"ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მონაწილეობას ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტში წელსაც მიიღებს, რომელიც 2 ოქტომბერს დანიის სამეფოს დედაქალაქ კოპენჰაგენში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ის მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში, რომლის მთავარი თემაა „ეკონომიკური უსაფრთხოება - ევროპული დამოკიდებულებების შემცირება“.
"EPC-ის რიგით მე-7 კონფერენციის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის ევროპული სახელმწიფოების ლიდერები და საერთაშორისო ინსტიტუტების ხელმძღვანელები პოლიტიკური დიალოგისა და თანამშრომლობის ხელშეწყობის გზით ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერებაზე იმსჯელებენ. სამიტი პლენარული სესიით გაიხსნება. ასევე, დაგეგმილია თემატური დისკუსიები მრგვალი მაგიდის ფორმატში. ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში, რომლის მთავარი თემაა „ეკონომიკური უსაფრთხოება - ევროპული დამოკიდებულებების შემცირება“.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ლევან ჟორჟოლიანის თქმით, სამიტზე კობახიძე სიტყვით გამოვა მრგვალი მაგიდის ფორმატში და ისაუბრებს ეკონომიკურ გამოწვევებზე, რომლებიც დღეს ევროპაშია და იმ დამოკიდებულებებზე, რომლებიც ევროპის ეკონომიკას აქვს.
„ასევე საუბარი იქნება საქართველოს ეკონომიკაზე, რომელსაც რეგიონში ყველაზე დიდი ზრდა აქვს უკვე ბოლო 2 წელია. ასევე იქნება შეხვედრების შესაძლებლობა ლიდერებთან. EPC-ის სამიტი იძლევა ამის საშუალებას, რომ მაქსიმალურად არაფორმალურ გარემოში მოხდეს ლიდერებს შორის ურთიერთობა, კონტაქტი და გარკვეული საკითხების განხილვა. პრემიერ-მინისტრი შეუერთდება საფრანგეთის ინიციატივას ანტინარკოტიკული კოალიციის შექმნასთან დაკავშირებით. ნარკოტიკების წინააღმდეგ და ნარკორეალიზატორებთან ბრძოლა არის ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრიორიტეტი და ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად მუშაობს. სულ რამდენიმე დღის უკანაც და ასევე ბოლო 3 თვის განმავლობაში ძალიან დიდი რაოდენობა ნარკოტიკები იქნა ამოღებული საქართველოს ტერიტორიაზე და ასევე, რამდენიმე ათეული მსხვილი ნარკორეალიზატორი იქნა დაკავებული. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლებას დაუნდობელი ბრძოლა აქვს გამოცხადებული ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ. პრემიერ-მინისტრი ამ ევროპულ ინიციატივას აუცილებლად შეუერთდება, რაც უკვე დადასტურებული გვაქვს სამიტის ორგანიზატორებისთვის“, - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.
ცნობისთვის, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი წელს მეშვიდედ იმართება. მას 47 სახელმწიფოს ლიდერი დაესწრება, კერძოდ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელმძღვანელები და კიდევ 20 ქვეყნის ლიდერი, მათ შორის სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის, მოლდოვის პირველი პირებიც. შარშანდელი სამიტი უნგრეთში ჩატარდა.




























