მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი კობახიძე ევროპასა და აშშ-ში საქართველოს ელჩებს შეხვდა - რა განიხილეს

კობახიძე
20.06.24 21:40
230

საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები განიხილა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩებთან შეხვედრაზე, რომელიც დღეს ბერლინში გაიმართა.

პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ქართველი დიპლომატების საქმიანობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ინტერესების დაცვისთვის და მათ გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

გვქონდა საინტერესო დისკუსიას ელჩებთან ერთად და ბუნებრივია, ვიმსჯელეთ ყველა იმ სამომავლო ნაბიჯზე, რომელიც უნდა გადაიდგას იმისათვის, რომ გაძლიერდეს ჩვენი ქვეყნის პოზიციები საერთაშორისო ასპარეზზე, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, ბერლინში, ჟურნალისტებთან.

პრემიერის შეფასებით, ამბასადორიალი ელჩებთან შეხვედრის მნიშვნელოვანი ფორმატია, რამდენადაც ის ქვეყნისთვის აქტუალურ საკითხებზე, საგარეო პოლიტიკური დღის წესრიგის პრიორიტეტებზე, არსებულ გამოწვევებთან გამკლავების გზებსა და სამომავლო გეგმებზე დეტალური მსჯელობისთვის კარგ შესაძლებლობას იძლევა.

„ჩვენი პრიორიტეტები ზოგადად არის ყველასთვის ცნობილი. ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია ევროკავშირში გაწევრიანება, ამ მიმართულებით მუდმივი პროგრესის მიღწევა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე არის გარკვეული სირთულეები, ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ თანმიმდევრულად ვივლით წინ და 2030 წლისთვის საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენი ძირითადი ხაზი არის აბსოლუტურად ნათელი და ცხადი, თუმცა არის ბევრი ნიუანსი, რასთან დაკავშირებითაც გვჭირდებოდა დღეს მოსაზრებების გაცვლა“, - განაცხადა პრემიერმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროპულ დედაქალაქში საქართველოს ელჩების შეკრება უკვე ტრადიციად იქცა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც დიპლომატების კოორდინაციისთვის, ისე ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების კუთხით.

შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. ელჩებმა პრემიერ-მინისტრისგან კონკრეტული მითითებები მიიღეს.

ამბასადორიალში ევროპის ქვეყნებში საქართველოს ელჩების გარდა, ევროკავშირსა და ნატოში, ასევე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლები და ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მონაწილეობდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები