვითარებაა.
პარტიები, რომლებიც 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ, აღნიშნავენ, რომ წინასწარი შედეგებისა და დამოუკიდებელი ანალიზის საფუძველზე, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების შემთხვევაში ერთობლივად მიიღებდნენ ხმების 52%-ს.
ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს გამაერთიანებელი ხედვაა, თუმცა, 26 ოქტომბრის არჩევნებმა გადაულახავი დაბრკოლება შექმნა ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, ვინაიდან პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირში გაწევრიანების კოპენჰაგენის კრიტერიუმებსა და საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოთხოვნებში ასახულ ფუნდამენტურ პრინციპებს.
„საარჩევნო გაყალბებისა და მანიპულაციების მასშტაბები უპრეცედენტო იყო“, - აღნიშნულია წერილში და მოყვანილია Edison Research-ისა და HarrisX-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშები არჩევნებში გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით.
წერილში ნათქვამია, რომ პროევროპული და დემოკრატიული პარტიები უარს ამბობენ არჩევნების ლეგიტიმურობის აღიარებასა და პარლამენტში შესვლაზე. ისინი ხაზს უსვამენ, რომ ოპოზიციის არაკონსტიტუციურად გამოცხადების მუქარის ფონზე, „უცხოური აგენტების” კანონის სრულ აღსრულებასთან ერთად, საქართველო მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის პერსპექტივის წინაშეა. ამიტომ, საერთაშორისო თანამეგობრობისგან, განსაკუთრებით ევროკავშირისგან, გადამწყვეტი მოქმედებაა საჭირო.
ოპოზიციური პარტიები მოუწოდებენ ევროკავშირს, არ აღიაროს გაყალბებული არჩევნები. წერილის თანახმად, არსებობს რამდენიმე მყისიერი ნაბიჯი, რომელიც ევროკავშირს შეუძლია ზეწოლა მოახდინოს ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის მიერ მართულ მთავრობაზე, თუ მთავრობა უარს იტყვის არჩევნების დამოუკიდებელ გამოძიებაზე:
- ევროკავშირის ხელმძღვანელობით მისიის დაწყება 2024 წლის არჩევნებში გარე და შიდა ჩარევის შესაფასებლად მომდევნო 30 დღის განმავლობაში. 2024 წლის არჩევნების ყოვლისმომცველი საერთაშორისო შეფასების ინიცირება ევროკავშირის არჩევნების შემდგომი მისიის (EFM) მეშვეობით, რომელიც მუშაობს OSCE/ODIHR-თან კოორდინაციით, რათა: ჩაატაროს საარჩევნო გაყალბების ყოვლისმომცველი გამოძიება და შეაფასეთ საარჩევნო ინსტიტუტების კეთილსინდისიერება.
- მოუწოდოს საქართველოს მთავრობას, საერთაშორისო შეფასების ჩატარებამდე არ მოიწვიოს 26 ოქტომბერს არჩეული პარლამენტის სხდომა. ნათლად განაცხადოს, რომ ამ პარლამენტს არ ექნება ლეგიტიმაცია, თუ მოწვეული იქნება იქამდე სანამ საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად არაა აღიარებული. ეს შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლს პარლამენტის ლეგიტიმურობის შესახებ.
- მკაფიო განცხადება, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია მთავრობის მიერ ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების გამო.
- ევროკავშირის დონეზე არსებული ყველა ოფიციალური კომუნიკაციის შეჩერება არსებულ მთავრობასთან, მათ შორის:
ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომების გაუქმება
მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის შეჩერება
ტექნიკური თანამშრომლობის მექანიზმების გაყინვა სანამ ისინი არ დათანხმდებიან პროცესის საერთაშორისო ხელმძღვანელობით გამოძიებას.
5. ფინანსური დახმარების (წლიურად დაახლოებით 120 მლნ ევრო) შეჩერება, სანამ არჩევნების შესახებ გამოძიების შედეგები ცნობილი არ გახდება.
პარტიების მხრიდან არის შეთავაზება, რომ დაფინანსება გადანაწილდეს საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართულებით, ჩამოყალიბდეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების პირდაპირი მხარდაჭერის მექანიზმები, შეიქმნას საგანგებო ფონდი დამოუკიდებელი მედიასაშუალებებისთვის, რომლებიც ზეწოლის წინაშე არიან.
„ჩვენი საბოლოო მოთხოვნა ცალსახაა: ჩატარდეს ახალი არჩევნები 2025 წელს გაუმჯობესებული საარჩევნო გარემოს პირობებში, პოლიტიკურად დაბალანსებული საარჩევნო ადმინისტრაციით და პოლიტიკურად ნეიტრალური სახელმწიფო ინსტიტუტებით. თუმცა, როგორც ევროკავშირის შესაძლო დაუყოვნებელი რეაქცია, როგორც ამ მიზნისკენ გადადგმული შუალედური ნაბიჯი, ჩვენ გვჯერა, რომ არჩევნების საერთაშორისო შეფასების მკაფიო მოწოდება და ევროკავშირთან დაკავშირებული ყოველგვარი მთავრობათაშორისი ურთიერთქმედების შეჩერება კარგი გზა იქნება საქართველოს დემოკრატიული მომავლის მხარდასაჭერად“,- აღნიშნულია წერილში, რომელსაც ხელს აწერენ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე, „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა.
შეგახსენებთ, 2024 წლის 27 ივნისს, ევროპულმა საბჭომ განაცხადა, რომ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის შედეგად, ევროკავშირში მისი გაწევრიანების პროცესი “დე-ფაქტო შეჩერდა”. 17 ოქტომბერს კი, ევროპულმა საბჭომ განაცხადა, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია და მოუწოდა საქართველოს, გაეტარებინა დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები, რომლებიც ევროინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისია.
ამასთან, ევროკავშირის ლიდერებმა უკვე მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შეწყვეტის შესახებ და მხოლოდ მიმდინარე პროგრამების ნაწილში ეს თანხა 121 მლნ ევროა.