მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირაკლი კობახიძე დეველოპერული კომპანია DAMAC-ის დამფუძნებელს, მილიარდერ ჰუსეინ საჯვანის შეხვდა

ჰუსეინ საჯვანი

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი უძრავი ქონების ერთ-ერთი უმსხვილესი დეველოპერული კომპანია DAMAC-ის დამფუძნებელს ჰუსეინ საჯვანის შეხვდნენ.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებლებს და არაბთა გაერთიანებული საამიროების მსხვილი საინვესტიციო კომპანიების წარმატებულ საქმიანობას საქართველოში. ხაზგასმით აღინიშნა ქვეყანაში არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემო და საინვესტიციო შესაძლებლობები, მათ შორის სტუმარმასპინძლობისა და უძრავი ქონების სექტორში ინვესტირების მიმართულებით არსებული პოტენციალი და ტურიზმის სექტორის ზრდის დინამიკა. გამოითქვა ორმხრივი ინტერესი სამომავლო თანამშრომლობის კუთხით.

DAMAC-ი არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთ-ერთი მსხვილი დეველოპერია, რომლის აქტივების ღირებულებაც კომპანიის 2023 წლის ფინანსური ანგარიშის თანახმად, 9 მილიარდ დოლარს აღწევს. 2023 წელს კომპანიის შემოსავალი 2.4 მილიარდი დოლარი, მოგება კი 1.1 მილიარდი დოლარი იყო. DAMAC-ის დამფუძნებელია ბიზნესმენი ჰუსეინ საჯვანი, მისი ქონება Forbes-ის მიერ 10.2 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. კომპანია სხვადასხვა პროექტს უძრავი ქონებისა და სტუმარმასპინძლობის სფეროში 15 ქვეყანაში ავითარებს.

ამასთან, მნიშვნელოვანია გარემოება, რომ 12 დეკემბერს ირაკლი კობახიძე და იუსტიციის მინისტრი პაატა სალია შეხვდნენ DAMAC-ის შვილობილი კომპანია PRYPCO-ს დირექტორს ამირა საჯვანის შეხვედრის შემდეგ კი იუსტიციის სამინისტროსა და PRYPCO-ს შორის საქართველოში უძრავი ქონების ტოკენიზაციის საპილოტე პროექტზე გაფორმდა მემორანდუმი. თავად ამირა საჯვანი ჰუსეინ საჯვანის შვილია.

აღნიშნული მემორანდუმის შესახებ უფრო ვრცლად წაიკითხეთ სტატიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები