მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირაკლი კობახიძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა - რა განიხილეს?

სავალუტო ფონდის მისია

"ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიის ხელმძღვანელს ალეხანდრო ჰაიდენბერგს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოს მთავრობასა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას და IMF-ის მხარდაჭერას, მათ შორის ფისკალური და სტრუქტურული რეფორმების მიმართულებით.

"საუბარი შეეხო საქართველოს ეკონომიკური ზრდის დინამიკას. აღინიშნა, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში ქვეყნის საშუალო წლიური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 9.3%-ია და ეს ტენდენცია მიმდინარე წელსაც გრძელდება.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა ორიენტირებულია მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებაზე, სტრუქტურული რეფორმების გაგრძელებასა და სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე, რომელთა შორისაა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი.

ყურადღება გამახვილდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების კომპლექსურ რეფორმაზე, რომლის შედეგადაც დაზოგილი ათობით მილიონი ლარი სექტორის განვითარებაში იქნება ინვესტირებული.

შეხვედრას საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ენდრიუ ჯუელი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ",- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, საქართველოში ალეხანდრო ჰაიდენბერგის ხელმძღვანელობით სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტი გასულ კვირაში დაიწყო. შეხვედრები უკვე გაიმართა ეროვნული ბანკის პრეზიდენტ ნათია თურნავასთან, ასევე ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან და ეკონომიკის მინისტრ მარიამ ქვრივიშვილთან. სავალუტო ფონდი ჯერჯერობით მისიის მიმდინარეობის შესახებ კომენტარს არ აკეთებს, თუმცა როგორც ცნობილია 7 აპრილს მისიის შემაჯამებელი პრესკონფერენცია არის დაგეგმილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები