არჩევნებში ბარიერგადალახულმა სამმა ოპოზიციურმა პარტიამ ცესკოს საპარლამენტო სიების ჩახსნის მოთხოვნით მიმართა. ცესკოში შესაბამისი განაცხადი 25 ნოემბერს შეიტანა „კოალიციამ ცვლილებისთვის“, ხოლო 26 ნოემბერს - "ძლიერმა საქართველომ" და „ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ".
რაც შეეხება „გახარია საქართველოსთვის“, პარტიაში ამბობენ, რომ რა ფორმით და როდის ჩახსნიან სიებს, ეს მხოლოდ მათი პოლიტიკური გუნდის გადასაწყვეტია.
„გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბექა ლილუაშვილმა "ტელეკომპანია პირველთან" აღნიშნა, რომ პარლამენტს მათი პარტიისგან ლეგიტიმაცია არ ექნება.
"ჩვენ პირველი პოლიტიკური ძალა ვიყავით, რომელმაც თქვა, რომ ჩვენი ლეგიტიმაცია პარლამენტს არ ექნება. გუშინ იყო პირველი სხდომა. ისინი გამოიკეტნენ ცალკე ოთახში, ჩვენ ვიდექით ჩვენს ამომრჩევლებთან ერთად ქუჩაში. ეს ასე იქნება ხვალაც, ზეგაც...
ჩვენ არც ერთი მხრიდან, არც „ნაციონალური მოძრაობის”, მით უმეტეს, არც „ქართული ოცნების“ მხრიდან ბულინგს და ზეწოლას არ ვექვემდებარებით. ამ ტაქტიკას ჩვენ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღმა როდის და რა ფორმით ჩავხსნით, როგორ მოვიქცევით სიების ჩახსნის ნაწილში, მანდატების ნაწილში, ეს ჩვენი პოლიტიკური სტრატეგიის და ტაქტიკის ნაწილია. ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენი ლეგიტიმაცია არალეგიტიმურ პარლამენტს არ ექნება. ეს იმას ნიშნავს, რომ არ ექნება. ანუ როგორც გუშინ არ ვიყავით, დღეს არ ვართ, მომავალშიც ასე გაგრძელდება", - ამბობს ბექა ლილუაშვილი.